:: English ::


დ ე ბ უ ლ ე ბ ა

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების
ადგილობრივი ორგანიზაციის შესახებ

თავი I

ზოგადი ნაწილი

მუხლი 1

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ადგილობრივი (დაბის, რაიონული და საქალაქო) ორგანიზაცია (შემდგომში `ადგილობრივი ორგანიზაცია`) წარმოადგენს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც საქმიანობას ახორციელებს `წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ~ საქართველოს კანონის, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების (შემდგომში `ეროვნული საზოგადოება`) წესდების, წინამდებარე დებულებისა და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. დებულება სავალდებულოა ყველა ადგილობრივი ორგანიზაციისთვის. 

1.1. გადაწყვეტილებას ადგილობრივი ორგანიზაციას შექმნის შესახებ იღებს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გენერალური ასამბლეის პრეზიდიუმი. Eეროვნული საზოგადოების სტრუქტურა ძირითადად ემთხვევა ქვეყნის ადმინისტრაციულ ტერიტორიულ დაყოფას. ამავე დროს საქართველოს გენერალური ასამბლეის პრეზიდიუმს უფლება აქვს შექმნას ადგილობრივი ორგანიზაცია იმ საზღვრებში, რომლებიც შესაძლებელია არ დაემთხვეს ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ დაყოფას.

1.2. ადგილობრივი ორგანიზაცია შეიძლება შეიქმნას საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების არანაკლებ 25 (ოცდახუთი) წევრის არსებობის შემთხვევაში.

1.3. გარდა სწჯს წევრთა ოდენობისა და ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფისა, ეროვნული საზოგადოების გენერალური ასამბლეის პრეზიდიუმის მიერ ადგილობრივი ორგანიზაციების შექმნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს შემდეგი კრიტერიუმები: მაღალმთიანი რაიონები, სტიქიურად საშიში და კონფლიქტის ზონები, ადამიანური, ფინანსური და მატერიალური რესურსებისა და სამოქმედო გეგმის არსებობა, ეროვნული საზოგადოების საწესდებო მოთხოვნების შესრულება და ჰუმანიტარული საქმიანობების განხორციელება.

1.4. ადგილობრივ ორგანიზაციას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად აქვს ფილიალის სტატუსი, იგი არ წარმოადგენს იურიდიულ პირს;

1.5. ადგილობრივი ორგანიზაცია ანგარიშვალდებულია საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გენერალური ასამბლეის და მისი პრეზიდიუმის წინაშე.

1.6. თუ ეროვნული საზოგადოების ადგილობრივი ორგანიზაცია ვერ ასრულებს საწესდებო მოთხოვნებს, ან არ მოქმედებს ეროვნული საზოგადოების შიდა დებულებების შესაბამისად, არ ახორციელებს ჰუმანიტარულ საქმიანობებს და ასევე ამ დებულების 11-ე მუხლით განსაზღვრული სხვა გარემოებების არსებობისას, გენერალური ასამბლეის პრეზიდიუმს უფლება აქვს გააუქმოს ფილიალი;

1.7. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წევრობა ნებაყოფლობითია.

1.8. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წევრობა არის ღია ყველასათვის, მათ შორის ლტოლვილებისთვის და რეპატრიანტებისთვის (თუ არ ეწინააღმდეგება ეროვნულ კანონმდებლობას), განურჩევლად ეროვნების რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნების, ეთნიკური და სოციალური წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა, ვინც აღიარებს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წესდებას და წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის ფუძემდებლურ პრინციპებს;

1.9. საზოგადოებაში გაწევრიანება ხდება საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ადგილობრივი ორგანიზაციის პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით ფიზიკური პირის მუდმივი საცხოვრებელი (რეგისტრაციის) ადგილის მიხედვით, პირის წერილობითი განცხადების საფუძველზე, ხოლო იმ ტერიტორიულ ერთეულებში სადაც გენერალური ასამბლეის პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით არ არის შექმნილი საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ადგილობრივი ორგანიზაცია, სწჯს-ში გაწევრიანებას ახორციელებს გენერალური ასამბლეის პრეზიდიუმი ფიზიკური პირის წერილობითი განცხადების საფუძველზე.

1.10. სწჯს-ში გაწევრინების მსურველმა, წერილობითი განცხადებასთან ერთად უნდა წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

1.11. ადგილობრივი ორგანიზაციის ან გენერალური ასამბლეის პრეზიდიუმი გაწევრიანების შესახებ განცხადებას განიხილავს მომდევნო უახლოეს სხდომაზე.

1.12. ეროვნული საზოგადოების წლიური საწევრო გადასახადის ოდენობას განსაზღვრავს გენერალური ასამბლეის პრეზიდიუმი.

1.13. სწჯს წესდების 12-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წევრობის დაკარგვის საფუძვლებია:

  1. წლიური საწევრო შენატანის გადაუხდელობა (ხელმომწერი წევრისთვის);
  2. ეროვნული საზოგადოებიდან გასვლა;
  3. ეროვნული საზოგადოებიდან გარიცხვა;
  4. წევრის გარდაცვალება.

