:: English ::


წითელი ჯვრის და შპს “გურ ქაინაქის” ერთობლივი საქველმოქმედო აქცია ბავშვთა სახლ “ლამპიონში”

2009 წლის 17 სექტემბერს სწჯს-ის თბილისის ადგილობრივმა ორგანიზაციამ მოაწყო საქველმოქმედო აქცია ბავშვთა სახლ "ლამპიონის" აღსაზრდელებისათვის. აქციის ფარგლებში 48 ბავშვს დაურიგდა სასკოლო ჩანთები, რომელიც შპს "გურ ქაინაქის" მიერ იქნა მოწოდებული. ბავშვები მეტად გაახარა საჩუქარმა და მადლიერება გამოთქვეს აქციის ორგანიზატორების მიმართ.

აქციაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს სწჯს-ის მოხალისეებმა, რომლებიც დაეხმარნენ კომპანია "გურ ქაინაქის" წარმომადგენლებს ბავშვებისათვის საჩუქრების განაწილებაში, ხოლო შემდგომ სიამოვნებით დაესწრნენ ბავშვების მიერ გამართულ ღონისძიებას, რომლის ფარგლებშიც პატარებმა შეასრულეს ქართული სიმღერები.

უნდა აღინიშნოს, რომ ბავშვთა სახლის აღსაზრდელები ეუფლებიან სხვადასხვა ხელსაქმეს. ისინი ხშირად აწყობენ გამოფენა-გაყიდვებს, სადაც სიამაყით წარმოადგენენ საკუთარ ნამუშევრებს. ბავშვების ნამუშევრებმა სწჯს-ის წარმომადგენლების დიდი მოწონება დაიმსახურა.
სწჯს უკვე მეორედ ესტუმრა ბავშვთა სახლ "ლამპიონს" და მომავალშიც გეგმავს ბავშვებისათვის სხვადასხვა საქველმოქმედო აქციების განხორციელებას.