:: English ::


საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების
საფინანსო კომისიის საპროცედურო წესები


მუხლი 1. საფინანსო კომისიის ფუნქციები

1.1. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების საფინანსო კომისია წარმოადგენს გენერალური ასამბლეის საკონსულტაციო ორგანოს, რომლის უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წესდებითა და ამ საპროცედურო წესებით.

1.2. საფინანსო კომისია იძლევა კონსულტაციებს ეროვნული საზოგადოების ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით.

1.3. წარმოადგენს დასკვნას გენერალური მდივნის მიერ მომზადებულ გასული სამეურნეო წლის საფინანსო ანგარიშსა და მომავალი სამეურნეო წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით.

1.4. ეხმარება გენერალურ ასამბლეას და მის პრეზიდიუმს, ასევე ეროვნული საზოგადოების პრეზიდენტს გენერალური ასამბლეის მიერ განსაზღვრული ფინანსების მართვის კურსის განხორციელებაში;

1.5. იძლევა რჩევებს და დასკვნებს ფინანსების მართვისა და ინვესტიციების შესახებ.

1.6. ადგენს ეროვნული საზოგადოების საწევრო გადასახადის განსაზღვრის ფორმულას;

1.7. აძლევს რეკომენდაციას და ეხმარება ეროვნული საზოგადოების გენერალურ მდივანს საზოგადოების ფინანსების მოზიდვის პროგრამასთან დაკავშირებულ საკითხებში;

1.8. წარუდგენს გენერალურ ასამბლეას და მის პრეზიდიუმს ანგარიშს შესრულებული სამუშაოს შესახებ.

1.9. განიხილავს გარე აუდიტის შედეგებს.


მუხლი 2. საფინანსო კომისიის შემადგენლობა

2.1. საფინანსო კომისიას ირჩევს გენერალური ასამბლეა ოთხი წლის ვადით, 4 (ოთხი) წევრის შემადგენლობით. საფინანსო კომისიის წევრები შეიძლება არჩეულ იქნან ზედიზედ მხოლოდ ორი ვადით;

2.2. საფინანსო კომისიის შემადგენლობაში წარმოდგენილი არიან:

  • საფინანსო კომისიის თავმჯდომარე, რომელიც წარმოადგენს იმავდროულად გენერალური ასამბლეის პრეზიდიუმის ერთ-ერთ წევრს;
  • გენერალური ასამბლეის მიერ არჩეული სამი წევრი. 

2.3. საფინანსო კომისიის წევრები ანგარიშვალდებული არიან გენერალური ასამბლეის წინაშე.

2.4. საფინანსო კომისიის წევრის უფლებამოსილება იწყება მისი არჩევიდან და წყდება ეროვნული საზოგადოების საარჩევნო-საანგარიშო წლის დასასრულს ახალი წევრების არჩევის მომენტიდან ან წევრობის უფლებამოსილების შეწყვეტისთანავე;

2.5. საფინანსო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტა ხდება:

ა) პირადი განცხადების საფუძველზე,
ბ) ისეთი თანამდებობის დაკავებისას, რომელიც იწვევს თანამდეობრივ შეუთავსებლობას საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წესდების 26-ე მუხლის შესაბამისად
გ) მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში,
დ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შემთხვევაში,
ე) სასამართლოს მიერ წევრის ქმედუუნაროდ აღიარების შემთხვევაში.

2.6. კომისიის წევრი ვალდებულია საპატიო მიზეზით სხდომაზე გამოუცხადებლობის თაობაზე წინასწარ აცნობოს საფინანსო კომისიის თავმჯდომარეს;

2.7. საფინანსო კომისიის წევრმა შეიძლება მიიღოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია ეროვნული საზოგადოების საქმიანობის შესახებ, ამისათვის მან წერილობითი ფორმით უნდა მიმართოს ეროვნული საზოგადოების გენერალურ მდივანს, რომელიც, თავის მხრივ, ვალდებულია ერთი თვის ვადაში კომისიის წევრი უზრუნველყოს მისთვის საჭირო ინფორმაციით (წერილობითი ფორმით);

მუხლი 3. საფინანსო კომისიის სხდომის რეგლამენტი

3.1. საფინანსო კომისიის სხდომა ტარდება საფინანსო წლის განმავლობაში ორჯერ, გენერალური ასამბლეის პრეზიდიუმის რიგითი მოწვევის სხდომამდე სამი კვირით ადრე. საფინანსო კომისიის ჩატარების დროსა და ადგილს ადგენს კომისიის თავმჯდომარე.

3.2. კომისიის წევრებს ეგზავნებათ შეტყობინება სხდომის ჩატარების თარიღის,
დროისა და ადგილის შესახებ.

