:: English ::


საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების
გენერალური ასამბლეა

საპროცედურო წესები


საპროცედურო წესი 1
გენერალური ასამბლეის სხდომის მოწვევა, ჩატარების დრო და ადგილი

1.1. გენერალური ასამბლეა იკრიბება წელიწადში ერთხელ. მომდევნო გენერალური ასამბლეის სხდომის ჩატარების დროს და ადგილს ადგენს წინა გენერალური ასამბლეა, ან გენერალური ასამბლეის პრეზიდიუმი იმ შემთხვევაში, თუ ეს საკითხი არ იყო გადაწყვეტილი წინა გენერალური ასამბლეის სხდომაზე; ხოლო საარჩევნო-საანგარიშო წელს, ადგილობრივ ორგანიზაციებში საარჩევნო კრებების ჩატარების შემდეგ, გენერალური ასამბლეის პირველი სხდომას იწვევს ეროვნული საზოგადოების პრეზიდენტი, გენერალური ასამბლეის დელეგატთა ახალი შემადგენლობის არჩევიდან არა უგვიანეს სამი თვისა.
1.2. გენერალური ასამბლეის რიგითი სხდომის გარდა, საჭიროების შემთხვევაში შეიძლება მოწვეულ იქნას გენერალური ასამბლეის რიგგარეშე სხდომა.


საპროცედურო წესი 2
გენერალური ასამბლეის სხდომის მოწვევის ორგანიზება

2.1. გენერალური ასამბლეის სხდომის მოწვევის ორგანიზებაზე პასუხისმგებელია ეროვნული საზოგადოების პრეზიდენტი.
2.2. გენერალური ასამბლეის დელეგატებს წერილობითი ფორმით უნდა ეცნობოთ გენერალური ასამბლეის სხდომის მოწვევის შესახებ, სხდომამდე ორი კვირით ადრე, ხოლო ეროვნული საზოგადოების წევრები გენერალური ასამბლეის სხდომის შესახებ ინფორმირებულნი უნდა იყვნენ ან საზოგადოების ბეჭდვითი ორგანოს და/ან მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით იმავე ვადაში;
2.3. გენერალური ასამბლეის სხდომის მდივანი, რომელსაც წარმოადგენს ეროვნული საზოგადოების გენერალური მდივანი, სამდივნოს თანამშრომლებთან ერთად, ვალდებულია მოამზადოს გენერალური ასამბლეის სხდომის მასალები და წინასწარ მიაწოდოს დელეგატებს სხდომის დღის წესრიგი და განსახილველი პროექტები სხდომამდე ორი კვირით ადრე;

საპროცედურო წესი 3
გენერალური ასამბლეის სხდომის და დღის წესრიგი

3.1 გენერალური ასამბლეის სხდომის სამუშაო გეგმა შედგება შემდეგი ძირითადი საკითხებისგან:

  • დელეგატთა რეგისტრაციის შესახებ მონაცემების გამოქვეყნება და სხდომის უფლებამოსილების საკითხის გადაწყვეტა
  • დღის წესრიგის მიღება;
  • სარედაქციო, სამანდატო და ხმის დამთვლელი კომისიების არჩევა;
  • პრეზიდენტის მიმართვა;
  • გენერალური მდივნის ანგარიში ეროვნული საზოგადოების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ და ფინანსური ანგარიში გასული სამეურნეო წლის შესახებ;
  • საფინანსო კომისიის ანგარიში;
  • გენერალური მდივნის მიერ წარმოდგენილი მომავალი სამეურნეო წლის ბიუჯეტის პროექტი;
  • არჩევნები და დანიშვნები;


3.2 გენერალური ასამბლეის სხდომის დღის წესრიგთან დაკავშირებული შესაძლო ცვლილებებისა და დამატებების შემთხვევაში წინასწარ უნდა ეცნობოს სხდომის მდივანს;
3.3 სხდომის მდივანი, სხდომის თავმჯდომარესთან შეთანხმებით, გენერალური ასამბლეის სხდომამდე სამი კვირით ადრე ამზადებს გენერალური ასამბლეის დღის წესრიგის საბოლოო პროექტს, სამუშაო გეგმისა და წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე და შესათანხმებლად წარუდგენს გენერალური ასამბლეის პრეზიდიუმს.
3.4 გენერალური ასამბლეის დელეგატებს შეუძლიათ დღის წესრიგთან დაკავშირებით შენიშვნები და დამატებები წარადგინონ უშუალოდ გენერალური ასამბლეის სხდომაზე; სხდომის დღის წესრიგის საბოლოო ვარიანტს ამტკიცებს გენერალური ასამბლეა.


საპროცედურო წესი 4
დამატებითი წესები რიგგარეშე სხდომებისთვის

გენერალური ასამბლეის რიგგარეშე სხდომის მოწვევისთვის ძალაში დარჩება მეორე და მესამე საპროცედურო წესები მათში გარკვეული ცვლილებების შეტანით.
4.1. გენერალური ასამბლეის რიგგარეშე სხდომა მოიწვევა ეროვნული საზოგადოების პრეზიდენტის, გენერალური ასამბლეის პრეზიდიუმის ან ეროვნული საზოგადოების წევრთა 1/10-ის წერილობითი მოთხოვნით, რითაც ისინი მიმართავენ გენერალური ასამბლეის პრეზიდიუმს ან საზოგადოების პრეზიდენტს დღის წესრიგის მითითებით.
4.2. გენერალური ასამბლეის რიგგარეშე სხდომა მოიწვევა წერილობითი წინადადების შეტანიდან არაუგვიანეს ერთი თვისა;
4.3. ეროვნული საზოგადოების პრეზიდენტი გენერალური ასამბლეის პრეზიდიუმთან და გენერალურ მდივანთან შეთანხმებით ადგენს რიგგარეშე სხდომის ჩატარების თარიღს, ადგილს და დღის წესრიგს. გენერალური ასამბლეის რიგგარეშე სხდომის მასალები მიეწოდება გენერალური ასამბლეის დელეგატებს სხდომამდე არა უგვიანეს ორი კვირისა;
4.4. გენერალური ასამბლეის რიგგარეშე სხდომაში მონაწილეობს დელეგატთა მოქმედი შემადგენლობა.

საპროცედურო წესი 5
გენერალური ასამბლეის დელეგატები

5.1. ყველა ადგილობრივი ორგანიზაცია წარმოდგენილი უნდა იყოს დელეგატების სახით (ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეები, და არჩეული დელეგატები);
5.2. გენერალური ასამბლეის დელეგატთა რაოდენობა განისაზღვრება ეროვნული საზოგადოების ადგილობრივი ორგანიზაციის წევრთა რაოდენობის გათვალისწინებით, გენერალური ასამბლეის პრეზიდიუმის მიერ დადგენილი ქვოტების შესაბამისად;
5.3. გენერალური ასამბლეის დელეგატების არჩევა ხდება ადგილობრივი ორგანიზაციის საერთო კრების მიერ ოთხი წლის ვადით;
5.4. გენერალური ასამბლეის დელეგატები შეიძლება არჩეულ იქნან ზედიზედ მხოლოდ ორი ვადით;
5.5. ახლად არჩეული გენერალური ასამბლეის დელეგატის უფლებამოსილება იწყება ადგილობრივი ორგანიზაციის კრების მიერ მათი არჩევის დღიდან და წყდება დელეგატების ახალი შემადგენლობის არჩევის მომენტიდან ან დელეგატის უფლებამოსილების შეწყვეტისთანავე;
5.6. დელეგატის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტა ხდება გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით: ა) პირადი განცხადების საფუძველზე, ბ) ისეთი თანამდებობის დაკავებისას, რომელიც იწვევს თანამდეობრივ შეუთავსებლობას საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წესდების 26-ე მუხლის შესაბამისად გ) მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში, დ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შემთხვევაში, ე) არასაპატიო მიზეზით ორი მოწვევის სხდომაში მონაწილეობის მიუღებლობის შემთხვევაში, ვ) სასამართლოს მიერ დელეგატის ქმედუუნაროდ აღიარების შემთხვევაში
5.7. გენერალური ასამბლეის დელეგატმა შეიძლება მიიღოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია ეროვნული საზოგადოების საქმიანობის შესახებ, კითხვით მიმართოს ეროვნული საზოგადოების ყველა დონის თანამდებობის პირს.
5.8. გენერალური ასამბლეის დელეგატს, სხდომის დღის წესრიგის დამტკიცებამდე, შეუძლია გენერალური ასამბლეის წინაშე დააყენოს საკითხი, სხდომაზე განსახილველი სხვა დამატებითი საკითხების შესახებ დღის წესრიგთან დაკავშირებით, აგრეთვე წინადადებები სხდომის მუშაობის წესის თაობაზე, საკითხი გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით დგება კენჭისყრაზე.

საპროცედურო წესი 6
დამკვირვებლები

6.1. ეროვნული საზოგადოების პრეზიდენტი, გენერალური ასამბლეის პრეზიდიუმთან შეთანხმებით, გენერალური ასამბლეის სხდომაზე დამკვირვებლის როლში იწვევს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ეროვნულ საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლებს, ასევე სხვა დაინტერესებულ პირებს;
6.2. გენერალური ასამბლეის სხდომის მასალები ხელმისაწვდომია სხდომის დამკვირვებლებისთვის;
6.3. გენერალური ასამბლეის სხდომის დამკვირვებლებს, სხდომის თავმჯდომარის ნებართვით, შეუძლიათ გააკეთონ მოხსენება განხილული საკითხების ფარგლებში მათთვის საინტერესო თემაზე და მიმართონ გენერალურ ასამბლეას გარკვეული რეკომენდაციებით.

საპროცედურო წესი 7
გენერალური ასამბლეის სხდომის თავმჯდომარეობა

7.1. გენერალური ასამბლეის სხდომას თავმჯდომარეობს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი;
7.2. ეროვნული საზოგადოების პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში სხდომას თავმჯდომარეობს საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი.


საპროცედურო წესი 8
გენერალური ასამბლეის სხდომის მომზადება

8.1 გენერალური ასამბლეა განიხილავს ეროვნული საზოგადოების წესდებით მისთვის განსაზღვრული კომპეტენციით გათვალისწინებულ საკითხებს;
8.2 ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეები სხდომის გამართვამდე ორი თვით ადრე წარადგენენ წინადადებებს გენერალური ასამბლეის სხდომაზე განსახილველი საკითხების შესახებ;
8.3 გენერალურ ასამბლეაზე განსახილველი საკითხების საფუძველზე მუშავდება გენერალური ასამბლეის დღის წესრიგი. სხდომაზე განსახილველ საკითხთა მომზადების მონიტორინგს ახორციელებს გენერალური ასამბლეის სხდომის მდივანი;
8.4 გენერალური ასამბლეის სხდომის მდივანი, სხდომის გამართვამდე არა უგვიანეს სამი კვირისა, იბარებს ხელმოწერილ ანგარიშებს, სამუშაო პროექტებსა და სხვა სახის საინფორმაციო ხასიათის დოკუმენტებს ასამბლეაზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით, რის საფუძველზე მზადდება დღის წესრიგის საბოლოო პროექტი;
8.5 გენერალური ასამბლეის სხდომაზე განსახილველ თითოეულ საკითხზე ანგარიშვალდებული პირის მიერ მომზადებული დოკუმენტები, რომელშიც წარმოდგენილია საკითხის არსი, შესაბამისი წინადადებები და რეკომენდაციები პროექტის სახით, სწჯ საზოგადოების სამდივნოს მეშვეობით ურიგდებათ გენერალური ასამბლეის დელეგატებს წინასწარი გაცნობის მიზნით სხდომამდე არა უგვიანეს ორი კვირისა;
8.6 გენერალური ასამბლეის სხდომის დაწყებისთანავე დელეგატები დღის წესრიგთან ერთად ამტკიცებენ მომხსენებლის, თანამომხსენებლისა და კამათში გამომსვლელთათვის შემუშავებულ რეგლამენტს;
8.7 თუ გენერალური ასამბლეის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხი ვერ იქნა განხილული, გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით მათი განხილვა უნდა მოხდეს შემდეგ სხდომაზე არსებული თანმიმდევრობით.

საპროცედურო წესი 9
გენერალური ასამბლეის სხდომის ჩატარება

9.1. გენერალური ასამბლეის სხდომის დაწყებამდე წარმოებს დელეგატთა რეგისტრაცია, რისთვისაც სხდომის დელეგატებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წევრობის დამადასტურებელი მოწმობა;
9.2. გენერალური ასამბლეის დელეგატთა რეგისტრაციას ახორციელებს წინასწარ ჩამოყალიბებული ჯგუფი (სამდივნოს თანამშრომლები/მოხალისეები);
9.3. გენერალური ასამბლეის სხდომის თავმჯდომარე სხდომას უფლებამოსილად აცხადებს მხოლოდ ქვორუმის შემთხვევაში (გენერალური ასამბლეის დელეგატთა ნახევარზე მეტი);
9.4. ქვორუმის არშედგომის შემთხვევაში გენერალური ასამბლეის განმეორებითი სხდომა ჩატარდება არაუგვიანეს 12 (თორმეტი) კვირისა. განმეორებით სხდომაზე ქვორუმის არშედგომის შემთხვევაში სხდომის ჩატარების ან გადატანის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გენერალური ასამბლეის პრეზიდიუმი;
9.5. გენერალური ასამბლეის სხდომა იწყება სამუშაო ორგანოების (სამანდატო, ხმის დამთვლელი და სარედაქციო კომისიები) არჩევის შემდეგ;
9.6. გენერალური ასამბლეის დელეგატების რეგისტრაციის დამთავრების შემდეგ, სამანდატო კომისია ქვორუმის შემთხვევაში ლუქავს დელეგატთა სარეგისტრაციო მასალებს და აბარებს სხდომის თავმჯდომარეს;
9.7. გენერალური ასამბლეის სხდომაზე საკითხების განხილვის პროცესზე კონტროლს ახორციელებს სხდომის თავმჯდომარე დღის წესრიგის შესაბამისად;
9.8. გენერალური ასამბლეის წინაშე წერილობითი ფორმით წარდგენილი ანგარიშები ხმამაღლა არ იკითხება;
9.9. სხდომის თავმჯდომარე წარმართავს დებატებს, მისი უფლებამოსილების ფარგლებში გახსნილად და დახურულად აცხადებს სხდომას, უზრუნველყოფს საპროცედურო წესების დაცვას, აყენებს საკითხებს კენჭისყრაზე და აცხადებს მის შედეგებს, ასევე იგი უფლებამოსილია შეწყვიტოს სხდომა და გამოაცხადოს შესვენება;
9.10. სხდომის თავმჯდომარე ხელს აწერს გენერალურ ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციებს, გადაწყვეტილებებსა და სხვა დოკუმენტაციას სხდომის მდინვანთან ერთად.

საპროცედურო წესი 10
გენერალური ასამბლეის სხდომის ოფიციალური და სამუშაო ენა

10.1 გენერალური ასამბლეის ოფიციალურ სამუშაო ენას წარმოადგენს სახელმწიფო (ქართული) ენა. გენერალური ასამბლეის სხდომაზე მოწვეული უცხოელი დამკვირვებლებისთვის და უცხოენოვანი დელეგატებისთვის თარგმანი უნდა უზრუნველყოს ეროვნული საზოგადოების სამდივნომ.


საპროცედურო წესი 11
დებატები

11.1 დებატებში მონაწილე პირი სიტყვაში გამოსვლის უფლებას იღებს სხდომის თავმჯდომარისგან, რომელიც უზრუნველყოფს დღის წესრიგისა და რეგლამენტის დაცვას, გამომსვლელთა წინანწარ შედგენილი სიისა და მათი რიგითობის მიხედვით;
11.2 დებატებში გამომსვლელ პირს რეგლამენტის დარღვევისას, სხდომის თავმჯდომარის მითითებით, ჩამოერთმევა სიტყვა და იღებს გაფრთხილებას;
11.3 დებატებში ერთი და იმავე საკითხზე სიტყვით გამომსვლელთათვის განკუთვნილია ათი წუთი, მაგრამ სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს დამატებით განსაზღვროს კამათისთვის განკუთვნილი დრო, რის შემდეგ კამათი ამოწურება.


