საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების თანამონაწილეობა ნაღმის და ომის ფეთქებადი ნარჩენების მსხვერპლთა შესახებ მონაცემთა ეროვნული ბაზის შექმნაში

2010 წლის აპრილიდან საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება (შემდგომში "სწჯს") წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (შემდგომში "წჯსკ") ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით საქართველოს მასშტაბით ახორციელებს ნაღმის და ომის ფეთქებადი ნარჩენების მსხვერპლთა შესახებ მონაცემების შეგროვებასა და მათი საჭიროებების შეფასებას. ამ საქმიანობას წინაპირობად უძღვებოდა 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ საქართველოში ამ მიმართულებით წამოწყებული პროცესები. ერთ-ერთი ასეთი წამოწყება იყო ომის ფეთქებადი ნარჩენების საკოორდინაციო ცენტრის ფარგლებში სამუშაო ჯგუფის შექმნა (2009წ.), რომელიც მიზნად ისახავდა სპეციალური ფორმულარების შემუშავებას ნაღმისა და ომის ფეთქებადი ნარჩენების მსხვერპლთა შესახებ მონაცემების შეგროვებისა და მათი საჭიროებების შეფასების მიზნით.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის ფაქტი, რომ სამუშაო ჯგუფის მიერ ფორმებზე მუშაობა მიმდინარეობდა საერთაშორისო და ეროვნულ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობისა და კოორდინაციის საფუძველზე. სამუშაო ჯგუფის მუშაობის დაწყებისთანავე სწჯს საერთაშორისო კომიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით აქტიურად ჩაერთო ჯგუფის მუშაობაში.
2010 წლის 24-26 თებერვალს საერთაშორისო კომიტეტის მიერ სწჯს-ის ფილიალების 18 მოხალისეს, ორგანიზაციული განვითარების კოორდინატორს- საკონტაქტო პირს და წჯსკ-ის ორ თანამშრომელს ჩაუტარდათ სწავლება, რომელიც მიზნად ისახავდა სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული ფორმების შესწავლას ნაღმის და ომის ფეთქებადი ნარჩენების მსხვერპლთა შესახებ მონაცემების შეგროვებისა და მათი საჭიროებების შეფასების მიზნით. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე შექმნილ მონაცემთა ბაზის მეშვეობით საქართველოში მოქმედ ეროვნულ და საერთაშორისო ორგანიზაციებს ხელი მიუწვდებათ იმ ინფორმაციაზე, რომელიც აუცილებელია ნაღმის და ომის ფეთქებადი ნარჩენების მსხვერპლთა ოჯახების შემდგომი დახმარების უზრუნველსაყოფად მათი საჭიროებების გათვალისწინებით.
მოქმედებს რა ნაღმის და ომის ფეთქებადი ნარჩენების მსხვერპლთა სახელით და მათი ინტერესების საპასუხოდ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება აქტიურად თანამშრომლობს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან, ომის ფეთქებადი ნარჩენების საკოორდინაციო ცენტრთან და ამ სფეროში მომუშავე სხვა ეროვნულ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სწჯს-ის მოხალისეები ამ საქმიანობას დიდი ენთუზიაზმით და მაღალკვალიფიციურ დონეზე ასრულებენ.
|