3.3. საფინანსო კომისიის სხდომას თავმჯდომარეობს საფინანსო კომისიის თავმჯდომარე, რომელიც უზრუნველყოფს მოცემული საპროცედურო წესების დაცვას; კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში სხდომას თავმჯდომარეობს საფინანსო კომისიის სხვა წევრი კომისიის გადაწყვეტილებით.

3.4. საფინანსო კომისიის სხდომის მდივანი (საფინანსო კომისიის წევრი), კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით ამზადებს სხდომის დღის წესრიგის პროექტს, კომისიის სამუშაო გეგმისა და კომისიის წევრების მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე სხდომის გამართვამდე ორი კვირით ადრე; დღის წესრიგის პროექტი განიხილება და მტკიცდება კომისიის წევრთა მიერ.

3.5. დამტკიცებული დღის წესრიგი კომისიის წევრებს ურიგდებათ წინასწარ (ხუთი დღით ადრე) სხდომაზე განსახილველი მასალებთან ერთად.

3.6. საფინანსო კომისია განიხილავს ეროვნული საზოგადოების წესდებითა და ამ საპროცედურო წესების 1-ლი მუხლით მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებს;

3.7. საფინანსო კომისიის სამუშაო გეგმისა და სხდომაზე განსახილველ საკითხთა მომზადების კონტროლს ახორციელებს კომისიის სხდომის მდივანი, რომელსაც, საჭიროების შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარესთან და წევრებთან შეთანხმებით, შეაქვს გარკვეული ცვლილებები კომისიის სამუშაო გეგმაში;

3.8. საფინანსო კომისიის სხდომის არშედგომის შემთხვევაში განმეორებითი სხდომა უნდა ჩატარდეს არაუგვიანეს 2 (ორი) კვირისა;

3.9. საფინანსო კომისიის სხდომაზე საკითხების განხილვის პროცესზე კონტროლს ახორციელებს სხდომის თავმჯდომარე დღის წესრიგის შესაბამისად.


მუხლი 4. ხმის უფლება

4.1. საფინანსო კომისიის ყველა წევრს აქვს ერთი ხმის უფლება;

4.2. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის ხმას ენიჭება გადამწყვეტი უფლება.


მუხლი 5. საფინანსო კომისიის მიერ გადაწყვეტილებების მიღება

5.1. საფინანსო კომისია გადაწყვეტილებებს იღებს ღია კენჭისყრით, ხმების უბრალო უმრავლესობით;

5.2. ზოგადი წესის მიხედვით ხმის მიცემა ხდება ხელის ან მანდატის აწევით;

5.3. ყოველი კენჭისყრის დროს კომისიის წევრი თავის ნებას გამოხატავს სამი ფორმით: წინააღმდეგი, მომხრე და თავი შეიკავა;

5.4. ხმის დათვლა ხორციელდება სხდომის თავმჯდომარის მიერ;

5.5. ხმის მიცემის პროცედურის დაწყებისას კომისიის წევრებმა არ უნდა შეწყვიტონ პროცესი გარდა იმ შემთხვევისა, როცა საკითხი ეხება კენჭისყრის ჩატარებასთან დაკავშირებულ კამათს;

5.6. თუ ერთი და იგივე საკითხთან დაკავშირებით შემოსულია ორი ან რამდენიმე წინადადება, საფინანსო კომისია, თუ სხდომის თავმჯდომარე არ მიიღებს სხვა გადაწყვეტილებას, კენჭისყრაზე დააყენებს წინადადებებს წარმოდგენილი თანმიმდევრობით. კომისიამ შესაძლოა ყოველი კენჭისყრის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება დააყენოს თუ არა კენჭისყრაზე შემდეგი წინადადება;

5.7. წინადადებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი ცვლილებების შემთხვევაში კენჭისყრაზე დგება შემოთავაზებული ცვლილებები არსებული თანმიმდევრობით, შემდეგ ხდება წინადადებაში ცვლილებების შეტანა და ბოლოს კენჭისყრაზე დგება წინადადება ცვლილებების გათვალისწინებით.

5.8. საფინანსო კომისიის სხდომაზე საკითხის გადაწყვეტისას მიღებულ შედეგებს აცხადებს სხდომის თავმჯდომარე;

მუხლი 6. საფინანსო კომისიის სხდომის ჩანაწერები

6.1. საფინანსო კომისიის სხდომის მდივანი ადგენს კომისიის სხდომის ოქმს, რომელშიც აღინიშნება სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, კომისიის დამსწრე წევრების სახელი და გვარი, სხდომაზე განხილული საკითხები, კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებები;

6.2. საფინანსო კომისიის სხდომის ოქმს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები;

6.3. საფინანსო კომისიის თავმჯდომარე ამზადებს ანგარიშს კომისიის მუშაობის შესახებ და წარუდგენს გენერალური ასამბლეის პრეზიდიუმს, ხოლო შემდგომში გენერალურ ასამბლეას განსახილველად.