1.14. სწჯს-ის ყველა წევრს უფლება აქვს ნებისმიერ დროს წერილობითი ფორმით განაცხადოს ეროვნული საზოგადოებიდან გასვლის შესახებ;

1.15. ეროვნული საზოგადოების წესდების და წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის ფუძემდებლური პრინციპების დარღვევისას, ასევე ისეთ საქმიანობაში მონაწილეობისათვის, რომელიც ლახავს ორგანიზაციის ავტორიტეტს, წევრი, ადგილობრივი ორგანიზაციის საერთო კრების გადაწყვეტილებით, შეიძლება გაირიცხოს საზოგადოებიდან ეროვნული საზოგადოების საპროცედურო წესების დაცვით და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

1.16. ეროვნული საზოგადოების წევრს უფლება აქვს გაასაჩივროს ადგილობრივი ორგანიზაციის კრების გადაწყვეტილება საზოგადოებიდან მისი გარიცხვის თაობაზე, გენერალური ასამბლეის პრეზიდიუმში, რომელიც ეროვნული საზოგადოების საპროცედურო წესების შესაბამისად საჩივარს განიხილავს სააპელაციო წესით.

1.17. ეროვნული საზოგადოებიდან წევრის საჩივარს გარიცხვის შესახებ, განიხილავს სააპელაციო კომიტეტი, რომელიც შედგება გენერალური ასამბლეის მიერ არჩეული სამი წევრისგან. სააპელაციო კომიტეტის პროცედურები განსაზღვრულია სწჯს-ის სააპელაციო კომიტეტის საპროცედურო წესებით. სააპელაციო კომიტეტმა უნდა უზრუნველყოს, რომ წევრის მიმართ არ იქნას გამოყენებული უსამართლო ქმედება. გენერალური ასამბლეის პრეზიდიუმი გადაწყვეტილებას იღებს სააპელაციო კომიტეტის დასკვნისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით. 

თავი II
ადგილობრივი ორგანიზაციის მიზანი და ამოცანები

მუხლი 2

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ადგილობრივი ორგანიზაციის უმთავრეს მიზანს, რომელიც გამომდინარეობს ეროვნული საზოგადოების ძირითადი მიზნებიდან, წარმოადგენს გაჭირვებაში მყოფი ადამიანების ხვედრის შემსუბუქება, მისი გამომწვევი მიზეზების თავიდან აცილება და აღმოფხვრა, პიროვნების ღირსების პატივისცემა და დაცვა ეროვნების, რასის, სქესის, რელიგიის, ენის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ქონებრივი თუ წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. ადგილობრივი ორგანიზაცია წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის ფუძემდებლური პრინციპების დაცვით და ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ასრულებს შემდეგ ამოცანებს ადგილობრივ დონეზე:

2.1. ახორციელებს, დაუცველი ხალხისთვის, სხვადასხვა დაავადებათა პროფილაქტიკას და ჯანმრთელობის დაცვას, გაჭირვებაში მყოფი ადამიანების ხვედრის შემსუბუქების მიზნით აუცილებელ საქმიანობას, ასევე საქველმოქმედო პროგრამებს ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კატასტროფებზე რეაგირების, საზოგადოების საგანმანათლებლო კამპანიების და ფსიქო-სოციალური დახმარების საქველმოქმედო პროგრამებს;

2.2. ორგანიზებას უკეთებს შეიარაღებული კონფლიქტების, სტიქიური უბედურებებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების მსხვერპლთათვის სასწრაფო და სხვა სახის დახმარების ოპერაციებს, ყველა სახის უბედური შემთხვევის მსხვერპლთათვის ქმნის გადაუდებელი დახმარების სამსახურებს;

2.3. ავრცელებს ცოდნას წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის ფუძემდებლური პრინციპების და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ძირითადი პრინციპების შესახებ, ასევე ავრცელებს ინფორმაციას ეროვნული საზოგადოების საქმიანობის შესახებ მოსახლეობაში, განსაკუთრებით კი ბავშვებსა და ახალგაზრდებს შორის, რათა ხელი შეუწყონ მათში ადამიანებსა და ხალხებს შორის ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთგაგების იდეალების ფორმირებას;

2.4. უწევს სამედიცინო, სოციალურ, მორალურ, ფსიქოლოგიურ და სხვადასხვა სახის დახმარებას საზოგადოების დაუცველ ჯგუფებს, შესაბამის სამსახურების შექმნის მეშვეობით;

2.5. საქართველოს ტერიტორიაზე შექმნილი საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში იღებს დახმარებას საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ცენტრალური ოფისიდან და/ან ადგილობრივი მმართველობის ან თვითმმართველობის სტრუქტურებიდან;

2.6. ახორციელებს საქველმოქმედო საქმიანობას ხალხებს შორის მშვიდობის, მეგობრობისა და ურთიერთგაგების განმტკიცების მიზნით, სოციალური, ეთნიკური და რელიგიური კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად;

2.7. თანამშრომლობს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რათა უზრუნველყოფილი იქნას საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პატივისცემა, წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარისა და წითელი კრისტალის ემბლემების დაცვა;

2.8. არჩევს, ასწავლის და ამზადებს თანამშრომლებს, მათ შორის მოხალისეებს, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წესდებით გათვალისწინებული საქმიანობების განხორციელების მიზნით;

2.9. აგროვებს ინფორმაციას მოძიების სამსახურის მეშვეობით სტიქიური უბედურებებისა და შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად დაზარალებულთა შესახებ და აწვდის ინფორმაციას ეროვნული საზოგადოების შესაბამის სტრუქტურებს ცენტრალურ დონეზე; 2.10. მონაწილეობს სანიტარულ-ჰიგიენურ საკითხებში მოსახლეობის გათვითცნობიერების საქმეში, აგრეთვე პირველი სამედიცინო დახმარების და ჯანდაცვის საფუძვლების შესწავლაში;

2.11. ორგანიზებას უკეთებს ფონდების მოზიდვის ღონისძიებებს ადგილობრივ დონეზე და შეკრებილ საქველმოქმედო შემოწირულობებს იყენებს ჰუმანიტარული საქმიანობისთვის, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, ეროვნული საზოგადოების გენერალური ასამბლეის პრეზიდიუმთან შეთანხმებით;

2.12. ახორციელებს საქველმოქმედო, ჯანდაცვის, სამედიცინო-სოციალური, კულტურულ-საგანმანათლებლო, საინფორმაციო, საგამომცემლო, სარეკლამო, საგარეო-ეკონომიკური, მოძიების, საკონსულტაციო, იურიდიული, ფინანსური და სხვა სახის საქმიანობას, რომლებიც, მოქმედი კანონმდებლობის არ იკრძალება არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის.

თავი III
ადგილობრივი ორგანიზაციის სტრუქტურა

მუხლი 3

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას ადგილობრივ დონეზე ხელმძღვანელობენ:

  • ადგილობრივი ორგანიზაციის საერთო კრება; 
  •  ადგილობრივი ორგანიზაციის საერთო კრების პრეზიდიუმი;
  • ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე, ხოლო მმართველობას ახორციელებს ადგილობრივი ორგანიზაციის სამდივნო. 

თავი IV
ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელობა

მუხლი 4. ორგანიზაციის საერთო კრება

ადგილობრივი ორგანიზაციის საერთო კრების შემადგენლობა:

ადგილობრივი ორგანიზაციის საერთო კრება წარმოადგენს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას ადგილობრივ დონეზე. მის შემადგენლობაში წარმოდგენილი არიან:

  • ადგილობრივი ორგანიზაციის საერთო კრების პრეზიდიუმის (შემდგომში ადგილობრივი პრეზიდიუმი) წევრები, მათ შორის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე;
  • ადგილობრივი ორგანიზაციის წევრები

ადგილობრივი ორგანიზაციის საერთო კრების უფლებამოსილება:

ადგილობრივი ორგანიზაციის საერთო კრება არის ადგილობრივ დონეზე ეროვნული საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო.

ადგილობრივი ორგანიზაციის საერთო კრება:

4.1. ირჩევს ადგილობრივი პრეზიდიუმის წევრებს, ასევე ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარეს და მის კანდიდატურას წარადგენს გენერალური ასამბლეის პრეზიდიუმის წინაშე დასამტკიცებლად;

4.2. ირჩევს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გენერალური ასამბლეის დელეგატებს;

4.3. იხილავს და ამტკიცებს ადგილობრივი ორგანიზაციის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს და წლიურ გეგმებს;

4.4. იხილავს და წყვეტს საკითხს წითელი ჯვრის საზოგადოების წევრობიდან პირის გარიცხვის თაობაზე, თუ ადგილი აქვს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წევრის მიერ, ეროვნული საზოგადოების წესდებისა და წჯ და წნ საერთაშორისო მოძრაობის ფუძემდებლური პრინციპების დარღვევას, ასევე ისეთ საქმიანობაში მონაწილეობას, რომელიც ლახავს ორგანიზაციის ავტორიტეტს.

4.5. ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობის ვაკანსიის ან მის მიერ თავისი მოვალეობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ადგილობრივი ორგანიზაციის საერთო კრება ირჩევს თავმჯდომარეს იმ ვადით, რომელიც დარჩენილია ხელახალ არჩევნებამდე.

ადგილობრივი ორგანიზაციის საერთო კრების სხდომები:

4.6. ადგილობრივი ორგანიზაციის საერთო კრება მოიწვევა წელიწადში ერთხელ. ადგილობრივი ორგანიზაციის საერთო კრების ჩატარების დროსა და ადგილს ადგენს ადგილობრივი ორგანიზაციის წინა საერთო კრება ან ადგილობრივი პრეზიდიუმი იმ შემთხვევაში, თუ ეს საკითხები არ იყო გადაწყვეტილი ადგილობრივი ორგანიზაციის საერთო კრებაზე;

4.7. ადგილობრივი ორგანიზაციის რიგგარეშე საერთო კრება მოიწვევა ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარის მიერ, ასევე ადგილობრივი პრეზიდიუმის წევრთა 1/3-ის ან ადგილობრივი ორგანიზაციის წევრთა 1/10-ის წერილობითი მოთხოვნით, რითაც ისინი მიმართავენ ადგილობრივ პრეზიდიუმს ან ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარეს. ადგილობრივი ორგანიზაციის რიგგარეშე საერთო კრება შეიძლება მოწვეულ იქნას, ასევე, გენერალური ასამბლეის პრეზიდიუმის 1/3-ის მოთხოვნით;

4.8. ადგილობრივი ორგანიზაციის წევრები ადგილობრივი ორგანიზაციის საერთო კრების შესახებ ინფორმირებულნი უნდა იყვნენ ორი კვირით ადრე წერილობით, გამოქვეყნებული განცხადებით ან ადგილობრივი მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით;

4.9. ეროვნული საზოგადოების პრეზიდენტს, ვიცე-პრეზიდენტებს, გენერალური ასამბლეის პრეზიდიუმის ნებისმიერ წევრს და გენერალურ მდივანს უფლება აქვთ დაესწრონ კრებას და მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი ორგანიზაციის საერთო კრების საქმიანობაში ხმის უფლების გარეშე.

ადგილობრივი ორგანიზაციის საერთო კრების პროცედურები:

4.10. ადგილობრივი ორგანიზაციის საერთო კრების დაწყებამდე წარმოებს წევრთა რეგისტრაცია, რისთვისაც წევრებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებებლი მოწმობა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წევრობის დამადასტურებელი მოწმობა (საწევრო ბილეთი);

4.11. ადგილობრივი ორგანიზაციის წევრთა რეგისტრაციას ახორციელებს წინასწარ ჩამოყალიბებული ჯგუფი (სამდივნოს თანამშრომლები/მოხალისეები)

4.12. ადგილობრივი ორგანიზაციის საერთო კრებას თავმჯდომარეობს ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში ადგილობრივი პრეზიდიუმის სხვა წევრი პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით; 4.13. ადგილობრივი ორგანიზაციის საერთო კრება უფლებამოსილია თუ მას ესწრება წევრთა 1/3 _ თუ წევრთა რაოდენობა 200-მდეა, ¼1/4 _ თუ წევრთა რაოდენობა 201-დან _ 400-მდეა, 1/5 _ თუ წევრთა რაოდენობა 401-დან 600-მდეა, 1/8 _ თუ წევრთა რაოდენობა 601-დან 1000 მდეა, 1/10 _ თუ წევრთა რაოდენობა 1001-დან 1500-მდეა და 1/12 თუ წევრთა რაოდენობა აღემატება 1500 წევრს.

4.14. ქვორუმის არშედგომის შემთხვევაში ადგილობრივი ორგანიზაციის საერთო კრების განმეორებითი სხდომა ჩატარდება არაუგვიანეს 8 (რვა) კვირისა. განმეორებით სხდომაზე ქვორუმის არშედგომის შემთხვევაში სხდომის ჩატარების ან გადატანის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ადგილობრივი ორგანიზაციის პრეზიდიუმი;

4.15. ადგილობრივი ორგანიზაციის საერთო კრება გადაწყვეტილებებს იღებს ღია ან ფარული კენჭისყრით წევრების გადაწყვეტილებით. თითოეულ წევრს გააჩნია ერთი ხმის უფლება;

4.16. ადგილობრივი ორგანიზაციის საერთო კრების მიერ საკითხი გადაწყვეტილად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს დამსწრე წევრთა უბრალო უმრავლესობა. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარის ხმას ენიჭება გადამწყვეტი ხმის უფლება;

4.17. ადგილობრივი ორგანიზაციის კრების შესახებ დგება ოქმი, რომლის ასლიც უნდა წარედგინოს ეროვნული საზოგადოების გენერალური ასამბლეის პრეზიდიუმს. კრების ოქმის შედგენაზე პასუხისმგებელია ადგილობრივი ორგანიზაციის სამდივნო.

მუხლი 5. ორგანიზაციის საერთო კრების პრეზიდიუმი 

ადგილობრივი ორგანიზაციის საერთო კრების პრეზიდიუმის შემადგენლობა:

ადგილობრივი ორგანიზაციის საერთო კრებებს შორის ეროვნულ საზოგადოებას ადგილობრივ დონეზე ხელმძღვანელობს ადგილობრივი ორგანიზაციის საერთო კრების პრეზიდიუმი (შემდგომში `ადგილობრივი პრეზიდიუმი~) მინიმუმ სამი და მაქსიმუმ ხუთი წევრის (მათ შორის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე) შემადგენლობით, ადგილობრივი ორგანიზაციის წევრთა რაოდენობის შესაბამისად. (ეროვნული საზოგადოების 500 წევრამდე რიცხოვნობის შემთხვევაში - 3 წევრი, 500 წევრს ზევით რიცხოვნობის შემთხვევაში - 5 წევრი). ადგილობრივი პრეზიდიუმის (3-5 წევრი)

შემადგენლობაში წარმოდგენილი არიან:

  • ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე;
  • ადგილობრივი ორგანიზაციის საერთო კრების მიერ ადგილობრივი ორგანიზაციის საერთო კრების წევრებიდან არჩეული წარმომადგენლები. 

 ადგილობრივი პრეზიდიუმის წევრების არჩევა ხდება ადგილობრივი ორგანიზაციის საერთო კრების მიერ ოთხი წლის ვადით და ისინი ანგარიშვალდებული არიან საერთო კრების წინაშე. ერთი და იგივე პიროვნება ადგილობრივი პრეზიდიუმის წევრად შესაძლებელია არჩეულ იქნას ზედიზედ მხოლოდ ორი ვადით. თუ ადგილობრივი პრეზიდიუმის წევრი მიიღებს თანამდებობას სახელმწიფო მმართველობის ან თვითმმართველობის სტრუქტურებში ან რომელიმე პოლიტიკური პარტიაში, იგი ავტომატურად თავისუფლდება პრეზიდიუმის წევრობიდან.

ადგილობრივი ორგანიზაციის საერთო კრების პრეზიდიუმის უფლება-მოვალეობანი:

ადგილობრივი პრეზიდიუმი:

5.1. ხელმძღვანელობს ეროვნულ საზოგადოებას ადგილობრივი ორგანიზაციის საერთო კრებებს შორის ადგილობრივ დონეზე;

5.2. უზრუნველყოფს ადგილობრივი ორგანიზაციის საქმიანობის მიზნების დასახვას საწესდებო მოთხოვნების და ეროვნული საზოგადოების კურსის შესაბამისად და მის ქმედითუნარიანობას გრძელვადიანი დაგეგმვის პროცესში, ასევე იძლევა რეკომენდაციებს ეროვნული საზოგადოების პრიორიტეტების შესახებ შესაბამის ადგილობრივ დონეზე;

5.3. ახორციელებს ეროვნული საზოგადოების უმაღლესი ორგანოების პოლიტიკას და კურსს, ასევე აკონტროლებს ეროვნული საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოების გადაწყვეტილებების შესრულებას ადგილობრივ დონეზე;

5.4. ისმენს ადგილობრივი ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივნის ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ; 5.5. აკონტროლებს ეროვნული საზოგადოების ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობას ადგილობრივ დონეზე;

5.6. ამტკიცებს ადგილობრივი სამდივნოს აღმასრულებელ მდივანს, ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარის წარდგინებით და ათავისუფლებს მას, თუ აღნიშნული თანამდებობის პირი ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას;

5.7. განსაზღვრავს გაჭირვებულთა ჯგუფების და დახმარების მიმღებთა დამატებით კრიტერიუმებს ადგილობრივ დონეზე რაიონის სპეციფიკიდან გამომდინარე და ასევე რეგულარულად ატარებს გაჭირვებულობის დონის განმსაზღვრელ შეფასებას

5.8. ახორციელებს ეროვნულ საზოგადოებაში გაწევრიანებას და მის მონიტორინგს ადგილობრივ დონეზე;

5.9. წარადგენს პერსონალურ საკითხებს ეროვნული საზოგადოების საპატიო წევრის წოდების მინიჭებისათვის, ასევე სახელმწიფო ჯილდოზე ეროვნული საზოგადოების განსაკუთრებული დამსახურებისთვის გენერალური ასამბლეის პრეზიდიუმის წინაშე დასამტკიცებლად.

5.10. უზრუნველყოფს ეროვნული საზოგადოების უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების და საწესდებო მოთხოვნების შესრულება

ადგილობრივი ორგანიზაციის საერთო კრების პრეზიდიუმის სხდომები:

5.11. ადგილობრივი ორგანიზაციის საერთო კრების პრეზიდიუმის სხდომები ტარდება საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ სამ თვეში ერთხელ;

5.12. ადგილობრივი ორგანიზაციის საერთო კრების პრეზიდიუმის სხდომის მოწვევა ხდება ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარის მიერ. ადგილობრივი პრეზიდიუმის წევრებს წინასწარ ეგზავნებათ შეტყობინება სხდომის თარიღისა და დროის მითითებით; (შეტყობინება შეიძლება გაიგზავნოს ფოსტით ან კურიერის მეშვეობით, ასევე სხვა ტექნიკური საშუალებით: ტელეფონოგრამით, დეპეშით, ელექტრონული ფოსტით, ფაქსით და ასევე გადაეცეს მოწვეულ პირს სატელეფონო საუბრით)

