| საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტის მიმართვა
თითქმის საუკუნეა, რაც საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ერთგულად ემსახურება ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ გასაჭირში მყოფ ადამიანებს. საქართველოში მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში განვითარებული მოვლენებისას კიდევ ერთხელ ნათლად გამოიკვეთა, რომ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას, როგორც წითელი ჯვრის/წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის ერთ-ერთ კომპონენტსა და საქართველოს მთავრობის დამხმარე ორგანიზაციას ჰუმანიტარულ სფეროში უდიდესი როლი აკისრია ქვეყნისა და სოციალურად დაუცველი მოსახლეობის წინაშე. ჩვენი ქვეყნისათვის ძნელბედობის ჟამს მნიშვნელოვანი საქმიანობა გასწიეს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების თანამშრომლებმა და მოხალისეებმა, რომელთა მობილიზებაც მოხდა საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე. მათი აქტიურობითა და დაუღალავი შრომით დღესაც ხორციელდება არაერთი საქველმოქმედო ღონისძიება.
ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში უშუალო შეხება მქონია ქვეყანაში მომხდარი კატასტროფებისას დაზარალებულ ადამიანებთან: იძულებით გადაადგილებული ოჯახები, შეშინებული ბავშვები, გადამწვარი და დანგრეული სახლები, გაჩანაგებული მეურნეობები და კიდევ ვინ მოთვლის რამდენი რამ..., მაგრამ მიუხედავად ასეთი სირთულეებისა მათ არ დაუკარგავთ რწმენა და იმედი.
ქართველი ხალხის ბუნებიდან გამომდინარე, სოციალური სიღატაკე და დამძიმებული მდგომარეობა ჩვენს მოსახლეობას კი არ აძაბუნებს, პირიქით, მათ სულიერ სიმხნევესა და გამჭრიახობას უფრო საჩინოს ხდის. მდიდარი ადამიანის სულიერი სიღატაკე დაუძლეველია, თუ მას სულში ქველმოქმედება არ უზის, მისი სულიერი ახოვანება ვერც კი შეედრება სიღატაკეში მყოფი ადამიანების მდგომარეობას.
არანაირ ჰუმანიტარულ დახმარებას ძალუძს გამოიღოს იგივე შედეგები, რომელსაც ადამიანთა მხრიდან თანადგომა და მათი გაჭირვების გათავისება აღწევს. სიკეთე და გულღიაობა არის ის უმთავრესი ინსტრუმენტი, რომელსაც საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ყოველი ფეხის ნაბიჯზე ნერგავს.
მთელი ჩვენი საქმიანობის მიზანი ის კი არ არის, რამდენს ვაკეთებთ არამედ ის თუ რამდენ სიყვარულს ვდებთ ამ საქმეში.
პატიოსნება, სხვისი აზრის პატივისცემა, სამართლიანობა, პირადი პასუხისმგებლობა, დიპლომატია და ტაქტი ეს არის ის ძირითადი კრიტერიუმები რომლითაც საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ხელმძღვანელობს.
ჩვენ ყველას ვუქმნით სასიამოვნო სამუშაო პირობებს ვისაც კი ჩვენთან თანამშრომლობა სურს და მათ აზრს ვითვალისწინებთ. მე მომავლის იმედი მაქვს და მჯერა, რომ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ღირსეულად შეასრულებს თავის მისიას
მადლობას გიხდით მხარდაჭერისა და გულისხმიერებისათვის, ფასდაუდებელია თქვენი თანადგომა. შემოგვიერთდით, რათა ერთობლივად შევუმსუბუქოთ ცხოვრება გასაჭირში მყოფ ადამიანებს.
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი:
ნანა ყეინიშვილი
|