სწჯს-ის სოციალური ცენტრის გახსნა ქ. საგარეჯოში

2010 წლის 22 აპრილს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებაში მიმდინარე პროექტის ფარგლებში ,,ფილიალების განვითარება ეფექტური მომსახურების გაწევით", ქ. საგარეჯოში გაიმართა ხანდაზმულთა სოციალური ცენტრის პრეზენტაცია, რომელსაც ესწრებოდნენ ქ. საგარეჯოში მცხოვრები ხანდაზმულები. ზემოაღნიშნული ხანდაზმულები წარმოადგენენ საგარეჯოში სწჯს-სა და ადგილობრივი თვითმართველობის ერთობლივი მინი პროექტის-"ხანდაზმულთა სოციალური ცენტრი" ბენეფიციარებს.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გოჩა ჩერქეზიშვილი, გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლები, პრეს-სამსახურისა და სოციალური სააგენტოს წარმომადგენელები; ასევე სწჯს-ის თანამშრომლები, მოხალისეები, წჯსფ-ის და წჯსკ-ის წარმომადგენლები.
სოციალური ცენტი ხანდაზმულებს ყველა პირობას შეუქმნის იმისათვის, რომ მათ მოახდინონ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება და განავითარონ სხვადასხვა უნარები. ხანდაზმულებს საშუალება მიეცემათ მოაწყონ შეხვედრები მათთვის საინტერესო ადამიანებთან, განახორციელონ ერთობლივი საქმიანობები ახალგაზრდებთან ერთად, მიიღონ ინფორმაცია საკუთარი უფლებებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს მოხუცებულების გაძლიერებასა და სოციალური იზოლაციის რღვევას.
სოციალური ცენტრის გახსნისას ნაჩვენები იქნა ფილმი, რომელიც შეიქმნა ბრიტანეთის წითელი ჯვრის მხარდაჭერით ქუთაისში განხორციელებული სოციალური პროექტის ფარგლებში და ასახავს ქუთაისის სოციალური მხარდაჭერის პროექტის ბენეფიციართა დღევანდელ მდგომარეობას და მათ საქმიანობებს ქუთაისის სოციალურ ცენტრში.
მოხალისეთა ჯფუფმა ,,იმედი" წარმოადგინა ნაწყვეტი სპექტაკლიდან ,,პეპი გრძელი წინდა". სპექტაკლში მონაწილეობდნენ ბავშვთა სოციალური თეატრის დასში გაერთიანებული ქ. საგარეჯოში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ბავშვები და მათივე თანატოლი იძულებით გადაადგილებული პირები. აღსანიშნავია, რომ ბავშვთა სოციალური თეატრის დასი სწორედ სწჯს-ის ახალგაზრდული ინიციატივების კონკურსის ფარგლებში შეიქმნა. ამავე კონკურსის ფარგლებში გამარჯვებულმა მოხალისეთა ჯგუფმა ,,ჰარმონია", რომელმაც საგარეჯოს #2 საჯარო სკოლაში შექმნა ხანდაზმულთა სოციალური ოთახი, მოაწყო ხანდაზმულთა საქმიანობათა ჯგუფების მიერ დამზადებული ხელით ნაკეთი ნივთების გამოფენა.
ღონისძიების დასასრულს სწჯს-ის საგარეჯოს ადგილობრივი ორგანიზაციის მოხალისეები ხანდაზმულებსა და მოწვეულ სტუმრებს ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ.
|
|
 |