შეხვედრა ქალაქ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარესთან

2010 წლის 30 ივლისს სწჯს-ს ინიციატივით მოეწყო წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის პარტნიორების ერთობლივი შეხვედრა ქალაქ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარესთან ბატონ ზაალ სამადაშვილთან.
შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გენერალური მდივანი და სოციალური პროექტების კოორდინატორი, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის ორგანიზაციული განვითარების დელეგატი ქ-ნ მარიანა ლიპტუგა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის კორპორაციული თანამშრომლობის დელეგატი ქ-ნ მიშელ ბლატი და ამავე სამსახურის ხემძღვანელი მალხაზ ხარებავა.
შეხვედრის ძირითად მიზანს წარმოადგენდა ეროვნული საზოგადოებისა და ქალაქ თბილისის საკრებულოს ერთობლივი, აქტიური თანამშრომლობის დაწყება და საკრებულოს შესაბამის სამსახურებთან ინფორმაციის გავრცელება ეროვნული საზოგადოების მიერ განხორციელებული თუ დაგეგმილი ინიციატივების შესახებ. ასევე საკრებულოს მიერ ეროვნული საზოგადოების მიერ პროექტების განხორციელებისას წარმოქმნილი საკანონმდებლო პრობლემების მოგვარებაში სრული მხარდაჭერა და თანადგომა ეროვნული საზოგადოების საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის მიზნით.
საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით შეხვედრაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება ეროვნული საზოგადოებისა და საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის აქტიურ თანამშრომლობასთან დაკავშირებით, რაც უზრუნველყოფს ეროვნული საზოგადოების მონაწილეობას საკრებულოს მიერ დაგეგმილი სოციალური საკითხებისა და ინიციატივების განხილვაში.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და წჯ/წნ საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლებმა ერთსულოვნად დაუჭირეს მხარი ზემოაღნიშნულ ინიციატივას და აღნიშნეს თანამშრომლობის განვითარების აუცილებლობისა და აქტუალურობის შესახებ. საკრებულოსა და ეროვნულ საზოგადოებას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა თავისთავად ხელს შეუწყობს თბილისში მცხოვრები დაუცველი ოჯახების მდგომარეობის გაუმჯობესებას.
|