:: English ::


საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების არჩევნების რეგლამენტი

თავი I
ზოგადი დებულებანი


მუხლი 1.

წინამდებარე რეგლამენტი ადგენს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების (შემდგომში `სწჯს~) ხელმძღვანელობის ყველა დონის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრების და ხელმძღვანელი პირების არჩევნების მომზადებისა და ჩატარების სამართლებრივ საფუძვლებს, ასევე არჩევნებში მონაწილე პირთა უფლებებსა და გარანტიებს.

მუხლი 2.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ხელმძღვანელობის ყველა დონის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრების და ხელმძღვანელი პირების არჩევნების მომზადებისა და ჩატარების სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს კანონი `საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ~, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წესდება, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის საპროცედურო წესები და ეს რეგლამენტი;

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

არჩევნების რეგლამენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

3.1. არჩევნები _ საარჩევნო პროცესი, რომლის დანიშნულება და შედეგია ეროვნული საზოგადოების წარმომადგენლობითი ორგანოსა და ხელმძღვანელ პირთა არჩევა ადგილობრივ და ცენტრალურ დონეზე;

ა) მორიგი არჩევნები _ არჩევნები, რომელიც ტარდება სწჯს ხელმძღვანელობის ყველა დონის წარმომადგენლობითი ორგანოს ან ხელმძღვანელი თანამდებობის პირის უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წესდებით დადგენილ ვადებში;

ბ) რიგგარეშე არჩევნები _ არჩევნები, რომელიც ტარდება ხელმძღვანელობის ყველა დონის წარმომადგენლობითი ორგანოს ან ხელმძღვანელი თანამდებობის პირის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო;

გ) არჩევნების მეორე ტური _ კენჭისყრა, რომელიც იმართება ამ საპროცედურო წესებით განსაზღვრულ შემთხვევებში და ვადებში, როდესაც არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა;

დ) არჩევნების დასასრული _ გენერალური ასამბლეის სხდომის ან შესაბამისი ადგილობრივი ორგანიზაციის საერთო კრების მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადების დრო.

ე) წევრის საარჩევნო უფლება - საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წევრის უფლება, აირჩიოს ეროვნული საზოგადოების ყველა დონის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები და თანამდებობის პირები, ასევე არჩეული იქნეს ეროვნული საზოგადოების ყველა დონის წარმომადგენლობით ორგანოში და ხელმძღვანელ თანამდებობაზე სწჯს წესდებითა და ამ წესებით დადგენილი წესით.

ვ) საარჩევნო რეგისტრაცია _ არჩევნების საორგანიზაციო კომიტეტის მიერ არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა (ეროვნული საზოგადოების პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტების) რეგისტრაცია არჩევნებში მონაწილეობის უფლების მიღების მიზნით;

ზ) საარჩევნო სუბიექტი _ ეროვნული საზოგადოების ხელმძღვანელობის ყველა დონის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრობის ან ხელმძღვანელი თანამდებობის კანდიდატი, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წევრი, საქართველოს მოქალაქე.

თ) არჩევნების საორგანიზაციო კომიტეტი _ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ყველა დონის წარმომადგენლობითი ორგანოსა და ხელმძღვანელი თანამდებობის პირის არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, გენერალური ასამბლეის პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით შექმნილი ორგანო.

ი) საარჩევნო კამპანია _ პერიოდი, რომელიც მოიცავს დროს საარჩევნო პროცესის დასაწყისიდან არჩევნების დასასრულამდე.

კ) წინასაარჩევნო აგიტაცია _ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა მოწოდება საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ;

ლ) საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტობისა და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი _ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტობის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით არჩევნების საორგანიზაციო კომიტეტის მიერ რეგისტრირებული, დამოუკიდებლად წარდგენილი საქართველოს მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს სწჯს-ის წესდებითა და ამ რეგლამენტით პრეზიდენტობისა და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატისათვის წარდგენილ მოთხოვნებს.

