:: English ::


მსოფლიო ნიკოტინის გარეშე

2009 წლის 29 ნოემბერს საქართველოს წითელი ჯვრის სენაკის ფილიალმა მოაწყო სიგარეტის მოხმარების საწინააღმდეგო მასშტაბური აქცია. ღონისძიების უშუალო ორგანიზატორი იყო სენაკის ფილიალის ახალგაზრდული წითელი ჯვარი, რომელმაც აქცია ვიზუალურად მეტად საინტერესო მასალებით უზრუნველყო.


მთელი დღის განმავლობაში წითელი ჯვრის მოხალისეებმა ქუჩაში გამოფინეს თამბაქოს მავნებლობის თემაზე შექმნილი ნამუშევრები. ორიგინალური ტრანსპარანტებითა და ნახატებით ახალგაზრდები მოსახლეობას მოუწოდებდნენ უარი ეთქვათ თამბაქოს მოხმარების მავნე ჩვევაზე. საინტერესო კარიკატურები და ლოზუნგები შორიდანვე იპყრობდა სენაკის მაცხოვრებლების ყურადღებას; წითელი ჯვრის მოხალისეები მათ აწვდიდნენ ინფორმაციას თამბაქოს მოხმარებით გამოწვეულ უარყოფით შედეგებზე. ლოზუნგებს შორის გაჟღერდა შემდეგი მოწოდებები: "დედამიწა ნიკოტინის გარეშე", "მოწევა კლავს" და ა.შ.


წითელი ჯვრის მოხალისეებმა სენაკის ქუჩებში დადგეს ყუთები, სადაც გამვლელები ყრიდნენ სიგარეტის კოლოფებს. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ დღისათვის ახალგაზრდების მიერ შექმნილი გიგანტური სიგარეტის ბუტაფორია და აქციიის მსვლელობისას შეგროვილი სიგარეტები ხალხის თანდასწრებით განადგურდა.


საქართველოს წითელი ჯვარი მიესალმება მსგავსი აქციების ჩატარებას საქართველოს სხვა რეგიონებშიც და მოსახლეობას ცხოვრების ჯანსაღი წესისკენ მოუწოდებს.