:: English ::


დანიის წითელი ჯვრის წარმომადგენლების სტუმრობა საქართველოში

2011 წლის 17-22 ოქტომბერს დანიის წითელი ჯვრის ალბორგის ფილიალის წარმომადგენლები  ტომ  კრისტენსენი - ფილიალის თავმჯდომარე, ტოვე ლასენი  ბროდსგარდი - ფილიალის ხელმძღვანელი საბჭოს წევრი და მადს ოსტრუფი - ფილიალის მოხალისე საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას ესტუმრნენ.

ვიზიტი მიზნად ისახავდა საგარეჯოს და ალბორგის ფილიალებს შორის არსებული თანამშრომლობის გაფართოებას, წითელი ჯვრის მომსახურების გაწევის, მოხალისეების მართვისა და ეროვნული საზოგადოების საქმიანობის სხვა სფეროებში საუკეთესო გამოცდილებისა და პრაქტიკის გაზიარებას, ასევე დაინტერესებული პირებისა და მასმედიის ქსელის გაფართოებას ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე.

ორ ფილიალს შორის თანამშრმლობას საფუძველი ჩაეყარა ერთი წლის წინ, დანიის წითელი ჯვრის წარმომადგენლების საქართველოში პირველი ვიზიტის შემდეგ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ალბორგი და საგარეჯო დამეგობრებული ფილიალები არიან. მათ შორის თანამშრომლობის საფუძველზე საგარეჯოში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირების დასახმარებლად შემოსავლების მოზიდვის მცირე პროექტები და, ასევე, თემის საჭიროებებზე დაფუძნებული მოხალისეობრივი ინიციატივები ხორციელდება. გარდა ამისა, ამავე თანამშრომლობის საფუძველზე სწჯს-ის სამი ფილიალის თავმჯდომარე სასწავლო ვიზიტით გაემგზავრა დანიაში; ორი კვირის განმავლობაში ისინი სტუმრობდნენ დანიის წითელი ჯვრის სათაო ოფისსა და სამ ფილიალს, მათ შორის ალბორგის ფილიალს. ხოლო, საგარეჯოს ფილიალის ორმა მოხალისემ მონაწილეობა მიიღო დანიის წითელი ჯვრის მიერ ორგანიზებულ საზაფხულო ბანაკში, როგორც მოხალისე ლიდერებმა.

ალბორგის ფილიალის წარმომადგენლებმა მოინახულეს ხანდაზმულები საგარეჯოს სოციალურ ცენტრში, რომელიც  ფილიალისა და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევით ფუნქციონირებს. ასევე გაეცნენ ფილიალის მოხალისეების საქმიანობებს, რაც მიზნად ისახავს უმწეო ადამიანების, მათ შორის იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარებას. შეხვედრებზე ბევრი ისაუბრეს ფილიალის მიღწევებსა და სირთულეებზე, ასევე საგარეჯოს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საჭიროებებზე და მომავალ ურთიერთთანამშრომლობაზე. სტუმრებმა სურვილი გამოთქვეს დამეგობრებული ფილიალების ამ კონკრეტული პრაქტიკის დანერგვის და განვითარების მიზნით სწჯს-ის სხვა ადგილობრივი ორგანიზაციებისათვის რეკომენდაცია გაეწიათ დანიის წითელი ჯვრის ფილიალებთან, უმწეო ადამიანების დასახმარებლად.

სტუმრები გორისა და გარდაბნის ფილიალებსაც ესტუმრნენ. შეხვდნენ სწჯს-ის ხელმძღვანელობას, სამდივნოს თანამშრომლებს, ასევე ფილიალების ხელმძღვანელებს, თანამშრომლებს, მოხალისეებს, წითელი ჯვრის წევრებს, ბენეფიციარებს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს. მონაწილეობა მიიღეს საგარეჯოს მრგვალი მაგიდის შეხვედრაში და ხანდაზმულები მოინახულეს თბილისის სოციალურ ცენტრში.