:: English ::


მსოფლიო ახალგაზრდული შეხვედრა სოლფერინოში

2009 წლის 23-28 ივნისს სწჯს-ის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს წითელი ჯვრისა და წჯ/წნ საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის და იტალიის წითელი ჯვრის მიერ ერთობლივად ორგანიზებულ მესამე მსოფლიო ახალგაზრდულ შეხვედრაში, რომელიც გაიმართა სოლფერინოში, იტალია. საქართველოს წითელ ჯვარს იტალიაში წარმოადგენდნენ ახალგაზრდული სამსახურის მენეჯერი, საინფორმაციო სამსახურის მენეჯერი, მოხალისეების სამსახურის მენეჯერი და ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოხალისე.
გარდა ახალგაზრდული შეხვედრისა, წელს სოლფერინოში აღინიშნა წჯ/წნ საერთაშორისო მოძრაობის 150 წლისთავი. იტალიაში ორგანიზებულმა ბანაკმა მთლიანობაში უმასპინძლა 8000-მდე ადამიანს, რომლის დიდ ნაწილს სწორედ ახალგაზრდული წითელი ჯვრის მოხალისეები წარმოადგენდნენ. ხუთი დღის განმავლობაში ახალგაზრდული შეხვედრის მონაწილეებს საშუალება მიეცათ მონაწილეობა მიეღოთ მთელ რიგ საინტერესო სემინარებსა თუ დისკუსიებში. საქართველოს წითელი ჯვრის დელეგაცია დაესწრო შემდეგ სემინარებს: ახალგაზრდა ლიდერთა ტრეინინგი, რესურსების მობილიზება, ფილიალებისა და მოხალისეობის განვითარება.
ბანაკი ასევე გამოირჩეოდა მრავალფეროვანი და საინტერესო კულტურული ნაწილითაც. ორი დღის განმავლობაში 150-ზე მეტი ეროვნული საზოგადოების წარმომადგენელმა მოაწყო საკუთარი ქვეყნის სამზარეულოს, ცეკვების და ფოლკლორის პრეზენტაცია, რაც თავისთავად თვალწარმტაც სანახაობას წარმოადგენდა. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს დელეგაციის მიერ მომზადებულმა პრეზენტაციამ უამრავი ქვეყნის წარმომადგენლის ყურადღება მიიპყრო და ქართული ღვინის მიმართაც არ დარჩენილან გულგრილნი.
სოლფერინოს ბანაკის ბოლო დღეს მოხდა ახალგაზრდული წითელი ჯვრის დეკლარაციის წაკითხვა, რომელიც შემდგომ წარედგინა წჯ/წნ საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელობას ქ. ჟენევაში. 28 ივნისიდან 4 აგვისტომდე სწორედ ქ. ჟენევაში გაგრძელდა იუბილის აღნიშვნა და ახალგაზრდული წითელი ჯვრის მოხალისეებმა სამ დღიან მსვლელობაში მიიღეს მონაწილეობა იტალიიდან შვეიცარიამდე.
სოლფერინოს ბანაკი პომპეზურად დასრულდა 27 ივნისს საღამოს, როდესაც მოეწყო "FIAჩOLAთA" ანუ რვა კილომეტრიანი მსვლელობა ანთებული ჩირაღდნებით. მსვლელობა სიმბოლურად განასახიერებს წითელი ჯვრის ექთნების გზას, რომელიც მათ განვლეს 150 წლის წინ სოლფერინოშო გაჩაღებული ომის დროს. წლევანდელი "FIAჩOLAთA" მართლაც გამორჩეული იყო და მასში თითქმის 8000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.