საქველმოქმედო აქცია ბათუმის ბავშვთა სახლისათვის

2009 წლის 24-27 აგვისტოს სწჯს-მ მოაწყო წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის 150 წლისთავისადმი მიძღვნილი ოთხ დღიანი საიუბილეო ღონისძიება, რომელიც "სოლფერინოს დღეების" ეგიდით წარიმართა. აქციების განხორციელებაში აქტიური მონაწილეობა მიიღო ბათუმის წითელი ჯვრის ფილიალმა.
"სოლფერინოს დღეებს" ქ. ბათუმში წინ უსწრებდა 2009 წლის 23-28 ივნისს იტალიაში, კერძოდ ქ. სოლფერინოში გამართული გრანდიოზული ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის 8000-მა მოხალისემ ერთად აღნიშნა 150 წელი სოლფერინოს ბრძოლიდან ანუ წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის 150 წლისთავი.
"სოლფერინოს დღეების" ფარგლებში 2009 წლის 26 აგვისტოს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ ქ. ბათუმის მიუსაფარ ბავშვთა სახლისათვის მოაწყო საქველმოქმედო აქცია და ბათუმის ფილიალის მიერ ფონდების მოძიების შედეგად შემოსული თანხით შეუძინა სარეცხი მანქანა. სწჯს-ის მოხალისეებმა კომპანია "არაი თუმოროუს" წარმომადგენლებთან ერთად მიუტანეს საჩუქარი ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს, რამაც ბავშვების დიდი სიხარული გამოიწვია. ბავშვებმა წითელი ჯვრის მოხალისეებს დაათვალიერებინეს მათი საცხოვრებელი სახლი და სთხოვეს მათთან ერთად ეთამაშათ.
დღის მეორე ნახევარში წითელმა ჯვარმა ბავშვთა სახლის 20 აღსაზრდელი წაიყვანა ბათუმის "ზღვისპირა პარკში", სადაც მათ სიურპრიზი ელოდათ. კერძოდ, წითელი ჯვირს ბათუმის ფილიალმა სპეციალურად ბავშვებისათვის მოიწვია მხატვარი. ბავშვებმა მხატვართან ერთად შეასრულეს ნახატები წითელი ჯვრის თემაზე და შემდგომ ნამუშევრები აჩვენეს ბათუმში სტუმრად ჩამოსულ ქ. ქუთაისის ხანდაზმულთა სოციალური პროგრამის ბენეფიციარებს. უნდა აღინიშნოს, რომ სწჯს-ის სოციალური პროგრამის ბენეფიციარები აქტიურად ჩაერთნენ წითელი ჯვრის საქველმოქმედო აქციაში და დაეხმარნენ პატარებს ხატვის გაკვეთილზე ლამაზი ნამუშევრების შესრულებაში. საღამოს პატარები ტკბილეულზე და გამაგრილებელ სასმელებზე დაპატიჟა კომპანია "არაი თუმოროუს" წარმომადგენელმა, რომელიც მთელი დღის განმავლობაში დაესწრო ბავშვთა სახლისთვის ორგანიზებულ საქველმოქმედო აქციას.
|