:: English ::


ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე გარდაბანში

2010 წლის 1 ივნისს სწჯს-ის გარდაბნის ფილიალში ჩატარდა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ბავშვმებმა იძულებით გადაადგილებული ოჯახებიდან. ღონისძიებისთვის საჭირო ფონდები მოძიებულ იქნა ამავე ფილიალის მოხალისეთა ჯგუფის "ახალგაზრდა მოხალისეების" მიერ.


ღონისძიების ფარგლებში 5-დან 10 წლამდე პატარებისათვის მოეწყო ხატვის კონკურსი, რომელზეც სპეციალური სტუმრის რანგში მოწვეულ იქნა ადგილობრივი საზოგადოებისათვის ცნობილი ხელოვნებათმცოდნე. სტუმარმა შეაფასა პატარების ნამუშევრები, მისცა რჩევები და გამოავლინა კონკურსის გამარჯვებული. კონკურსის მომაწილე ყველა ბავშვს გადაეცა საჩუქრები სახატავი ფანქრების, ალბომებისა და ბლოკნოტების სახით, ხოლო მათ მიერ შესრულებული ნამუშევრები ერთი კვირის მანძილზე გამოფენილი იქნება სწჯს-ის გარდაბნის ფილიალის ოფისში, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია ნახატების დათვალიერება.


საქველმოქმედო აქციის დასასრულს, სწჯს-ის მოხალისეები პატარებს გაუმასპინძლდნენ ტკბილეულით და სასიამოვნო დრო გაატარეს კონკურსის მონაწილეებთან. ბავშვები მეტად გაახალისა სწჯს-ის გარდაბნის ფილიალის მიერ განხორციელებულმა აქციამ და კიდევ ერთ სასიამოვნო მოგონებად აქცია ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე.