:: English ::


წითელი ჯვრის კუთხის გახსნა თბილისის საჯარო სკოლაში

2009 წლის 4 მაისს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ახალგაზრდულმა სამსახურმა თბილისის მე-14 საჯარო სკოლაში მოაწყო საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების კუთხის პრეზენტაცია. კუთხის გახსნა ეძღვნებოდა 8 მაისს - წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო დღეს.

სწჯს-ის წარმომადგენლებმა ჩაატარეს სემინარი წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის შესახებ; ანიმაციური ფილმის საშუალებით მოსწავლეებს შეახსენეს წჯ/წნ საერთაშორისო მოძრაობის შვიდი ფუძემდებლური პრინციპი. ახალგაზრდებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია სწჯს-ის ახალგაზრდული სამსახურის საქმიანობებისა და სწჯს-ში მოხალისეობის თაობაზე. სემინარს ესწრებოდნენ მე-14 საჯარო სკოლის მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები და დირექცია.

უნდა აღინიშნოს, რომ სკოლებში სწჯს-ის კუთხეების მოწყობა მიზნად ისახავს ეროვნული საზოგადოების პოპულარიზაციას, ცოდნის გავრცელებას წითელი ჯვრის შესახებ და ახალგაზრდობის ჩართვას სწჯს-ის საქმიანობებში, ასევე იმ მოხალისეების წახალისებას, რომლებიც დგანან ხალხისა და წითელი ჯვრის გვერდით. ყოველი კუთხე ბიულეტენების, ბროშურებისა თუ სურათების კოლაჟის მეშვეობით ასახავს სწჯს-ის საქმიანობებს, ხოლო სკოლებში განთავსებული სურათების სტენდზე ბავშვებს შეუძლიათ იხილონ საკუთარი თავი ამა თუ იმ საქველმოქმედო აქციაში თუ სემინარში მონაწილეობიდან გამომდინარე.

სწჯს-ის ახალგაზრდული სამსახური მომავალშიც გეგმავს ანალოგიური აქციის განხორციელებას პირველ რიგში იმ სკოლებში, სადაც უკვე ჩამოყალიბებულია ხუთი მოსწავლისაგან შემდგარი ‘ხუთთა კომიტეტები".