რეზისტენტული ტუბერკულოზის პროექტი აჭარაში

რეზისტენტული ტუბერკულოზით (DR-TB) დაავადებული ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება და სამედიცინო მომსახურების საერთაშორისო კორპორაცია (MSCI) ახორციელებს ერთობლივ პროექტს აჭარაში. პროექტი ითვალისწინებს დამყოლობის კონსულტანტების და ფსიქოლოგის მუშაობას ქალაქ ბათუმში, ქალაქ ქობულეთსა და ქობულეთის რაიონის სოფლებში მცხოვრებ ამბულატორიულ ფაზაზე მყოფი DR-TB დაავადებულ კლიენტებთან, მკურნალობაზე დამყოლობის გაძლიერების თვალსაზრისით.
დამყოლობის კონსულტანტი აფასებს კლიენტის დემოგრაფიულ მონაცემებს და სოციალურ სტატუს, სწავლობს კლიენტის პრობლემებს, ატარებს კონსულტაციებს კლიენტთან და მათი ოჯახის წევრებთან ტუბერკულოზის, მისი პრევენციის, მკურნალობის ბოლომდე მიყვანის აუცილებლობის საკითხებზე და ამავდროულად ახლობლების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე მკურნალობის პროცესში. პერმანენტულად ხორციელდება კონტაქტი კლიენტთან მიუხედავად იმისა აქვს თუ არა პრობლემები მკურნალობის პროცესში კონკრეტულ ეტაპზე.
ფსიქოლოგი კვირაში ერთხელ ატარებს ინდივიდუალურ საუბრებს და ჯგუფურ შეხვედრებს კლიენტებთან, რაც აადვილებს პრობლემური კლიენტების გამოვლენას ადრეულ ეტაპზე. თითოეულ კლიენტზე ყველა ინფორმაციის გათვალისწინებით დგება გეგმა და ტარდება შესაბამისი სამუშაო.
ამჟამად პროექტში ჩართულია ტუბერკულოზის ეროვნულ პროგრამაში მყოფი 37 პაციენტი.
|