საგარეჯოში მცხოვრები სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებული ბავშვების მიერ დადგმული სპექტაკლი

2010 წლის 30 მარტს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებაში მიმდინარე პროექტის ფარგლებში -,,ფილიალების განვითარება ეფექტური მომსახურების მიწოდებით" მოხალისეთა ჯფუფმა ,,იმედი" მოაწყო პრემიერა სპექტკლისა ,,პეპი გრძელი წინდა", რომელშიც მონაწილეობდნენ ბავშვთა სოციალურ თეატრის დასში გაერთიანებული ქ. საგარეჯოში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ბავშვები და მათივე თანატოლი იძულებით გადაადგილებული პირები.
უნდა აღინიშნოს, რომ მოზარდები დიდი ენთუზიაზმით გადიოდნენ რეპეტიციებს, მათ ინტერესს იწვევდა თეატრალური ხელოვნების, მეტყველების კულტურის შესწავლა. ბუნებრივია, რომ იძულებით გადაადგილებულ ბავშვთა განათლების დონეზე გავლენა მოახდინა კონფლიქტის ზონაში ცხოვრებამ, სადაც ისინი ვერ ახერხებდნენ რეგულარულად სკოლაში სიარულს. რეპეტიციებზე მათ ერთის მხრივ, შესაძლებლობა მიეცათ გაეუმჯობესებინათ ცოდნა სხვადასხვა სასწავლო დისციპლინებში (მაგ.: ლიტერატურა, გრამატიკა, ისტორია და ა.შ.), ხოლო მეორეს მხრივ, მათ მოახერხეს საკუთარი ნიჭისა და უნარის წარმოჩენა, რამაც ხელი შეუწყო მოზარდების ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ახალ გარემოსთან ადაპტირებას.
სპექტაკლმა უდიდესი მოწონება დაიმსახურა დამსწრე საზოგადოებას შორის. სწჯს-ის თანამშრომლების გარდა სპექტაკს ასევე ესწრებოდნენ წჯ/წნ საერთაშორისო ფედერაციის ორგანიზაციული განვითარების დელეგატი და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენელი. პატარებმა შესძლეს სტუმრების გაოცება და სულ მცირე ხნით მათი ბავშვობაში დაბრუნება. ღონისძიების დასასრულს მოზარდები დაჯილდოვდნენ სპეციალური სიგელებით და საჩუქრებით, რომლებიც მათ გადაეცა როგორც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის ისე სწჯს-ის სახელით. წარმატებული სპექტაკლის შემდეგ სწჯს-ის მოხალისეები პატარებს ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ.
|
|
 |