საგაზაფხულო გამოფენა-გაყიდვა

2009 წლის 13 მარტს სასტუმრო "რადისონ ბლუ ივერიამ" უმასპინძლა "ქალთა საერთაშორისო ასოციაციის" მიერ ორგანიზებულ საგაზაფხულო გამოფენა-გაყიდვას. ღონისძიების ფარგლებში სხვადასხვა ადგილობრივ თუ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და კერძო პირებს საშუალება მიეცათ გამოეფინათ და გაეყიდათ საკუთარი ნამუშევრები.
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება აქტიურად ჩაერთო გამოფენა-გაყიდვაში და მოაწყო ეროვნული საზოგადოების კუთხე, სადაც დამთვალიერებლებს საშუალება მიეცათ შეეძინათ სწჯს-ის სოციალური მხარდაჭერის პროექტის ხანდაზმული ბენეფიციარების ნამუშევრები როგორც თბილისის, ასევე საგარეჯოს, ქუთაისის და გარდაბნის ფილიალებიდან. ეროვნულმა საზოგადოებამ გამოფინა სხვადასხვა ნამუშევრები სლოგანით "დააფასე ხანდაზმულთა შრომა".
უნდა აღინიშნოს, რომ ეროვნული საზოგადოების კუთხის მოწყობასა და საინფორმაციო მასალების გავრცელებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს სწჯს-ის როგორც ახალგაზრდა ისე ხანდაზმულმა მოხალისეებმა. მოხალისეები მთელი დღის განმავლობაში ავრცელებდნენ წითელი ჯვრის საინფორმაციო ბუკლეტებს და სხვა მასალებს.
ეროვნული საზოგადოება უკვე მეორედ იღებს მონაწილეობას მსგავს აქციაში, რაც მეტად სასიხარულოა სოციალური მხარდაჭერის პროექტის ბენეფიციარებისათვის, როგორც ადგილობრივ ისე ცენტრალურ დონეზე.
|