:: English ::


საქველმოქმედო ღონისძიება უსინათლო ბავშვებისთვის

2009 წლის 3 ივნისს, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ მოხალისეებთან ერთად მოინახულა უსინათლო ბავშვთა სკოლა-პანსიონის აღსაზრდელები და მათ საჩუქრად “ვესტელი”-ს ფირმის ტელევიზორი გადასცა. ბავშვები აღფრთოვანებით შეხვდნენ ამ საჩუქარს, ვინაიდან ეს მათი დიდი ხნის სურვილი იყო.

 “ - რა კარგია, ეხლა რომელ არხსაც გვინდა, იმას ვუყურებთ. მე ყველაზე ძალიან მულტფილმები მიყვარს” – სიხარულით აღნიშნავდა პატარა მარეხი. ბავშვები ყუთს შემოეხვივნენ და სულმოუთქმელად ელოდებოდნენ ტელევიზორის ჩართვას.

უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული საჩუქრის გაკეთება შესაძლებელი გახდა კომპანია “ელიტ-ელექტრონიქსის” მხარდაჭერით. ა.წ. 8 მაისს “წითელი ჯვრის კვირეულის” ფარგლებში ვაკის პარკში გამართულ კონცერტზე უსინათლო ბავშვთა სკოლის მოსწავლეები წარსდგნენ ხალხური სიმღერებით; ამავე კონცერტზე წითელი ჯვრის მოხალისეებმა შემოწირულობის ყუთების მეშვეობით შეაგროვეს თანხის ნაწილი სკოლის დასახმარებლად. ვინაიდან შეგროვილი თანხა არასაკმარისი აღმოჩნდა ტელევიზორის შესაძენად, წითელმა ჯვარმა მოიძია კომპანია, რომლის თანამონაწილეობით  შესაძლებელი გახდა საჩუქრის შეძენა. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება მადლობას უხდის “ელიტ-ელექტრონიქსს”, რომელიც არაერთხელ დაგვიდგა გვერდში და ყოველთვის მხარს გვიჭერს ჰუმანიტარული მისიის განხორციელებაში.