1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა

2009 წლის 1 ოქტომბერს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, ქალაქ თბილისის მერიამ და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე ერთობლივი საქველმოქმედო აქციით აღნიშნა. აქციას ეწოდა "დავეხმაროთ ხანდაზმულებს ხუთი კარტოფილით" და მასში მონაწილეობა მიიღეს: ქ. თბილისის მე-100-ე, 82-ე, მე-14, 23-ე, 146-ე, 24-ე, 63-ე და 64-ე საჯარო სკოლებმა.
ზემოხსენებულ სკოლებში აქტიურად მუშაობენ "ხუთთა კომიტეტები", ანუ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პირველადი ახალგაზრდული წარმომადგენლობები, რომლებშიც ერთიანდებიან სკოლის მოსწავლეები.
აქციის ფარგლებში საჯარო სკოლებში მოსწავლეთა მიერ მათი სურვილისამებრ შეგროვდა კარტოფილი. დღის ბოლოს აღმოჩნდა, რომ სკოლებმა ჯამში სამ ტონამდე კარტოფილის შეგროვება შეძლეს მარტოხელა მოხუცებისათვის, რამაც წითელი ჯვრის მოლოდინს გადააჭარბა. კარტოფილის დანაწილებასა და შეფუთვაზე სკოლებში არსებულმა წითელი ჯვრის "ხუთთა კომიტეტებმა", სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა იზრუნეს.
2 ოქტომბერს ქალაქ თბილისის მერიის მიერ გამოყოფილი ავტობუსების მეშვეობით მოხალისეებმა თავად განახორციელეს შეგროვილი პროდუქტის დისტრიბუცია შესაბამის რაიონებში მცხოვრები იმ უმწეო მარტოხელა ხანდაზმულებისათვის, რომლებიც სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფებიან და დამოუკიდებლად გადაადგილების უნარი თითქმის არ შესწევთ. უნდა აღინიშნოს, რომ ხანდაზმულებს საჩუქარზე უფრო მეტად გაეხარდათ წითელი ჯვრის მოხალისეების დანახვა, რომლებმაც მცირე ხნით გაახალისეს მათი ცხოვრება. აქციის ფარგლებში სულ დაკმაყოფილდა 150 მარტოხელა ხანდაზმული, რომლებიც სწჯს-ის მარტოხელა ხანდაზმულთა სოციალური დაცვის პროექტის ბენეფიციარებს წარმოადგენენ.
1 ოქტომბრის აქციას საქართველოს მასშტაბით შეუერთდა:
• გარდაბნის რაიონის მუნიციპალიტეტი, გარდაბნის წითელი ჯვრის ფილიალი და გარდაბნის რაიონში მდებარე ორი საჯარო სკოლა;
• საჩხერის რაიონის მუნიციპალიტეტი, საჩხერის წითელი ჯვრის ფილიალი და საჩხერის რაიონში მდებარე სამი საჯარო სკოლა;
• სენაკის წითელი ჯვრის ფილიალი და სენაკის რაიონში მდებარე ორი საჯარო სკოლა;
|
|
 |