:: English ::


წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი "წითელი ჯვრის კვირეული" 2-8 მაისი

8 მაისი წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო დღეა. ამ დღეს მთელს მსოფლიოში აღნიშნავენ და კიდევ ერთხელ ახსენებენ საზოგადოებას წითელი ჯვრის ისტორიას, როლს, მნიშვნელობას და ფუძემდებლურ პრინციპებს.

 სწჯ-ის მიერ დაგეგმილი ღონისძიებები  8 მაისისადმი მიძღვნილი კვირეულის (2-8 მაისი) განმავლობაში განხორციელდება და წარიმართება ლოზუნგით:

“ჩვენი მსოფლიო – შენი ნაბიჯი”
წითელი ჯვრის შემოწირულობათა ყუთის პრეზენტაცია მარჯანიშვილის თეატრში

2 მაისს მარჯანიშვილის თეატრში საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ საზეიმოდ გახსნა წითელი ჯვრის შემოწირულობათა ყუთი; ამ ყუთში შეგროვილი შემოწირულობა ჩაირიცხება სწჯს-ის საქველმოქმედო ფონდში, რაც საშუალებას მოგვცემს განვახორციელოთ საქველმოქმედო პროექტები და დავეხმაროთ გასაჭირში მყოფ ადამიანებს.

სწჯს-ის პრეზიდენტმა ნანა ყეინიშვილმა მადლობა მოახსენა მარჯანიშვილის თეატრის ადმინისტრაციას თანადგომისათვის. თავის მხრივ,  მარჯანიშვილის თეატრის დირექტორმა ქალბატონმაEეკატერინე მაზმიშვილმა მადლიერება გამოთქვა წითელი ჯვრის მიმართ, ვინაიდან საშუალება მიეცათ თავიანთი წვლილი შეიტანონ იმ კეთილშობილურ საქმეში, რასაც მოყვასის დახმარება ჰქვია. წითელი ჯვარი მადლობას უხდის კომპანია “სიქორის” წარმომადგენელს ბ-ნ ჯონ ბოლინგერს, რომლის პირადი შემოწირულობით შესაძლებელი გახდა შემოწირულობის ყუთების დამზადება; აღნიშნული ყუთების სხვადასხვა ობიექტზე განთავსება კვირეულის განმავლობაში იგეგმება.