ევროპის პირველი დახმარების ქსელის ყოველწლიური შეხვედრა

2011 წლის 6-8 ოქტომბერს სწჯს ჯანდაცვის განყოფილების ხელმძღვანელმა ქეთევან მინდელმა და სწჯს პირველი დახმარების უფროსმა ოფიცერმა თეა ჩიკვილაძემ მონაწილეობა მიიღეს ევროპის პირველი დახმარების ქსელის ყოველწლიურ შეხვედრაში. შეხვედრა გაიმართა ქალაქ პრაღაში, ჩეხეთის წითელი ჯვრის მასპინძლობით და მონაწილეობას იღებდა 33 ეროვნული საზოგადოების წარმომადგენელი.
შეხვედრის პირველ დღეს პრეზენტაცია “პირველი დახმარება გლობალურ დონეზე” წარმოადგინეს საერთაშორისო ფედერაციის ჯანდაცვის მიმართულების ხელმძღვანელმა ა. ალომარიმ და ევროპის პირველი დახმარების სასწავლო ცენტრის მენეჯერმა პ. კასანმა. ევროპის პირველი დახმარების სასწავლო ცენტრის ანგარიში კი წარადგინა ამავე სასწავლო ცენტრის მენეჯერმა, დიანა ისარდმა. შეხვედრის განმავლობაში, 2010-2011 პირველი დახმარების სფეროში განხორციელებული საქმიანობების შესახებ პრეზენტაციები წარადგინეს შეხვედრაში მონაწილე ეროვნული საზოგადოების წარმომადგენლებმა.
შეხვედრის დროს მონაწილეები მუშაობდნენ სამუშაო ჯგუფებში. ჯგუფებში მუშაობის დროს განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: IFRC პირველი დახმარების გაიდლაინები, 2015 წლის გაიდლაინების წინა-მოსამზადებელი სამუშაოები და ევროპის პირველი დახმარების ქსელის მუშაობის შემდგომი ეტაპები და სამომავლო გეგმები.
შეხვედრის დასასრულს, შეჯამდა სამუშაო ჯგუფებში განხილული საკითხები და შემუშავდა შესაბამისი რეკომენდაციები, რომელიც მონაწილეებს მოგვიანებით გააცნეს ფედერაციის და ევროპის სასწავლო ცენტრის წარმომადგენლებმა.
ევროპის პირველი დახმარების ქსელის ყოველწლიურ შეხვედრაში მონაწილეობა კარგი შესაძლებლობაა ეროვნული საზოგადოებისთვის, სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს გაუზიაროს ინფორმაცია საკუთარი საქმიანობების შესახებ და გაზარდოს ცნობადობა ევროპის დონეზე, გარდა ამისა შეხვედრების დროს შესაძლებელია სხვა ეროვნული საზოგადოებების გამოცდილების გაზიარება, რაც საქმიანობების უფრო ეფექტურად განხორციელების საწინდარია.
|
|
 |