:: English ::


5 დეკემბერი მოხალისეთა საერთაშორისო დღეა

2011 წ. 5 დეკემბერს მოხალისეთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ წითელი ჯვრის მოხალისეებისთვის ღონისძიება მოაწყო.

ამ დღესთან დაკავშირებით სწჯს-ის სათაო ოფისში თავი მოიყარეს იმ მოხალისეებმა, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი სწჯს-ის მიერ ორგანიზებულ საქველმოქმედო თუ სხვა ტიპის ღონისძიებებში. აღსანიშნავია, რომ ყოველწლიურად ეროვნულ საზოგადოებაში უფრო და უფრო მეტი მოხალისეები ერთიანდებიან. ამ მხრივ არც წლევანდელი წელი იყო გამონაკლისი და წელს მოხალისეთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ახალი სახეები გამოჩნდნენ.

წითელი ჯვრის მოხალისეებს მოხალისეთა საერთაშორისო დღე მიულოცა სწჯს-ის პრეზიდენტმა ქ-ნმა  ნანა ყეინიშვილმა, ასევე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის  წარმომადგენლებმა. მათ კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადეს მოხალისეებს  იმ უანგარო წვლილისთვის, რომელიც მათ შეაქვთ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების საქმიანობაში.

ღონისძიება საინტერესო საზეიმო პროგრამით გაგრძელდა. მასში მონაწილეობა მიიღეს როგორც მოხალისეებმა, ასევე 64-საშუალო  სკოლასთან არსებულმა აზერბაიჯანულმა ანსამბლმა “ ჯეირანი “. დასასრულს მოხალისეებს სამახსოვროდ გადაეცათ 2012 წლის კალენდარი  მათი ეროვნულ საზოგადოებაში საქმიანობის ამსახველი ფოტოებით.

მოხალისეთა  საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, მსგავსი ღონისძიებები ჩატარდა  ეროვნული საზოგადოების სხვა ფილიალებშიც: გორში, ჩოხატაურში, საჩხერეში (პერევში), ბათუმში, ქუთაისსა და ხელვაჩაურში.  

ჩოხატაურში გაზეთ “გურია ნიუსში” 5 დეკემბერთან  დაკავშირებით დაიბეჭდა შემდეგი სტატია, რომელშიც ვკითხულობთ:

“ჩოხატაურში, 5 დეკემბერს, მოხალისეთა საერთაშორისო დღეს,საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ადგილობრივი ორგანიზაციის და მოხალისეთა ჯგუფის მიერ პირველ საჯარო სკოლაში მოეწყო აქცია “ჩვენ ერთად ვართ”.

აქციის მიზანი მარტოხელა, შეჭირვებული და სოციალურად დაუცველი ადამიანებისათვის სასურსათო ამანათების შეგროვება და გადაცემა იყო, რაც პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ იქნა ორგანიზებული. სულ სასურსათო ამანათი 7 ოჯახს დაურიგდა.

საჩხერეში მოხალისეთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საჩხერის წჯ ფილიალმა მოინახულა კონფლიქტურ ზონაში მდებარე სოფელ პერევის მოსახლეობა, რომლებიც ჩართულნი არიან წჯსკ –ის მიკრო – ეკონომიკურ პროექტებში. 

მოსახლეობამ უდიდესი მადლიერება გამოხატა წკსკ-ისა და სწჯს-ის მიმართ.