:: English ::


სწჯს-ის ქუთაისის ფილიალის მიერ განხორციელებული უფასო სამედიცინო გამოკვლევები

2010 წლის 31 მარტს და 1 აპრილს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ქუთაისის ფილიალმა კერძო სამედიცინო ცენტრ "ბომონდი"-ს მხარდაჭერით საქველმოქმედო აქცია მოაწყო სწჯს-ის ქუთაისის სოციალური ცენტრის ბენეფიციართათვის.


ქუთაისის ფილიალში კლინიკა "ბომონდის" სამედიცინო პერსონალმა უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარა ქუთაისის სოციალური მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში არსებული სოციალური ცენტრის ხანდაზმულ ბენეფიციარებს. გამოკვლევები განხორციელდა შემდეგ სფეროებში: ექოსკოპია, კარდიოლოგია, ნერვოპათოლოგია, ენდოკრინოლოგია, გაკეთდა სისხლის ანალიზები.


31 მარტს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა 53 ხანდაზმულს. 1 აპრილს გაიმართა წამახალისებელი აქცია სწჯს-ის მოხალისეებისათვის, კერძოდ კი სწჯს-ის "ხუთთა კომიტეტის" წევრებისათვის, რომლის ფარგლებშიც სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა 27 სკოლის მოსწავლეს.


ზემოხსენებული სამედიცინო აქციის განხორციელებაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა სწჯს-ის ქუთაისის ფილიალის 12 მოხალისე, რომლებიც დახმარებას უწევდნენ მედპერსონალსა და აქციის ბენეფიციარებს.
უნდა აღინიშნოს, რომ კლინიკა "ბომონდის" მესვეურებმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით ხანდაზმულთა ცენტრების ბენეფიციარებს გადასცეს სასურსათო ამანათები, რომლებიც მოიცავდა სააღდგომო სანოვაგეს, ჩაის, ყავას და შაქარს.


სწჯს-ის ქუთაისის ფილიალის მიერ განხორციელებული აქციები გაშუქდა ადგილობრივი ტელევიზიის მიერ.