სწჯს სამუშაო ჯგუფის ვიზიტი მოლდავეთში

2010 წლის 17-25 აპრილს სწჯს-ის სამუშაო ჯგუფი მოლდავეთის ჯანდაცვისა და შრომის სამინისტროს მიწვევით და ბრიტანეთის წითელი ჯვრის საზოგადოების ფინანსური მხარდაჭერით სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ქ. კიშინიოვში. სწჯს-ის მიერ გაგზავილი ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ "უმწეო ხანდაზმულთა სოციალური მხარდაჭერის" პროექტის თანამშრომლები, ადვოკატირებისა და მედია ჯგუფის ლიდერები.
სამუშაო ჯგუფმა მონაწილეობა მიიღო 22-23 აპრილს მიმდინარე კონფერენციაში ქ. კიშინიოვში, რომელიც ეძღვნებოდა მოლდავეთის დემოგრაფიული სტატისტიკის დამუშავებას, მიგრაციის პრობლემების განხილვას და მიგრაციული სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებას, მათ შორის ხანდაზმულთა მიმართ სახელმწიფოს მხრიდან სოციალური უზრუნველყოფის სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებას.
სამუშაო ჯგუფი შეხვდა მოლდავეთის ჯანდაცვისა და შრომის სამინისტროს ხელმძღვანელობას და განიხილეს იმ პროექტების წარმატებები და მიღწევები, რომელიც ხორციელდება საქართველოსა და მოლდავეთში სოციალურად დაუცველი ჯგუფების, მათ შორის უმწეო ხანდაზმულთათვის.
ზემოაღნიშნული ვიზიტის ფარგლებში ასევე შედგა სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მოლდავეთის პრემიერ-მინისტრთან და ქ. კიშინიოვის გუბერნატორთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს წითელი ჯვრისა და საქართველოს მთავრობის მიერ ერთობლივად განხორციელებული საქმიანობები სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასახმარებლად კატასტროფების დროს და მშვიდობიან პერიოდში, ასევე მოლდავეთის მთავრობის მიერ დამუშავებული მოლდავეთის დემოგრაფიული პროგნოზი 2015 წლისათვის და ამ პროგნოზის საფუძველზე გამოვლენილი სავარაუდო პრობლემების გადაჭრის გზები.
|