:: English ::


სწჯს სემინარი ორგანიზაციულ განვითარებაზე

2009 წლის 30-31 ივლისს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების (სწჯს) მიერ ორგანიზაციული განვითარების – “ფილიალების განვითარების პროექტის” ფარგლებში სწჯს-ს ფილიალების ხელმძღვანელობის, თანამშრომლებისა და მოხალისეებისთვის ჩატარდა ტრენინგი პროექტის დაგეგმვაზე. ტრენინგისთვის გამოყენებულ იქნა მასალები პროექტის დაგეგმვის განახლებული სახელმძღვანელოდან (საერთაშორისო ფედერაციის სტანდარტი). პრეზენტაცია მოიცავდა შედეგებზე დაფუძნებული მენეჯმენტის საკითხებს; განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროექტის დაგეგმვასა და ლოგიკური ჩარჩოს შემუშავებას მისი ყველა შემადგენელი კომპონენტის გათვალისწინებით. ტრენინგის მონაწილეებმა მუშაობა გააგრძელეს ჯგუფებში და ლოგიკური ჩარჩოები შეიმუშავეს მათ მიერ წინასწარ შერჩეულ თემებზე (ახალგაზრდული წითელი ჯვრის განვითარება და სოციალური დახმარება მარტოხელა მოხუცთათვის). ჯგუფებში დისკუსიების დროს მონაწილეებმა განიხილეს რესურსების მობილიზების, სწჯს-ს ახალგაზრდული წითელი ჯვრისა და მოხალისეობის განვითარების საქმიანობები. სწჯს-ს საქმიანობის მდგრადობისა და ორგანიზაციის მისიის წარმატებით შესრულების მიზნით (როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე), მონაწილეებმა ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით თავიანთი შეხედულებები და გამოცდილება ერთმანეთს გაუზიარეს.