:: English ::


საქველმოქმედო და საინფორმაციო აქციები ბათუმში

2009 წლის 27 აგვისტოს ქ. ბათუმში “სოლფერინოს დღეების” ფარგლებში სწჯს-მ მოაწყო სხვადასხვა სახის საინფორმაციო თუ საქველმოქმედო ღონისძიებები. თავდაპირველად ღია ავტობუსის მეშვეობით სწჯს-ის მოხალისეებმა მოაწყეს ცოდნის გავრცელების აქცია, რომლის ფარგლებშიც მოსახლეობაში გავრცელდა საინფორმაციო მასალები სწჯს-ის საქმიანობებთან დაკავშირებით. საინფორმაციო მასალები დაიბეჭდა “ლე ლაბორატეა სერვიე”-ს მხარდაჭერით.

ზემოაღნიშნულ ღონისძიებას მოჰყვა ფონდების მოძიების აქცია ბათუმის ბაზარში, სადაც სწჯს-ის მოხალისეებმა მობილური შემოწირულობის ყუთების მეშვეობით მოიძიეს თანხები საქველმოქმედო ღონისძიებისთვის. ფონდების მოძიების აქციის დროს ასევე დარიგდა საინფორმაციო მასალები.

უნდა აღინიშნოს, რომ დღეს უკვე თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პარალელურად, სწჯს-ის შემოწირულობის ყუთი უკვე დგას ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც. სწჯს-მ დღის 12 საათზე მოაწყო შემოწირულობის ყუთის პრეზენტაცია და იგი ოფიციალურად გახსნა სწჯს-ის გენერალურმა მდივანმა ბ-ნ გოჩა ღუჭაშვილმა. შემოწირულობის ყუთის გახსნას დაესწრო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ადმინისტრაცია, კომპანია “სიქორ ინვაირონმენთალის” წარმომადგენელი ჯონ ბოლინჯერი, რომლის თანადგომითაც დამზადდა შემოწირულობის ყუთი. აეროპორტში გამართულ ღონისძიებას ასევე დაესწრნენ სწჯს-ის სათაო ოფისისა და ბათუმის ფილიალის თანამშრომლები და მოხალისეები.

საღამოს ბათუმის “ზღვისპირა პარკში” ღია ცის ქვეშ მოეწყო სწჯს-ის ფსიქო-სოციალური და პირველი დახმარების, ასევე კატასტროფების მართვის პროგრამების ფარგლებში განხორციელებული საქმიანობების ამსახველი ფოტო მასალის გამოფენა.  გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იყო 2008 წლის აგვისტოში განვითარებული კონფლიქტის პერიოდში სწჯს-ის მოხალისეების მიერ განხორციელებული საქმიანობების ფოტოსურათები. გამოფენა გახსნისთანავე მოექცა დამსვენებელთა ყურადღების ცენტრში და ბევრმა ადგილობრივმა თუ უცხოელმა დამსვენებელმა მიაკითხა სწჯს-ის კუთხეს, სადაც სწჯს-ის მოხალისეები არიგებდნენ სწჯს-ის საინფორმაციო მასალებს, ხოლო სწჯს-ის თანამშრომლები პასუხობდნენ მოსახლეობის შეკითხვებს.

     

27 აგვისტოს გამართული აქციები დასრულდა წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის 150 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო მსვლელობით. სწჯს-ის თანამშრომლებმა და მოხალისეებმა მოაწყვეს მსვლელობა ანთებული ჩირაღდნებით და პატივი მიაგეს 150 წლის წინ სოფელ სოლფერინოში დაღუპული და დაზარალებული ადამიანების ხსოვნას. აღნიშნულ მსვლელობას ეწოდება “Fiacollata” და იგი ყოველ წელს იმართება იტალიის სოფელ სოლფერინოში და ახსენებს საზოგადოებას წითელი ჯვრის საერთაშორისო მოძრაობის ისტორიას და მის მნიშვნელობას. წელს “Fiacollata” საქართველოში პირველად ჩატარდა და მასში სწჯს-ის თანამშრომლებმა და მოხალისეებმა მიიღეს მონაწილეობა. 

ჩირაღდნებით მსვლელობა მეტად შთამბეჭდავი იყო. ბევრი დაინტერესდა ამ ტრადიციის წარმომავლობით და სწჯს-ის მოხალისეებს კიდევ ერთხელ მიეცათ საშუალება ცოდნა გაევრცელებინათ სწჯს-ისა და წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის შესახებ.