მ) საარჩევნო დოკუმენტაცია _ ოქმები, საარჩევნო ბიულეტენები, სარეგისტრაციო ჟურნალები, საზოგადოების წევრ ამომრჩეველთა სიები, არჩევნებთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაცია;

ნ) საბუთების შეფუთვა _ საარჩევნო დოკუმენტაციის იმგვარად შეკვრა ან ყუთში ჩაწყობა, რომ შეკვრის/ყუთის დალუქვის შემდეგ ლუქის დაუზიანებლად შეუძლებელი იყოს შეკვრიდან/ყუთიდან რაიმეს ამოღება ან მასში რაიმეს ჩადება;

ო) ლუქი _ საარჩევნო ყუთის, საბუთების შეკვრის, სარეგისტრაციო ჟურნალის გახსნის ადგილებზე დაწებებული ქაღალდის ზოლი, რომელზედაც იწერება დალუქვის თარიღი და დრო და ხელს აწერენ შესაბამისი ხმის დამთვლელი კომისიის წევრები.

მუხლი 4. წინამდებარე საპროცედურო წესებით დადგენილი ვადების ათვლა

4.1. ამ საპროცედურო წესებით დადგენილი ყველა ვადა, გულისხმობს კალენდარულ დღეებს (შრომის კანონმდებლობით დადგენილი უქმე და დასვენების დღეების ჩათვლით);
4.2. გამოთქმები `მოცემული დღიდან # დღეში~, `მოცემული დღიდან # დღის ვადაში~, `მოცემული დღიდან არა უადრეს/არა უგვიანეს # დღისა~, `მოცემული დღიდან არა უადრეს/არა უგვიანეს მე- # დღისა~ გულისხმობს დღეთა ათვლას მითითებული დღის მომდევნო დღიდან.
4.3. გამოთქმები `მოცემულ დღემდე # დღით ადრე~, `მოცემულ დღემდე არა უადრეს/არა უგვიანეს # დღისა~, `მოცემულ დღემდე არა უადრეს/არა უგვიანეს მე-# დღისა~ გულისხმობს დღეთა ათვლას უკან, მითითებული დღის წინა დღიდან.


თავი II
არჩევნები

მუხლი 5. არჩევნების ძირითადი პრინციპები

5.1. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წესდების 27-ე მუხლის თანახმად ეროვნულ საზოგადოებაში ყველა დონის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნები ტარდება ფარული კენჭისყრით, თუ ამ ორგანოს მიერ (ადგილობრივი ორგანიზაციის საერთო კრება, გენერალური ასამბლეა) არ იქნება მიღებული სხვა გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით.
5.2. საარჩევნო პროცესი, არჩევნების საორგანიზაციო კომიტეტის საქმიანობა, არჩევნებისთვის გაწეული ხარჯი ღია და საჯაროა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წევრებისთვის.
5.3. სწჯს-ის გენერალური ასამბლეის პრეზიდიუმი თავისი გადაწყვეტილებით აცხადებს საარჩევნო კამპანიის დაწყებას და ნიშნავს არჩევნების პერიოდს.

მუხლი 6. საარჩევნო უფლება

6.1. არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ყველა წევრს, (მათ შორის ხელმომწერ, მხარდამჭერ, საპატიო და მოხალისე წევრს) რომელსაც არჩევნების დღემდე შეუსრულდა ან იმ დღეს უსრულდება 18 წელი და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წევრად მიღებულია, საარჩევნო კამპანიის გამოცხადებამდე არაუგვიანეს ორი თვისა.
6.2. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წევრები უშულოდ ან დელეგატთა მეშვეობით ირჩევენ ორგანიზაციის ხელმძღვანელობის ყველა დონის წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებს და ხელმძღვანელი თანამდებობის პირებს.
6.3. არჩევნებში სწჯს-ს ამომრჩეველი წევრები თანასწორ საფუძველზე მონაწილეობენ. თითოეულ მათგანს აქვს ხმათა თანაბარი რაოდენობა, კერძოდ, ერთი ხმის უფლება.
6.4. არჩევნებში მონაწილეობის უფლება არა აქვს ეროვნული საზოგადოების იმ წევრს, რომელიც სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ.
6.5. აკრძალულია ნებისმიერი ზემოქმედება, რომელიც ზღუდავს ამომრჩეველი წევრის ნების თავისუფალ გამოვლენას და კონტროლი ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე.

მუხლი 7. არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველი წევრების ერთიანი სია

7.1. არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველი წევრების ერთიანი სია არის, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე წევრთა სია, რომელიც იყოფა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად რეგისტრირებული ადგილობრივი ორგანიზაციების (ფილიალების) მიხედვით.

7.2. ამომრჩეველი წევრების სიის შედგენაზე პასუხისმგებელია ადგილობრივი ორგანიზაცია, რომელიც წარადგენს საარჩევნო სიებს არჩევნების საორგანიზაციო კომიტეტში საარჩევნო კომპანიის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 15 დღისა.