საპროცედურო წესი 12
განცხადებები, წინადადებები და ცვლილებები

12.1 გენერალური ასამბლეის სხდომის მიმდინარეობისას, დღის წესრიგის მიხედვით განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით წამოჭრილი განცხადებები, წინადადებები და ცვლილებები გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით განხილულ უნდა იქნას წარმოდგენილი თანმიმდევრობით და ეყაროს კენჭი;
12.2 საკითხის განხილვისას თუ დელეგატი (დელეგატები) მოითხოვს დისკუსიის შეწყვეტას და რეგლამენტის დაცვას, სხდომის თავმჯდომარე საკითხს დისკუსიის შეწყვეტის შესახებ აყენებს კენჭისყრაზე;
12.3 საკითხის გარშემო დისკუსია წყდება იმ შემთხვევაში, თუ არავის აქვს სიტყვაში გამოსვლის სურვილი ან როდესაც დელეგატების უბრალო უმრავლესობა მოითხოვს საკითხის გარშემო დებატების შეწყვეტას.
12.4 სხდომის თავმჯდომარე წინასწარ აცნობს გენერალურ ასამბლეის სხდომას კამათში მონაწილეთა სიას. სიის ამოწურვის შემდეგ სხდომის თავმჯდომარე კამათს დახურულად აცხადებს. მომხსენებელს და თანამომხსენებელს ენიჭება დასკვნითი სიტყვის უფლება.


საპროცედურო წესი 13
ხმის უფლება

13.1 გენერალური ასამბლეის ყველა დელეგატს აქვს ერთი ხმის უფლება;
13.2 ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში ეროვნული საზოგადოების პრეზიდენტის ხმას ენიჭება გადამწყვეტი უფლება;
13.3 ეროვნული საზოგადოების გენერალურ მდივანს გენერალური ასამბლეის სხდომაზე აქვს სათათბირო ხმის უფლება;
13.4 გენერალური ასამბლეის სხდომის დამკვირვებლებს ხმის უფლება არ აქვთ.

საპროცედურო წესი 14
ხმის მიცემის პროცედურა

14.1 ღია კენჭისყრის დროს ხმის მიცემა ხდება მანდატის ან ხელის აწევით;
14.2 ხმის დათვლა ხორციელდება ხმის დამთვლელი კომისიის მიერ, საჭიროების შემთხვევაში ხმის მიცემის პროცესი დელეგატების მოთხოვნით და გენერალური ასამბლეის თანხმობით შეიძლება განხორციელდეს დელეგატთა სიის ამოკითხვით (ანბანის მიხედვით) ან მანდატების გადათვლით;
14.3 ხმის მიცემის პროცედურა შეიძლება განხორციელდეს ფარული კენჭისყრით, გენერალური ასამბლეის დელეგატთა უბრალო უმრავლესობის გადაწყვეტილებით.
14.4 ფარული კენჭისყრის შემთხვევაში, კენჭისყრა ხორციელდება დელეგატთა სახელობითი სიის მიხედვით.
14.5 სხდომის თავმჯდომარის დავალებით, ხმის დამთვლელი კომისია დელეგატებს ურიგებს ბიულეტენებს და დელეგატთა სახელობით სიაში აკეთებს შესაბამის აღნიშვნას ბიულეტენის გაცემის შესახებ.
14.6 ხმის მიცემა ტარდება ბიულეტენების კენჭისყრის ყუთში ჩაგდების გზით, რომელიც კენჭისყრის დასრულების შემდეგ ილუქება; ხმის მიცემის პროცედურის დასრულების შემდეგ ხმის დამთვლელი კომისია ითვლის ხმებს კენჭისყრის ყუთში შეგროვილი ბიულეტენების მიხედვით;
14.7 ხმის მიცემის პროცედურის დაწყების შედეგ დაუშვებელია კენჭისყრის პროცესის შეწყვეტა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა საკითხი ეხება კენჭისყრის ჩატარებასთან დაკავშირებულ კამათს;
14.8 თუ ერთი და იგივე საკითხთან დაკავშირებით შემოსულია ორი ან რამდენიმე წინადადება, გენერალური ასამბლეა, თუ იგი სხვა გადაწყვეტილებას არ მიიღებს, კენჭისყრაზე დააყენებს წინადადებებს წარმოდგენილი თანმიმდევრობით. გენერალურმა ასამბლეამ შესაძლოა ყოველი კენჭისყრის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება დააყენოს თუ არა კენჭისყრაზე შემდეგი წინადადება;
14.9 წინადადებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი ცვლილებების შემთხვევაში კენჭისყრაზე დგება შემოთავაზებული ცვლილებები არსებული თანმიმდევრობით, შემდეგ ხდება წინადადებაში ცვლილებების შეტანა და ბოლოს კენჭისყრაზე დგება წინადადება ცვლილებების გათვალისწინებით.