5.13. ადგილობრივი ორგანიზაციის საერთო კრების პრეზიდიუმის რიგგარეშე სხდომა მოიწვევა ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარის, ან ადგილობრივი პრეზიდიუმის წევრთა 1/3-ის წერილობითი მოთხოვნით, რითაც ისინი მიმართავენ ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარეს;

ადგილობრივი ორგანიზაციის საერთო კრების პრეზიდიუმის პროცედურები:

5.14. ადგილობრივი პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობს ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში _ ადგილობრივი პრეზიდიუმის სხვა წევრი პრეზიდიუმის წევრთა გადაწყვეტილებით;

5.15. ადგილობრივი პრეზიდიუმის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება პრეზიდიუმის წევრთა ნახევარზე მეტი. პრეზიდიუმი გადაწყვეტილებებს იღებს ხმების უბრალო უმრავლესობით, ღია ან ფარული კენჭისყრით პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით;

5.16. პრეზიდიუმის ყველა წევრს აქვს მხოლოდ ერთი ხმის უფლება. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარის ხმას ენიჭება გადამწყვეტი უფლება;

5.17. ქვორუმის არქონის შემთხვევაში განმეორებითი სხდომა უნდა ჩატარდეს არაუგვიანეს 4 (ოთხი) კვირისა.

5.18 ადგილობრივი ორგანიზაციის საერთო კრების პრეზიდიუმის სხდომის შესახებ უნდა შედგეს ოქმი, რომლის შედგენაზე პასუხისმგებელია ადგილობრივი ორგანიზაციის სამდივნო;

მუხლი 6. ადგილობრივი (დაბის, რაიონული და საქალაქო) ორგანიზაციის თავმჯდომარე  

ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე უნდა იყოს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესაბამისი დაბის, საქალაქო ან რაიონული ორგანიზაციის წევრი. ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარეს ოთხი წლის ვადით ირჩევს ადგილობრივი ორგანიზაციის საერთო კრება და დასამტკიცებლად წარუდგენს გენერალური ასამბლეის პრეზიდიუმს.

ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე არის გენერალური ასამბლეის დელეგატი. ერთი და იგივე პიროვნება შეიძლება არჩეულ იქნას ზედიზედ მხოლოდ ორი ვადით.

ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობის ვაკანსიის ან მის მიერ თავისი მოვალეობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ადგილობრივი ორგანიზაციის საერთო კრების პრეზიდიუმი ან გენერალური ასამბლეის პრეზიდიუმი, საერთო კრების მომავალ მოწვევამდე ნიშნავს ადგილობრივი ორგანიზაციის პრეზიდიუმის წევრს თავმჯდომარის მოვალეობის დროებით შემსრულებლად; ხოლო შემდგომ ადგილობრივი ორგანიზაციის საერთო კრებამ უნდა აირჩიოს თავმჯდომარე იმავე ვადით, რომნელიც დარჩენილია ხელახალ არჩევნებამდე. ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე:

6.1 წარმოადგენს ორგანიზაციას ადგილობრივ დონეზე

6.2 იწვევს და თავმჯდომარეობს ადგილობრივი ორგანიზაციის საერთო კრებას და მისი პრეზიდიუმის სხდომებს;

6.3 ანგარიშს წარუდგენს ადგილობრივი ორგანიზაციის საერთო კრებას და გენერალური ასამბლეის პრეზიდიუმს ადგილობრივი ორგანიზაციის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

6.4 კოორდინაციას უწევს ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ორგანოების მუშაობას;

6.5 ასრულებს ყველა იმ ფუნქციას, რომელსაც მას აკისრებს ადგილობრივი ორგანიზაციის საერთო კრება და მისი პრეზიდიუმი.

6.6 ზრუნავს და ქმედით ღონისძიებებს ატარებს ეროვნული საზოგადოების სტრუქტურის სრულყოფისა და გაძლიერებისათვის, ადგილობრივი ხელმძღვანელი და მმართველი ორგანოების როლებისა და პასუხისმგებლობების გათვალისწინებით;

6.7 აწარმოებს ადგილობრივი ორგანიზაციის მიერ განხორციელებული პროგრამების მონიტორინგს და იღებს ინფორმაციას მიმდინარე პროგრამების შესახებ;

6.8 ამყარებს საქმიან ურთიერთობებს ადგილობრივ სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებთან და სხვა ორგანიზაციებთან;

6.9 მუშაობის პროცესში ხელმძღვანელობს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წესდებით და წინამდებარე დებულებით და ასრულებს ეროვნული საზოგადოების ზემდგომი ორგანოების გადაწყვეტილებებს და დირექტივებს;

6.10 ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარის დროებით არყოფნისას მის მოვალეობას ადგილობრივი ორგანიზაციის საერთო კრების პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით ასრულებს პრეზიდიუმის სხვა წევრი მისთვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში;

6.11 ითვალისწინებს ადგილობრივი ორგანიზაციის საერთო კრების პრეზიდიუმთან ერთად გენერალური ასამბლეის პრეზიდიუმის რეკომენდაციებს ადგილობრივი ორგანიზაციის საერთო ხელმძღვანელობისა და ორგანიზაციულ საკითხებში. 

