:: English ::


მარტოხელა ხანდაზმულთა ახალი სოციალური ცენტრის პრეზენტაცია ქუთაისში

2009 წლის 4 მაისს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ქუთაისის ადგილობრივმა ორგანიზაციამ წითელი ჯვრის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გრანდიოზული ღონისძიება მოაწყო. მარტოხელა ხანდაზმულები ამ დღეს მოუთმენლად ელოდნენ, რადგან ქუთაისში ახალი ხანდაზმულთა ცენტრის პრეზენტაცია უნდა გამართულიყო. 12 საათზე ახლად გარემონტებულ ხანდაზმულთა კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე უამრავმა ხანდაზმულმა მოიყარა თავი. საქართველოს წითელი ჯვრის პრეზიდენტმა ქალბატონმა ნანა ყეინიშვილმა და ქუთაისის მერმა ბატონმა ნუგზარ შამუგიამ საზეიმო ვითარებაში გახსნეს ახალი ცენტრი. შესრულდა ხალხური სიმღერები ხანდაზმულთა ცენტრთან არსებულ მომღერალთა ჯგუფის მიერ.  პრეზენტაციას ესწრებოდა საქართველოს წითელი ჯვრის, ასევე, წითელი ჯვრის საერთაშორისო ფედერაციის, ესტონეთის საელჩოს და ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

დღის მეორე ნახევარში ღონისძიება გაგრძელდა ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერის თეატრში. მოეწყო პრემიერა სპექტაკლისა “ღია შუშაბანდი”, რომელშიც ხანდაზმულთა კლუბის წევრებთან ერთად ახალგაზრდა მსახიობები მონაწილეობენ. სპექტაკლის ბილეთებიდან შემოსული თანხა ხანდაზმულთა ცენტრის საქმიანობებს მოხმარდება. ასევე გაიმართა ხანდაზმულთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, რაც წარმოადგენს პროექტის ერთგვარ თვით დაფინანსების წყაროს.

სპექტაკლის შემდეგ ქალბატონმა ნანა ყეინიშვილმა და წითელი ჯვრის ადგილობრივი ორგანიზაციის აღმასრულებელმა მდივანმა ქალბატონმა ნინო ავალიანმა სიგელები გადასცეს პროექტის მხარდამჭერ ადამიანებს და მოხალისეებს, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დევნილთა დახმარებაში. აღსანიშნავია, რომ ქუთაისის რეალობაში ეს ერთ-ერთ საუკეთესო ღონისძიებად შეიძლება ჩაითვალოს.