:: English ::


პირველი დახმარების აქცია "მთაწმინდის პარკში"

2009 წლის 13 სექტემბერს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ "მთაწმინდის პარკში" მოაწყო ღონისძიება, რომელიც საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების 91 წლისთავსა და პირველი დახმარების მსოფლიო დღეს ეძღვნებოდა.

ყოველწლიურად 100-ზე მეტი წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ეროვნული საზოგადოება მსოფლიო მასშტაბით აწყობს პირველი დახმარების შესახებ ცოდნის გავრცელების აქციებს და ამცნობს მოსახლეობას, თუ როგორ შეიძლება პირველი დახმარების აღმოჩენამ გადაარჩინოს ადამიანთა სიცოცხლე მშვიდობიან თუ კრიზისულ სიტუაციაში.

პირველი დახმარების აქციის ფარგლებში სწჯს-ის მოხალისეებმა გაავრცელეს ინფორმაცია სწჯს-ის საქმიანობების შესახებ. სპეციალური მულაჟებით და უბედური შემთხვევის სიმულაციის მაგალითზე სწჯს-ის მოხალისეებმა აჩვენეს დამსწრე საზოგადოებას თუ როგორ ხორციელდება პირველი დახმარების აღმოჩენა.
"მთაწმინდის პარკში" მოსულმა სტუმრებმა დიდი ინტერესით მიიღეს მონაწილეობა აქციაში, დაისვა ბევრი შეკითხვა და ახალგაზრდებს მოეწონათ სწჯს-ის ინიციატივა პირველი დახმარების შესახებ საზოგადოებაში ცოდნის გავრცელების თაობაზე. აქციას ასევე ესწრებოდნენ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის და ნორვეგიის წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლები.
ზემოხსენებული ღონისძიების ფარგლებში ასევე მოეწყო ფონდების მოძიების აქცია. აქციიდან შემოსული შემოწირულობა მოხმარდება ბავშვთა სახლების აღსაზრდელებს.

პირველი დახმარების აქციის განხორციელებაში სწჯს-ს მხარდამჭერები იყვნენ: წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, "მთაწმინდის პარკის" ადმინისტრაცია და თბილისის მერია.