თავი V
ადგილობრივი ორგანიზაციის თანამდებობის პირთა შეუთავსებლობა.
არჩევნები, როტაცია, კანდიდატების ბიოგრაფიული მონაცემები

მუხლი 7. თანამდებობის პირთა შეუთავსებლობა

ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ორგანოების წევრები, მათ შორის თავმჯდომარე უნდა შეირჩნენ მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ეროვნული საზოგადოების წევრებიდან. ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი და მმართველი პირები, გენერალური ასამბლეის დელეგატები არ შეიძლება იმავდროულად იყვნენ საქართველოს პარლამენტის ან ადგილობრივი მმართველობის და თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები ან ეკავოთ თანამდებობა საქართველოს სამთავრობო და ადგილობრივი მმართველობის ან თვითმმართველობის ორგანოებში. ასევე წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის ფუძემდებლური პრინციპებიდან გამომდინარე, არ შეიძლება იყვნენ რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრები.

მუხლი 8. არჩევნები, როტაცია, კანდიდატების ბიოგრაფიული მონაცემები, ქცევის კოდექსი

8.1. ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელ ორგანოებში არჩევა ხდება ადგილობრივი ორგანიზაციის საერთო კრების მიერ ოთხი წლის ვადით. ერთი და იგივე პიროვნება შესაძლებელია არჩეულ იქნას ზედიზედ მხოლოდ ორი ვადით.

8.2. ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარედ შეიძლება არჩეული იქნას ის კანდიდატი, რომელიც აკმაყოფილებს ეროვნული საზოგადოების წესდების 26-ე და 27-ე მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს და ასევე შემდეგ კრიტერიუმებს :

ა) არჩევნების დღემდე შეუსრულდა 18 წელი;
ბ) აქვს არანაკლებ საშუალო განათლება;
გ) წითელი ჯვრის ორგანიზაციაში საქმიანობის არანაკლებ ორი წლის გამოცდილება;
დ) არანაირი ინტერესთა კონფლიქტი კანდიდატის პროფესიას ან ახლო ნათესაურ კავშირებსა და მის თავისუფალ მოქმედებას შორის (მოძრაობის ფუძემდებლური პრინციპების შესაბამისად);

8.3. ადგილობრივი ორგანიზაციის არჩევნები ტარდება ეროვნული საზოგადოების საარჩევნო რეგლამენტის თანახმად. პროცედურის გამჭვირვალეობის მიზნით პერსონალურ საკითხებს ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ორგანოები განიხილავენ ფარული კენჭისყრით, თუ მათ მიერ არ იქნება მიღებული სხვა გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით. არჩევნების პროცედურა განისაზღვრება საპროცედურო წესებით.

8.4. ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ორგანოების წევრების, მათ შორის საერთო კრების დელეგატების როტაცია ხდება ეროვნული საზოგადოების გენერალური ასამბლეის პრეზიდიუმის მიერ შემუშავებული რეგლამენტით განსაზღვრული როტაციის წესის შესაბამისად. როტაცია უზრუნველყოფს ეროვნულ საზოგადოების ხელმძღვანელ ორგანოებში ახლად არჩეული და გამოცდილი წევრების წარმომადგენლობას.

8.5. ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ორგანოების წევრები მოქმედებენ გენერალური ასამბლეის მიერ დამტკიცებული პრეზიდიუმის წევრთა ქცევის კოდექსის შესაბამისად.  


თავი VI
ადგილობრივი ორგანიზაციის მმართველობა

მუხლი 9.  ადგილობრივი ორგანიზაციის სამდივნო

ადგილობრივი ორგანიზაციის მმართველობა - ადგილობრივი სამდივნოს აღმასრულებელი პირი (შემდგომში `ადგილობრივი მდივანი~) და სამდივნოს თანამშრომლები - მოხალისეებთან ერთად, ეწევა პრაქტიკულ მიზნობრივ საქმიანობას ეროვნული საზოგადოების ცენტრალური და ადგილობრივი დონის ხელმძღვანელი ორგანოების პოლიტიკისა და სტრატეგიული პრიორიტეტების განხორციელებისათვის, აღასრულებს მათ გადაწყვეტილებებს, რაც მოითხოვს სამდივნოს მოწესრიგებულ ყოველდღიურ საქმიანობას. ადგილობრივი მდივანი ანგარიშვალდებულია ადგილობრივი ორგანიზაციის საერთო კრების პრეზიდიუმის და ეროვნული საზოგადოების გენერალური მდივნის წინაშე და სისტემატურად აწვდის ინფორმაციას ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარეს შესრულებული სამუშაოს შესახებ.

