სწჯს-ის შეხვედრა სკოლების დირექციებთან

2009 წლის 18 სექტემბერს სწჯს-ის სათაო ოფისში მოეწყო სამუშაო-გაცნობითი შეხვედრა თბილისის მე-100-ე, 82-ე, მე-14, 23-ე, 146-ე, 24-ე 63-ე და 64-ე საჯარო სკოლების დირექციის წარმომადგენლებთან. ზემოთ ხსენებულ სკოლებში უკვე არსებობს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პირველადი ახალგაზრდული წარმომადგენლობა "ხუთთა კომიტეტების" სახით.
სწჯს-ის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ფონდების მოძიების მენეჯერი, მარტოხელა ხანდაზმულთა სოციალური დაცვის პროგრამის კოორდინატორი და საინფორმაციო სამსახურის მენეჯერი, რომლებმაც თავის მხრივ წარმოადგინეს სწჯს-ის საქმიანობების მოკლე მიმოხილვა. სწჯს-ის საქმიანობების, ახალგაზრდული წითელი ჯვრისა და სოციალური პროგრამის პრეზენტაციების პარალელურად დამსწრე საზოგადოებას ასევე დაურიგდა სწჯს-ის საინფორმაციო მასალები.
შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა სკოლების დირექციების ინფორმირება სწჯს-ის მიერ ა.წ. 1 ოქტომბერს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღისთვის დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით. Aაქცია სახელწოდებით "ხუთი კარტოფილი" ზემოაღნიშნულ სკოლებში ჩატარდება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პირველი იყო, რომელსაც სწჯს-მ შესთავაზა "ხუთი კარტოფილის" აქციის განხორციელება და უნდა აღინიშნოს რომ იდეამ დიდი მოწონება დაიმსახურა. საქველმოქმედო აქციის იდეა ასევე მოეწონათ სკოლების ხელმძღვანელებს და მათ მხარდაჭერა აღუთქვეს სწჯს-ს ამ ღონისძიების წარმატებით განხორციელებისათვის.
"ხუთი კარტოფილის" აქციის ფარგლებში თითოეულ სკოლაში შეგროვდება კარტოფილის გარკვეული რაოდენობა. შეგროვებისა და დისტრიბუციის პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან სკოლებში არსებული სწჯს-ის "ხუთთა კომიტეტები" და წჯს-ის სხვა მოხალისეები.
აქციის შედეგად შეგროვებული პროდუქტი გადაეცემა მარტოხელა მოხუცთა სოციალური დაცვის პროგრამის ბენეფიციარებს. 1 ოქტომბერს სწჯს-ის მოხალისეები მათ თავად ესტუმრებიან და ამ მცირე საჩუქრით მიულოცავენ ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეს.
უნდა აღინიშნოს, რომ სკოლების დირექციებთან ჩატარებული შეხვედრის დროს სწჯს-მ მიიღო თხოვნა, რომ მომავალში სკოლის ბავშვებისათვის ჩატარდეს პირველი დახმარების ტრეინინგი და ასევე მათ უფრო დეტალურად მიეწოდოთ ინფორმაცია სწჯს-ის საქმიანობების თაობაზე.
|