საპროცედურო წესი 15
უმრავლესობის განსაზღვრა

15.1 უბრალო უმრავლესობა შეადგენს გენერალური ასამბლეის დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე დელეგატების 50%-ზე მეტს;


საპროცედურო წესი 16
გენერალური ასამბლეის მიერ გადაწყვეტილებების მიღება


16.1 გენერალური ასამბლეა გადაწყვეტილებებს იღებს ღია ან ფარული კენჭისყრით დელეგატების გადაწყვეტილების საფუძველზე, ხოლო გადაწყვეტილებებს ეროვნული საზოგადოების წესდების 27-ე მუხლის ა, ბ, და გ პუნქტით გათვალისწინებული პირების არჩევის საკითხის შესახებ _ ფარული კენჭისყრით, თუ გენერალური ასამბლეის მიერ არ იქნება მიღებული სხვა გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით.
16.2 ყოველი კენჭისყრის დროს ასამბლეის დელეგატი თავის ნებას გამოხატავს სამი ფორმით: წინააღმდეგი, მომხრე და თავი შეიკავა;
16.3 გენერალურ ასამბლეაზე საკითხის გადაწყვეტისას (ღია ან ფარული) მიღებული შედეგებს აცხადებს ხმის დამთვლელი კომისია;
16.4 გენერალური ასამბლეის სხდომაზე საკითხი გადაწყვეტილად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს დამსწრე დელეგატთა უბრალო უმრავლესობა. წესდებაში ცვლილებების შეტანის საკითხი წყდება 2/3-ის უმრავლესობით, ეროვნული საზოგადოების მიზნის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება საჭიროებს - გენერალური ასამბლეას დელეგატთა სრული შემადგენლობის 4/5-ს.
16.5 გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებები მზადდება წერილობითი ფორმით გენერალური ასამბლეის სარედაქციო კომისიის მიერ, ასევე იგი აკეთებს ჩასწორებებს გენერალური ასამბლეის სხდომაზე განხილული საკითხების შესაბამისი დადგენილებების ფორმულირებაში.


საპროცედურო წესი 17
გენერალური ასამბლეის სხდომის ჩანაწერები

17.1 გენერალური ასამბლეის სხდომის მდივანი ადგენს გენერალური ასამბლეის სხდომის ოქმს, რომელიც მოიცავს გენერალური ასამბლეის სხდომის ჩატარების დროსა და ადგილს, სხდომაზე განხილულ საკითხებს, ასამბლეის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, დამსწრე დელეგატების მიერ გამოთქმულ განსაკუთრებულ მოსაზრებებს, აგრეთვე შემდეგი მოწვევის გენერალურ ასამბლეის სხდომაზე განსახილველ საკითხებს;
17.2 გენერალური ასამბლეის სხდომის ოქმს ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე, სხდომის მდივანი.

საპროცედურო წესი 18
გენერალური ასამბლეის სხდომის საინფორმაციო უზრუნველყოფა

18.1 ეროვნული საზოგადოების საინფორმაციო სამსახური, გენერალური ასამბლეის მოწვევის შესახებ აცნობებს მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით სხდომამდე ორი კვირით ადრე და იწვევს დასწრების მსურველ ჟურნალისტებს აკრედიტაციისათვის;
18.2 გენერალური ასამბლეის სხდომაზე დასწრების მსურველი ჟურნალისტების აკრედიტაციას, მათი წერილობითი განაცხადის საფუძველზე ახდენს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების სამდივნო.
18.3 გენერალური ასამბლეის სხდომაზე ჟურნალისტები აკრედიტაციის გარეშე არ დაიშვებიან და სხდომა დახურულად გამოცხადდება;
18.4 ეროვნული საზოგადოების საინფორმაციო სამსახური უზრუნველყოფს ინფორმაციის გავრცელებას გენერალური ასამბლეის მუშაობის შესახებ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით;
18.5 ეროვნული საზოგადოების საინფორმაციო სამსახური, უზრუნველყოფს ასევე გენერალური ასამბლეის სხდომის აუდიო და ვიდეო ჩაწერას, ჩანაწერები (აუდიო და ვიდეო კასეტები) არქივის სახით ინახება ეროვნული საზოგადოებაში.