7.3. ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეიტანება ამომრჩევლის შემდეგი მონაცემები:

ა) გვარი, სახელი;
ბ) დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
გ) საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებაში გაწევრიანების თარიღი;
დ) საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წევრის ბილეთის ნომერი

7.4. არჩევნების საორგანიზაციო კომიტეტი ამოწმებს ამომრჩეველთა სიებს და სათანადო გადაწყვეტილებას იღებს მისი დამტკიცების თაობაზე საარჩევნო კამპანიის გამოცხადებიდან არა უგვიანეს მე-20 დღისა.

7.5. ამომრჩეველთა საარჩევნო სიების დამტკიცების შემდეგ გენერალური ასამბლეის პრეზიდიუმი თავისი გადაწყვეტილებით ნიშნავს არჩევნების პერიოდს და ადგენს საარჩევნო კრებების ჩატარების თარიღს ადგილობრივ ორგანიზაციებში.

თავი III
არჩევნების საორგანიზაციო კომიტეტი

მუხლი 8. არჩევნების საორგანიზაციო კომიტეტის სტატუსი

8.1. არჩევნების საორგანიზაციო კომიტეტი არის საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ყველა დონის წარმომადგენლობითი ორგანოსა და ხელმძღვანელი თანამდებობის პირების არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, გენერალური ასამბლეის პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით შექმნილი ორგანო


8.2. არჩევნების საორგანიზაციო კომიტეტი ასრულებს საარჩევნო რეეგლამენტით დაკისრებულ მოვალეობას და უზრუნველყოფს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ყველა დონის ხელმძღვანელობის წარმომადგენლობითი ორგანოების წევრთა და თანამდებობის პირთა ასარჩევად არჩევნების ჩატარებას, არჩევნების მონაწილეთა მიერ თავიანთი კანონიერი უფლებების დაუბრკოლებლად განხორციელებას და საარჩევნო რეგლამენტის ერთგვაროვან გამოყენებას.


8.3. არჩევნების საორგანიზაციო კომიტეტი ანგარიშვალდებულია საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გენერალური ასამბლეის პრეზიდიუმის წინაშე და წარუდგენს ანგარიშს არჩევნების მზადების მიმდინარეობის შესახებ.

8.4. არჩევნების საორგანიზაციო კომიტეტის უფლებამოსილება იწყება გენერალური ასამბლეის პრეზიდიუმს მიერ მისი შემადგენლობის არჩევისთანავე და მთავრდება ადგილობრივ ორგანიზაციებსა და გენერალური ასამბლეის სხდომაზე არჩევნების ჩატარების შემდეგ;

მუხლი 9. არჩევნების საორგანიზაციო კომიტეტის შემადგენლობა და უფლება-მოვალეობანი

9.1. არჩევნების საორგანიზაციო კომიტეტის რიცხოვნობა შეიძლება განისაზღვროს 5-7 წევრის შემადგენლობით.

9.2. არჩევნების საორგანიზაციო კომიტეტის შემადგენლობაში შედიან:

  • გენერალური მდივანი ან გენერალური მდივნის მოადგილე.
  • გენერალური სამდივნოს სხვა თანამშრომლები.
  • საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წევრები და მოხალისეები;


9.3. არჩევნების საორგანიზაციო კომიტეტის წევრებს ირჩევს გენერალური ასამბლეის პრეზიდიუმი ადგილობრივი ორგანიზაციებში საარჩევნო კამპანიის გამოცხადებისთანავე.

9.4. არჩევნების საორგანიზაციო კომიტეტის შემადგენლობის დამტკიცების შემდეგ, კომიტეტი თავის შემადგენლობიდან ირჩევს თავმჯდომარესა და მდივანს.

9.5. არჩევნების საორგანიზაციო კომიტეტის წევრი ვალდებულია წევრად არჩევის დღიდან მიიღოს მონაწილეობა მის საქმიანობაში;

9.6. არჩევნების საორგანიზაციო კომიტეტის წევრი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება სჯწს-ს წესდებას და სჯწს-ს არჩევნების მოცემულ რეგლამენტს;

9.7. არჩევნების საორგანიზაციო კომიტეტი საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებს იხილავს კომიტეტის სხდომებზე. განხილული საკითხების შესახებ უნდა შედგეს შესაბამისი ოქმი, რომელსაც ხელს აწერს კომიტეტის თავმჯდომარე და მდივანი.

