საქველმოქმედო აქცია მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში

"წითელი ჯვრის კვირეულის" ფარგლებში 2010 წლის 5 მაისს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ საქველმოქმედო აქცია მოაწყო მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში. აქციაში ლეიკემიით დაავადებულმა 25-მა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიების ფარგლებში წითელმა ჯვარმა მოიწვია მხატვარი ზაალ სულაკაური, რომელმაც პატარებს მხიარული და საინტერესო ხატვის გაკვეთილი ჩაუტარა. მხატვარი გაოცებული დარჩა ბავშვების მიერ შესრულებული ნახატებით, პროფესიონალური რჩევები მისცა და წარმატებები უსურვა მათ. "მე ხომ სპეციალურად ბავშვებისათვის სახატავი სტუდია შევქმენი, სადაც პატარებს ხატვას ვასწავლი, მაგრამ გაოცებით უნდა ვთქვა, რომ ამ პატარების ნამუშევრები არაფრით ჩამოუვარდება ჩემი მოწაფეების ნაშრომებს" აღნიშნა ზაალ სულაკაურმა.
ხატვის გაკვეთილი კიდევ უფრო მხიარული გახადეს წითელი ჯვრის მოხალისეებმა, რომლებიც ჯამბაზების ფორმებში გამოწყობილები ეხმარებოდნენ პატარებს არტ-თერაპიის პროცესში.
საქველმოქმედო ღონისძიების ფარგლებში სწჯს-მ პატარები სახატავი რვეულებითა და ფანქრებით დაასაჩუქრა, ხოლო კომპანია "ბენეტონის" წარმომადგენელმა ბავშვებს ულამაზესი მაისურები გადასცა. უნდა აღინიშნოს, რომ სწჯს ანალოგიურ აქციას უკვე მეორედ ატარებს იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოს ლეიკემიით დაავადებული პაციენტებისათვის და კომპანია "ბენეტონმა" შარშანდელის მსგავსად წელსაც დაუჭირა მხარი ამ კეთილშობილურ ინიციატივას.
ზემოაღნიშნული ღონისძიება "წითელი ჯვრის კვირეულის" ფარგლებში განხორციელდა. სადღესასწაულო კვირეული დაიწყო ა.წ. 3 მაისს და დაიხურება 8 მაისს.
8 მაისი წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო დღეა. ამ დღეს მთელს მსოფლიოში აღნიშნავენ და კიდევ ერთხელ ახსენებენ საზოგადოებას წითელი ჯვრის ისტორიას, როლს, მნიშვნელობას და ფუძემდებლურ პრინციპებს.
|