საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების რეაგირება ონში მომხდარ მიწისძვრაზე

ზოგადი მდგომარეობა
2009 წლის 8 სექტემბერს გამთენიისას 2:41 საათზე ონში, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში დაფიქსირდა 6.2 ბალიანი მიწისძვრა რიხტერის შკალის მიხედვით. რყევების ინტენსივობამ მიწისძვრის ეპიცენტრში 8 ბალს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ ძლიერი ბიძგები მიწისძვრიდან 3-4 საათის განმავლობაში გრძელდებოდა და 3:02 საათზე დაფიქსირდა 4 ბალი რიხტერის შკალით. ბიძგები ასევე იგრძნობოდა თბილისში, გორსა და ზუგდიდში.
ძლიერი დაზიანებები აღენიშნა მიწისძვრის ეპიცენტრში მდებარე სახლებს, ხოლო შოვის გზა და პაპილონის ხეობა დროებით ჩაიკეტა. საავტომობილო მოძრაობის აღდგენა მხოლოდ გზის გამწმენდი სამუშაოების შემდგომ მოხერხდა. მიწისძვრის შედეგად ყველაზე მეტად ონის რაიონში მდებარე შემდეგი სოფლები დაზარალდა: რუნდა, ჭორი, ქჩმორი, წედისი, სორგითი, ონჭეკი, ორი, ჟახვა, ნაკიეთი, ნიგვზიანი და ვანისხევი.
სწრაფი შეფასება
2009 წლის 8 სექტემბერს, დილის 8 საათზე სწჯს-ის კატასტროფებზე რეაგირების სამსახურის კოორდინატორი დაუკავშირდა საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის კატასტროფების ანალიზის განყოფილების უფროსს ბატონ თემურ მელქაძეს და მიიღო დეტალური ინფორმაცია ონში მომხდარ მიწისძვრასთან და იმ დროისათვის არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით.
შეიქმნა წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციისა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ერთობლივი სწრაფი შეფასების ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ სწჯს-ის კატასტროფების მართვის პროგრამების კოორდინატორი კახა მამულაძე, სწჯს-ის ქუთაისის ფილიალის მოხალისე და რეგიონული კატასტროფებზე რეაგირების ჯგუფის წევრი გიორგი ულუმბელაშვილი, ასევე წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის კატასტროფების მართვის დელეგატი - იასენ სლივენსკი. დღის 12 საათზე სწრაფი შეფასების ჯგუფი გაემგზავრა ონში ადგილზე მდგომარეობის შესასწავლად.
დღის 5 საათზე სწრაფი შეფასების ჯგუფი უკვე ონში იმყოფებოდა, სადაც იგი გაეცნო საგანგებო შტაბის წევრებს და მიიღო ბოლო ინფორმაცია არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. წითელი ჯვრის სწრაფი შეფასების გჯუფი შეუერთდა საგანგებო შტაბს და ერთობლივად ხდებოდა ინფორმაციის შეკრება და გაანალიზება.
გამოვლენილი საჭიროებები
პირველადი შეფასების შედეგად ნათელი გახდა, რომ მოსახლეობაში არ აღინიშნებოდა სურსათის და სასმელი წყლის დეფიციტი, რადგანაც მიწისძვრის შედეგად არ დაზიანებულა სასმელი წყლით მომარაგების სისტემა. მოსახლეობის პირველად საჭიროებას წარმოადგენდა კარვები, რადგანაც უმრავლესობას ეშინოდა დაზიანებულ სახლში დაძინება. შაბოლოოდ, შეფასების შედეგად გამოვლინდა შემდეგი საჭიროებები: კარვები, ლეიბები, საბნები და თეთრეულის კომპლექტი.
სწჯს-ის კატასტროფაზე რეაგირება
სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტმა პირველ ეტაპზე მხოლოდ 80 კარვის მიწოდება უზრუნველყო, რაც თავისთავად არ აღმოჩნდა საკმარისი მოსახლეობის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სწჯს-ის ხელძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სწჯს-ის საწყობში არსებული 140 კარავი გაგზავნილიყო ონში მოსახლეობის დასახმარებლად.
2009 წლის 9 სექტემბერს, მიწისძვრის მეორე დღეს, სწჯს-ის კატასტროფების მართვის კოორდინატორი და წჯ/წნ საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის დელეგატი ჩაანაცვლეს სწჯს-ის სათაო ოფისის თანამშრომლებმა, მათ შორის საინფორმაციო სამსახურის მენეჯერმა. სწჯს-მ უზრუნველყო 140 კარვის მიწოდება ონის გამგეობისათვის. სწჯს-ის თანამშრომლები ონში ჩავიდნენ საღამოს 6 საათზე და 45 წუთის შემდეგ უკვე ადგილზე იყო სატვირთო ავტომობილი საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების 140 კარვით.
სწჯს-ის მოხალისეებმა ადგილობრივი მაცხოვრებლების დახმარებით დაუყოვნებლივ დაიწყეს სატვირთო ავტომობილის ჩამოტვირთვა და იმავე დღესვე მოხდა კარვების დიდი ნაწილის საცხოვრებელ ადგილზე მიტანა დაზარალებული მოსახლეობისათვის.
სწჯს-ის თანამშრომლები განთავსდნენ საგანგებო შტაბში, რომელიც გამგეობის შენობის წინ გაშვილ კარავში იყო მოწყობილი და დახმარებას უწევდნენ გამგეობას კარვების დისტრიბუციის პროცესში. პრიორიტეტი მიენიჭა მრავალშვილიან ოჯახებსა და იმ პირებს, ვისი საცხოვრებელიც ძლიერ დაზიანდა.
სწჯს-ის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს ონის რაიონული ცენტრი და მოამზადეს დისტრიბუციის პროცესის ამსახველი ფოტო მასალა. ასვე მოხდა ადგილობრივ საჭიროებებზე უახლესი ინფორმაციის შეგროვება.
სწჯს-ის მიერ ჩატანილი ჰუმანიტარული ტვირთი 140 კარვის მოცულობით, 10 სექტემბრისათვის ჩატანილი ყველაზე დიდი დახმარება აღმოჩნდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად 1300-ზე მეტი სახლი დაზიანდა ან დაინგრა.
|