საქველმოქმედო აქცია იაშვილის კლინიკაში

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ყოველწლიურად აწყობს საქველმოქმედო აქციებს ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად.
მორიგი აქცია სწჯს-მ ა.წ. 15 თებერვალს ჩაატარა. აღნიშნულ საქველმოქმედო აქციას წინ უძღოდა ფონდების მოძიების სამი აქცია, რომელიც 2011წ. 22 თებერვლიდან 5 ნოემბრამდე მიმდინარეობდა და წითელი ჯვრის მოხალისეები შემოწირულობას თბილისის მასშტაბით აგროვებდნენ. შედეგად მოხალისეებმა სულ 1000 ლარი შეაგროვეს.
აღნიშნული შემოწირულობით შეძენილ იქნა ის ინვენტარი, რომელიც იაშვილის სახ. კლინიკის ლეიკემიით დაავადებული ბავშვების განყოფილების ლაბორატორიას ყველაზე მეტად ესაჭიროებოდა.
ა.წ. 15 თებერვალს, მსოფლიო ბავშთა ლეიკემიის საერთაშორისო დღეს, იაშვილის კლინიკაში გაიმართა ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დახმარების საკოორდინაციო ჯგუფის პრეზენტაცია, რომელსაც ესწრებოდნენ სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის, მათ შორის საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლებიც. ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს "ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის უკეთესი პირობების შექმნის და მათი საზოგადოებასთან ინტეგრირების შესახებ". საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ამ მემორანდუმის მხარდამჭერთა ჯგუფში გაერთიანდა
ღონისძიების დასასრულს სწჯს-ს თბილისის ფილიალის თავჯდომარემ ნათია ლოლაძემ წითელი ჯვრის მოხალისეთა ჯგუფთან ერთად იაშვილის კლინიკას საჩუქრად გადასცა 1000 ლარის ღირებულების ინვენტარი (სტერილური პიპეტი, ტაიმერი, სინჯარა, შტატივი და სხვ.)
სწჯს მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი საქველმოქმედო აქციების განხორციელებას.
|