:: English ::


აივ/შიდსის პრევენცია და სტიგმასთან ბრძოლა


2005 წელში სწჯს-ის სტრატეგიული სამოქმედო გეგმის შესრულება აისახა “აივ/შიდსი და სტიგმასთან ბრძოლა” პროექტის განხორციელებაში. 
პროექტის მიზანს წარმოადგენს საზოგადოების ცოდნის ამაღლება აივ/შიდსზე,  მისი თავიდან აცილებისა და გადაცემის გზებთან დაკავშირებით. რეგულარულად ტარდება ტრენინგები სწჯს-ის სოციალური პროექტის თანამშრომლებისა და მოხალისეებისათვის, რათა მათ უზრუნველყონ საზოგადოების ყოველი წევრისათვის აივ/შიდსთან დაკავშირებით ზუსტი და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება. პროექტი ითვალისწინებს საინფორმაციო მასალების დაბეჭდვას აივ/შიდსის თემაზე და KAP კვლევების ჩატარებას საზოგადოებაში.

წარმატებული შედეგების მისაღწევად საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება მჭიდროდ თანამშრომლობს აივ/შიდსის სფეროში მომუშავე როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მათ შორის: ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი, “თანადგომა”, “ჰერა XXI” და სხვ. “ჰერა XXI” ასოციაციასთან ერთად სწჯს კინოთეატრ ამირანში გამართა ფილმის ჩვენება აივ/შიდსის ისტორიასთან დაკავშირებით. ღონისძიებას დაესწრო 100 ადამიანი. ქუთაისსა და ახალციხეში “ჰერა XXI”-ს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრო 50-ზე მეტი სწჯს-ის მოხალისე.
2005 წლიდან სწჯს აქტიურად მონაწილეობს ადგილობრივ თუ საერთაშორისო კონფერენციებში. Aამავე წელს სწჯს გახდა ევროპის წჯ/წნ საზოგადოებათა ქსელის წევრი აივ/შიდსზე, ზიანის შემცირებასა და ტუბერკულოზზე. (ERNA)

სწჯს-ის წარმომადგენლებმა, ჯანმრთელობის დაცვის კოორდინატორმა და ზიანის შემცირების ოფიცერმა 2007 წლის 21-24 სექტემბრის ჩათვლით  მონაწილეობა მიიღეს ERNA-ს ყოველწლიურ შეხვედრაში, რომელიც გაიმართა ქ. ტალინში(ესტონეთი). აღნიშნულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა ევროპის წჯ/წნ საზოგადოებების აივ/შიდსის და ტუბერკულოზის პროგრამებში საზოგადოების მონაწილეობას და საზოგადოების დაზარალებულ წევრებთან ურთიერთობას.
2006 წელს, კანადაში, აივ/შიდსის XVI კონფერენციაზე მიღებულ იქნა სწჯს-ის მიერ წარდგენილი კვლევა აივ/შიდსთან და სტიგმასთან დაკავშირებით, რომელიც განხორციელდა საქართველოს ორ რეგიონში.

სწჯს-ს ღრმად სწამს, რომ აივ/შიდსის შესახებ საზოგადოების ინფორმირების გზით საგრძნობლად შემცირდება დისკრიმინაცია ამ ვირუსით ინფიცირებულთა მიმართ. 2006 წელს სწჯს-მ განახორციელა ანტი სტიგმის კამპანია, რომლის ფარგლებშიც დაიბეჭდა საინფორმაციო მასალები და დარიგდა სხვადასხვა დაწესებულებებში და უმაღლეს სასწავლებლებში. სწჯს მონაწილეობს პარტნიორ ეროვნულ საზოგადოებებთან ერთად ინფორმაციის გაცვლისა და აივ/შიდსის თემაზე საინფორმაციო/შემეცნებითი სემინარების ჩატარებაში.

2006 წლის დასასრულისათვის 3000-ზე მეტმა ახალგაზრდამ მიიღო ცოდნა აივ/შიდსთან დაკავშირებით. სწჯს-ის 65 მოხალისესა და 10 თანამშრომელს ჩაუტარდა ტრეინინგი. 2007 წელს ნაცვლად დაგეგმილი 1250 ბენეფიციარისა აივ/შიდსის პრევენციის, გადაცემის გზებისა და მკურნალობის შესახებ ცოდნა აიმაღლა 4032 ადამიანმა ქ. თბილისში და 5 მიზნობრივ რეგიონში (აჭარა, სამეგრელო, იმერეთი, გურია, ქვემო ქართლი). ინფორმაციის მიწოდება უზრუნველყო სწჯს-ის  თანამშრომლებმა, ექვსმა საკონტაქტო პირმა, 125 მოხალისემ და თემის ლიდერებმა.

სწჯს არის პრეზენტაციის სამუშაო ჯგუფის წევრი (PTF),  რომლის შექმნის ინიციატივაც ეკუთვნის ორგანიზაციას “გადავარჩინოთ ბავშვები”. აღნიშნულ ჯგუფში წარმოდგენილია აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის სფეროში მოქმედი ეროვნული და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები. ჯგუფის მთავარ მიზანს წარმოადგენს ამ სფეროში კოორდინირებული საქმიანობების განხორციელება. 2008 წელს სწჯს-მ სურვილი გამოთქვა გაწევრიანებულიყო აივ/შიდსის გლობალურ ალიანსში და ამ მიზნით წერილობითი მიმართვა გაეგზავნა წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციას.
პროექტის განხორციელება გაგრძელდა 2008 წელსაც. ზემოხსენებული საქმიანობები ამჟამადაც მიმდინარეობს საქართველოს 7 რეგიონში: თბილისი, აჭარა, იმერეთი, შიდა ქართლი, სამეგრელო და კახეთი.