მუხლი 10. ადგილობრივი ორგანიზაციის მდივანი

ადგილობრივი მდივნის კანდიდატურა წარედგინება დასამტკიცებლად ადგილობრივი ორგანიზაციის საერთო კრების პრეზიდიუმს ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარის რეკომენდაციით. ადგილობრივ მდივანს, რომელიც ანაზღაურებადი პირია, თანამდებობაზე ნიშნავს ეროვნული საზოგადოების გენერალური მდივანი ადგილობრივი პრეზიდიუმის გადაწყვეტილების საფუძველზე. გენერალურ მდივანს უფლება აქვს არ გააფორმოს შრომითი ხელშეკრულება და უარი თქვას ადგილობრივი მდივნის დანიშვნაზე, რის შესახებ წერილობითი ფორმით აცნობებს ადგილობრივ პრეზიდიუმს შესაბამისი ახსნა-განმარტებით. ადგილობრივი მდივნის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნის უფლება აქვს ადგილობრივ პრეზიდიუმს, რითაც ის მიმართავს გენერალურ მდივანს კონკრეტული საკითხის განიხილვის შემდეგ, ადგილობრივი მდივნის მიერ ჩადენილი დანაშაულის და ასევე, თავისი მოვალეობის შეუსრულებლობისა და შინაგანაწესის უხეში დარღვევის შემთხვევებში. სწრაფი რეაგირების მიზნით, გენერალურ მდივანს შეუძლია ადგილობრივი ორგანიზაციის მდივნის საქმიანობის შეჩერება.

ადგილობრივი მდივნის ფუნქციები:

10.1 განაგებს მმართველობითი ორგანოს მუშაობას ადგილობრივ დონეზე და პასუხისმგებელია მის ყოველდღიურ საქმიანობაზე;

10.2 მონაწილეობს ადგილობრივი ორგანიზაციის საერთო კრების და მისი პრეზიდიუმის სხდომებში სათათბირო ხმის უფლებით;

10.3 წარუდგენს ადგილობრივი ორგანიზაციის საერთო კრების პრეზიდიუმს და გენერალურ მდივანს წერილობით და ფინანსურ ანგარიშებს შესრულებული საქმიანობის შესახებ;

10.4 შეიმუშავებს ადგილობრივი ორგანიზაციის საფინანსო განყოფილებასთან ერთად ადგილობრივი ორგანიზაციის ბიუჯეტს და, ცენტრალურ საფინანსო განყოფილებასთან შეთანხმების შემდეგ, დასამტკიცებლად წარუდგენს ადგილობრივ პრეზიდიუმს და შემდგომში ადგილობრივი ორგანიზაციის საერთო კრებას;

10.5 განსაზღვრავს საშტატო განრიგს და დასამტკიცებლად წარუდგენს გენერალურ მდივანს;

10.6 უზრუნველყოფს ადგილობრივი ორგანიზაციის საერთო კრების და მისი პრეზიდიუმის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებას;

10.7 არის ეროვნული საზოგადოების წარმომადგენელი მესამე პირებთან ადგილობრივ დონეზე, ადგილობრივი პრეზიდიუმის მიერ მისთვის განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში;

10.8 განახორციელებს შრომით ხელშეკრულებაში განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს;

10.9 ანგარიშვალდებულია გენერალური მდივნის წინაშე, ეროვნული საზოგადოების ცენტრალურ სამდივნოში მიღებული საანგარიშო წესებისა და ფორმატების შესაბამისად. ანგარიშვალდებულია ასევე ადგილობრივი ორგანიზაციის საერთო კრების პრეზიდიუმის წინაშე და იმავდროულად სისტემატიურად აწვდის ინფორმაციას ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარეს შესრულებული სამუშაოს შესახებ.

თავი VII
ადგილობრივი ორგანიზაციის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

მუხლი 11. 

გადაწყვეტილებას საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ადგილობრივი ორგანიზაციის რეორგანიზაციის (შეერთება, მიერთება, გაყოფა, გამოყოფა, გარდაქმნა) და გაუქმების (ლიკვიდაციის) შესახებ იღებს გენერალური ასამბლეის პრეზიდიუმი. ადგილობრივი ორგანიზაციის ლიკვიდაცია შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში თუ:

11.1 ეროვნული საზოგადოების ადგილობრივი ორგანიზაცია ვერ ასრულებს საწესდებო მოთხოვნებს, ან არ მოქმედებს ეროვნული საზოგადოების შიდა დებულების შესაბამისად, ან ადგილობრივი ორგანიზაციის საქმიანობის დროს დაირღვა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წესდებისა და წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის ფუძემდებლური პრინციპები, ან არ ახორციელებს ჰუმანიტარულ საქმიანობებს.

11.2 ადგილობრივი ორგანიზაციის წევრთა რაოდენობა ამ დებულების 1.2-ე მუხლით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე ნაკლებია.

11.3. სწჯ საზოგადოების ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით.

11.4. ადგილობრივი ორგანიზაციის რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შემთხვევაში მისი ქონება გადაეცემა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას.