ერთი დაუვიწყარი დღე ბავშვთა სახლ ”სათნოების” აღსაზრდელებისათვის

2009 წლის 25 დეკემბერს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ მოაწყო საქველმოქმედო აქცია ბავშვთა სახლ ”სათნოების” 45 აღსაზრდელისთვის.
ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით სწჯს-მ თითოეული ბავშვს საჩუქრად გადასცა სპეციალურად მათთვის მომზადებული ”ზამთრის ამანათები” მილოცვის წერილებთან ერთად. ამანათში შედიოდა: თბილი ქურთუკი, 2 სვიტრი, ქუდი, ხელთათმანები, შარფი, 10 წყვილი თბილი წინდა და პირსახოცი. გარდა ამისა, სწჯს-მ ბავშვთა სახლს გადასცა 47 ლეიბი.
საჩუქრების ორიგინალური გზით გადაცემის მიზნით, წითელი ჯვრის მოხალისეებმა მოამზადეს საახალწლო პროგრამა. მასხარების ტანსაცმელში გამოწყობილი წითელი ჯვრის მოხალისეები, სასაცილოდ მოხატული სახეებით, სამი საათის განმავლობაში ართობდნენ ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს.
ისანი-სამგორის გამგეობის დახმარებით, წითელმა ჯვარმა იქირავა თოვლის ბაბუა, რომელიც ასევე ეწვია ბავშვთა სახლს და ფიფქიასთან ერთად გაახალისა ბავშვები. წითელი ჯვრის მოხალისეები მღეროდნენ და ცეკვავდნენ ბავშვებთან ერთად და ცდილობდნენ ეს დღე დაუვიწყარი ყოფილიყო პატარებისათვის.
გაუზვიადებლად შეიძლება ითქვას, რომ 25 დეკემბერი მართლაც ჯადოსნური დღე იყო ”სათნოების” ბავშვებისთვის, რადგანაც მათი ოცნებები ახდა. ამ დღეს ყველა გახარებული და ბედნიერი იყო.
- ”ყოველთვის ვოცნებობდი ასეთ ქურთუკზე” - გვითხრა პატარა დათომ;
- ” ათი წყვილი წინდა მაჩუქეს და ხომ არ შეეშალათ, ნეტა?” – იკითხა ანამ;
- ”რა ლამაზი ფერია, ნეტავ მალე მოვიდეს თოვლი, რომ ვიგუნდავო ჩემი ახალი ხელთათმანებით”- აბობდა გიორგი.
ბავშვებმა ისიამოვნეს საახალწლო საღამოთი და შემდგომ ოთახებს მიაშურეს, რომ საგულდაგულოდ დაეთვალერებინათ მიღებული საჩუქრები. მიუხედავად იმისა, რომ შენობაში საკმაოდ თბილოდა, პატარები ახალ თბილ ტანსაცმელში გამოწყობილები სიხარულით აჩვენებდნენ ერთმანეთს წითელი ჯვრის საჩუქრებს.
ბავშვთა სახლის ადმინისტრაციამ მადლიერება გამოთქვა საქართველოს წითელი ჯვრის მიმართ. ბავშვებმაც მადლობა გადაუხადეს წითელ ჯვარს, რომელმაც მზის სხივივით გაახალისა ერთი ჩვეულებრივი დღე.
წითელი ჯვრის დახმარებით ბავშვებმა დაიჯერეს, რომ ცხოვრებაში ოცნებები მართლაც ხდება...
|
|
 |