:: English ::


ჩინეთის წითელი ჯვრის კატასტროფების მართვის სემინარი

2010 წლის 7-27 აპრილს ჩინეთის წითელი ჯვრის საზოგადოებაში ჩატარდა კატასტროფების მართვის სემინარი, რომელიც მიზნად ისახავდა კატასტროფებზე რეაგირებისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას. სემინარში 14 ქვეყნის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა, მათ შორის საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებიდან.
სემინარის ძირითად განსახილველ თემას წარმოადგენდა 2008 წლის 12 მაისს სიჩუანის პროვინციაში მომხდარი მიწისძვრა. განხილულ იქნა ის ზომები, რომელიც ჩინეთის წითელი ჯვრის საზოგადოებამ და მსოფლიო თანამეგობრობამ მიიღო მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად და სტიქიური უბედურების შედეგების დროულად აღმოსაფხვრელად.


ჩინეთის წითელმა ჯვარმა სემინარის მონაწილეებს თავისი გამოცდილება გაუზიარა და წარმოაჩინა ის საქმიანობები, რომლებიც კატასტროფის პერიოდში განხორციელდა. მონაწილეებს ჩაუტარდათ ტრენინგი პირველ დახმარებასთან დაკავშირებით, ამ სფეროში მათი უნარების ასამაღლებლად.


ზემოხსენებულის გარდა, ტრენინგის მსვლელობისას ფართოდ იყო წარმოდგენილი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის საქმიანობა და როლი.
სემინარის ოფიციალური ნაწილის პარალელურად მოეწყო კულტურული ღონისძიებები. უნდა აღინიშნოს, რომ ჩინეთის კულტურამ და ტრადიციებმა სემინარის არც ერთი მონაწილე არ დატოვა გულგრილი.