საახალწლო აქცია ხელვაჩაურის ხანდაზმულთა სოციალურ ცენტრში

2011 წლის 28 დეკემბერს ხელვაჩაურის სოციალურ ცენტრში გაიმართა საახალწლო აქცია ხანდაზმულთათვის, სადაც შეიკრიბნენ ცენტრის ბენეფიციარები ხელვაჩაურის წ\ჯ ფილიალის თანამშრომლები და მოხალისეები, სასტუმრო ''შერატონის” ბათუმის ჯგუფის წარმომადგენლები, ასევე ბათუმის წმინდა ეკატერინეს სათნოების სახლის ხელმძღვანელი მამა შიო. მამა შიომ დამსწრე საზოგადობა დალოცა და დამდეგი შობა -ახალი წელი მიულოცა.მილოცვის შემდეგ სტუმრების წინაშე სიმღერით წარსდგნენ ანსამბლები “სათნოება” და “ართძალი” (სათნოების სახლთან არსებული ხალხური სიმღერის ანსამბლი და ხელვაჩაურის კულტურის სახლის ანსამბლი). ღონისძიების დასასრულს ბენეფიციარებს საახალწლო ნობათი და სადღესასწაულო ტორტი სასტუმრო ''შერატონი”-ს წარმომადგენლებმა მიართვეს, ხოლო წითელი ჯვრის საზოგადოების საქმიანობაში აქტიური ჩართულობისათვის მათ წჯ ცენტრალური ოფისის მიერ გაგზავნილი სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. სულ საახალწლო ნობათი დაურიგდა 30 ბენეფიციარს მათ შორის 2 ლოგინად ჩავარდნილს, რომელთაც საჩუქრები სახლში მიართვეს. წინასაახალწლო აქციის დასასრულს ახალგაცნობილმა ხანდაზმულებმა ერთმანეთს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს და მამა შიოსთან ერთად შემდგომი ერთობლივი ღონისძიების ჩატარებაზეც შეთანხმდნენ.
|
|
 |