:: English ::


საქველმოქმედო აქცია მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში

2009 წლის 6 მაისს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ მოაწყო საქველმოქმედო აქცია მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში. აქცია ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისათვის ჩატარდა და მასში სულ 23 ბავშვი მონაწილეობდა.
სწჯს-ის მოხალისეები “წითელი ჯვრის ჯამბაზების” პროექტის ფარგლებში ესტუმრნენ ავადმყოფ ბავშვებს და მოაწყეს გასართობი ღონისძიება, რომელშიც თვით ბავშვებიც სიამოვნებით ჩაერთნენ. მოხალისეებმა ავადმყოფი ბავშვებისათვის დადგეს მცირე კოსტიუმირებული წარმოდგენა, ხოლო შემდეგაც მოინახულეს პალატებში მყოფი პატარები, რომლებიც ვერ დაესწრნენ ამ წარმოდგენას. თითოეულ ბავშვს საშუალება მიეცა მოხალისეებთან ერთად დაეხატა და ესაუბრა თავის სურვილებსა თუ ოცნებებზე. 

Pპატარა გიორგი ძაძამიას გაეხარდა მოხალისეების თავის პალატაში დანახვა, როდესაც მას სთხოვეს რომ სამახსოვროდ რაიმე დაეხათა გიორგიმ ეკლესიის დახატვა დაიწყო და მიმართა მოხალისეებს: “მე მინდა კარგი მხატვარი გამოვიდე და თან ეკლესიაში უკვე სტიქაროსანი ვარ, ძალიან მიყვარს როდესაც ვეხმარები მამაოებს ღვთისმსახურების აღსრულებაში”. პატარები ძალზედ გაამხიარულა სწჯს-ის საქველმოქმედო ღონისძიებამ; მათ წითელი ჯვრის მოხალისეებთან დამეგობრებაც კი მოასწრეს.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება დიდ მადლობას უხდის ფირმა “ბენეტონს” და კომპანია “ტავ ჯორჯიას”, რომელთა სპონსორობითაც შედგა აღნიშნული საქველმოქმედო ღონისძიება. თითოეულ ბავშვს საჩუქრად გადაეცა “ბენეტონის” ფირმის მაისური, ასევე სათამაშოები და სხვა საჩუქრები.
ღონისძიების დასასრულს ბავშვებმა სურათები გადაიღეს სწჯს-ის მოხალისეებთან და სთხოვეს კვლავ მისულიყვნენ მათთან საავადმყოფოში და კიდევ გაემართათ სასაცილო წარმოდგენა.