:: English ::

2009 წლისათვის წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის ერთობლივი ძალისხმევით შემუშავდა ახალი მედია კამპანია სახელწოდებით "ჩვენი სამყარო, შენი ნაბიჯი". კამპანია ყურადღებას ამახვილებს დღევანდელ მსოფლიოში არსებულ ძირითად გამოწვევებზე, როგორიცაა ომების შედეგად გამოწვეული ადამიანური მსხვერპლი, კლიმატური ცვლილებები, სხვადასხვა დაავადებები, საკვების დეფიციტი და მივიწყებული კრიზისები. ასევე, კამპანიის მიზანია აჩვენოს რიგითი მოქალაქეების წვლილი სხვათა მდგომარეობის შესამსუბუქებლად.

2009 წლის კამპანია "ჩვენი სამყარო, შენი ნაბიჯი"-ის ვებ-გვერდის http://www.ourworld-yourmove.org გაშვება მოხდა 8 აპრილს და მის განხორციელებაში ჩაერთო წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობა. საქართველოში აღნიშნული კამპანიისა და ვებ-გვერდის პოპულარიზაციას ახორციელებს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება, რომლის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია ვებ-გვერდზე http://www.ourworld-yourmove.org

კამპანია "ჩვენი სამყარო - შენი ნაბიჯი" უნიკალურია იმ მხრივ, რომ ყოველ მოქალაქეს შეუძლია გადადგას ნაბიჯი მსოფლიოს შესაცვლელად. 2009 წლის კამპანიის ვებ-გვერდის მეშვეობით თქვენ საშუალება გეძლევათ გაწევრიანდეთ კამპანიასთან დაკავშირებულ ჯგუფებში, შეატყობინოთ მეგობრებს წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის შესახებ, იხილოთ სხვადასხვა ვიდეო თუ ფოტო მასალა, იპოვოთ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების საკონტაქტო ინფორმაცია და გამოუგზავნოთ ისტორიები, სურათები და ვიდეო მასალა გასაჭირში მყოფ ადამიანებთან დაკავშირებით.