:: English ::


საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გენერალური მდივნის მიმართვა

წითელი ჯვარი დაიბადა სოლფერინოში და მისი ძირითადი მიზანი იყო ბრძოლაში დაჭრილი ხალხის დახმარება. წითელი ჯვარი არის იდეა განხორციელებული ორგანიზაციის ფორმით; ეს არის დაჭრილების ნებაყოფლობით დახმარების იდეა, რომელიც შემდგომში გავრცელდა გაჭირვებაში ჩავარდნილ ყველა ადამიანზე მიუხედავად რასის, რელიგიის, სოციალური კლასის და პოლიტიკური შეხედულებებისა. წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის ფუძემდებლური პრინციპები - ჰუმანურობა, მიუკერძოებლობა, ნეიტრალურობა, დამოუკიდებლობა, ნებაყოფლობითობა, ერთადერთობა, უნივერსალურობა - გახდა საყოველთაო ღირებულება, რომელიც ხელს უწყობს მშვიდობას და მეგობრობას მსოფლიოში. ჩვენ, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება, ვამაყობთ ასეთი მოძრაობის წევრობით.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჰუმანიტარულ სფეროში ყველა დონეზე ქვეყნის მაშტაბით. ის მხოლოდ მონაწილე არ არის. ჩვენი მუშაობის გზების და მომსახურების მუდმივი გაუმჯობესებით ჩვენი წილი შეგვაქვს სხვებთან - მთავრობასთან, გაეროსთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, კერძო სექტორთან - ერთად დავიცვათ ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და პატივი ვცეთ ადამიანის ღირსებას. სახელმწიფოსადმი დამხმარე როლის გათვალისწინებით ჰუმანიტარულ სფეროში ძლიერი და განვითარებული წითელი ჯვრის არსებობა მისაღები უნდა იყოს როგორც ქვეყნის საზოგადოებისათვის ასევე სახელმწიფოსთვის. საქართველოს წითელი ჯვარი კი ვერ გახდება ძლიერი და განვითარებული ორგანიზაცია მთლიანად საზოგადოებისა და სახელმწიფოს ხელშეწყობის გარეშე. ჩვენ, ყველა დაინტერესებულმა მხარემ უნდა დავსვათ დავუპასუხოთ შემდეგ კითხვას: რა გავაკეთეთ ჩვენ იმისათვის რომ წითელი ჯვარი გამხდარიყო ძლიერი და უკეთესი? მხოლოდ ამის შემდეგ ექნება წითელ ჯვარს შესაძლებლობა გახდეს უფრო ეფექტური და მოემსახუროს გაჭირვებაში ჩავარდნილ ხალხს საქართველოში.

წინამდებარე ვებ-გვერდი არის ცოდნის გავრცელების ერთგვარი იარაღი წითელი ჯვრის საქმიანობების და წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის ღირებულებების შესახებ. ვებ-გვერდი არის საშუალება ვიყოთ მეტად გამჭვირვალე და ანგარიშგებიანი ჩვენი წევრების, მოხალისეების, დახმარების მიმღებთა, საქართველოს საზოგადოების, მთავრობის, დონორების და პარტნიორების მიმართ.
მე იმედი მაქვს რომ ვებ-გვერდი იქნება საინტერესო და სასარგებლო ყველა დაინტერესებული მხარისათვის და მომავალში ჩვენ ვიზრუნებთ გავხადოთ იგი უფრო ინფორმატიული და სასარგებლო.

გენერალური მდივანი