| ფუძემდებლური პრინციპები
ჰუმანურობა
წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობა, რომელიც თავდაპირველად ბრძოლის ველზე დაჭრილთათვის დახმარების აღმოჩენის მიზნით შეიქმნა, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე ცდილობს როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნულ დონეზე, ადამიანებს გაჭირვება თავიდან აარიდოს ან შეუმსუბუქოს. მოძრაობის მიზანია, დაიცვას ადამიანთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა, უზრუნველყოს მათი პიროვნული ღირსების პატივისცემა. იგი ხელს უწყობს ხალხთა შორის მეგობრობის, ურთიერთგაგების, თანამშრომლობისა და მშვიდობის განმტკიცებას.
მიუკერძოებლობა
მოძრაობა არ არჩევს ადამიანებს ეროვნების, რასის, რელიგიური მრწამსის, კლასობრივი თუ პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით. მისი მიზანია შეუმსუბუქოს ადამიანებს განსაცდელი. პირველ რიგში მათ, ვინც დახმარებას ყველაზე მეტად საჭიროებს.
ნეიტრალობა
საყოველთაო ნდობის შენარჩუნების მიზნით, მოძრაობა არ ემხრობა რომელიმე დაპირისპირებულ მხარეს შეიარაღებული კონფლიქტის დროს და არ ერთვება პოლიტიკური, რასობრივი, რელიგიური, ან იდეოლოგიური ხასიათის დავაში.
დამოუკიდებლობა
მოძრაობა დამოუკიდებელია. ეროვნული საზოგადოებები, როგორც თავიანთი მთავრობების დამხმარენი ჰუმანიტარულ საქმიანობაში, ექვემდებარებიან საკუთარი ქვეყნების კანონებს, ამავე დროს ყოველთვის უნდა ინარჩუნებდნენ ავტონომიას, რათა იმოქმედონ მოძრაობის პრინციპების შესაბამისად.
ნებაყოფლობა
ეს არის ნებაყოფლობითი ჰუმანიტარული მოძრაობა, რომელიც მიზნად არ ისახავს მოგებას.
ერთადერთობა
ქვეყანაში შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ერთი წითელი ჯვრისა თუ წითელი ნახევარმთვარის ეროვნული საზოგადოება. ის ღია უნდა იყოს ყველასთვის და უნდა ახორციელებდეს ჰუმანიტარულ საქმიანობას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.
უნივერსალობა
წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის მოძრაობა საყოველთაოა. ეროვნული საზოგადოებები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით და მოვალენი არიან დაეხმარონ ერთმანეთს.
|