9.8. არჩევნების საორგანიზაციო კომიტეტი საარჩევნო დოკუმენტაციის მიღებას, გაცემასა და რეგისტრაციას ახორციელებს სამუშაო დღის 11-დან 17 საათამდე;

9.9. გენერალური ასამბლეის პრეზიდიუმის მიერ საარჩევნო კამპანიის გამოცხადების შემდეგ, არჩევნების საორგანიზაციო კომიტეტი უზრუნველყოფს კომიტეტის წევრებისა და მოხალისე კონსულტანტების ვიზიტს რეგიონებში საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებული ინფორმაციების მიწოდებისა და მეთოდური დახმარების მიზნით, ხოლო საარჩევნო პერიოდის დანიშვნის შემდეგ ადგენს საარჩევნო კალენდარს და უზრუნველყოფს არჩევნების ჩატარებას ადგილობრივ ორგანიზაციებში.

თავი 1V
არჩევითი თანამდებობები

მუხლი 10. არჩევითი თანამდებობები

10.1. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ხელმძღვანელობის ყველა დონის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევითი თანამდებობებია:
ა) პრეზიდენტი;
ბ) ვიცე-პრეზიდენტი;
გ) გენერალური ასამბლეის პრეზიდიუმის წევრი;
დ) გენერალური ასამბლეის დელეგატი;
ე) ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე;
ვ) ადგილობრივი ორგანიზაციის საერთო კრების პრეზიდიუმის წევრი;
ზ) საფინანსო კომისიის თავმჯდომარე;
თ) საფინანსო კომისიის წევრი
ი) სააპელაციო კომიტეტის წევრი

10.2. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ხელმძღვანელობის ყველა დონის წარმომადგენლობით ორგანოების წევრთა და თანამდებობის პირთა არჩევა ხდება გენერალური ასამბლეის და ადგილობრივი ორგანიზაციის საერთო კრების მიერ ოთხი წლის ვადით. გამონაკლისია სააპელაციო კომიტეტის წევრები, რომლებსაც ირჩევს გენერალური ასამბლეა ორი წლის ვადით. ერთი და იგივე პიროვნება შესაძლებელია არჩეულ იქნას ზედიზედ მხოლოდ ორი ვადით.

10.3. ადგილობრივი ორგანიზაციის საერთო კრებაზე აირჩევიან: ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე, ადგილობრივი ორგანიზაციის საერთო კრების პრეზიდიუმის წევრები და გენერალური ასამბლეის დელეგატები.

10.4. გენერალური ასამბლეის სხდომაზე აირჩევიან საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი, ვიცე პრეზიდენტები, გენერალური ასამბლეის პრეზიდიუმის წევრები, საფინანსო კომისიისა და სააპელაციო კომიტეტის წევრები.

მუხლი 11. საარჩევნო სუბიექტთა შერჩევა

11.1. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ხელმძღვანელობის ყველა დონის წარმომადგენლობითი ორგანოების წევრად და ხელმძღვანელ პირთა თანამდებობებზე, შეიძლება არჩეულ იქნან ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წესდების 26-ე და 27-ე მუხლებით, ასევე ადგილობრივი ორგანიზაციის დებულებისა და წინამდებარე საარჩევნო რეგლამენტით განსაზღვრული კრიტერიუმებს.

11.2. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტობისა და ვიცე პრეზიდენტობის კანდიდატები გარდა მითითებულისა უნდა აკმაყოფილებდნენ ასევე შემდეგ კრიტერიუმებს:
ა) არჩევნების დღემდე შეუსრულდა 25 წელი;
ბ) აქვს არანაკლებ უმაღლესი ან მასთან გათანაბრებული
განათლება;
გ) პრეზიდენტობის კანდიდატს უნდა ჰქონდეს საქართველოს წითელი
ჯვრის საზოგადოებაში, ამ რეგლამენტის 10.1 მუხლში მითითებულ რომელიმე არჩევით თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება, ხოლო ვიცე პრეზიდენტობის კანდიდატს საქართველოს წითელ ჯვრის საზოგადოებაში საქმიანობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;

11.3. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარის კრიტერიუმები განსაზღვრულია ადგილობრივი ორგანიზაციის დებულების 8.2. მუხლით;

11.4. არჩევნების საორგანიზაციო კომიტეტი აქვეყნებს ეროვნული საზოგადოების უმაღლეს ხელმძღვანელ თანამდებობის (პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტების) კანდიდატთა საბოლოო სიას გენერალური ასამბლეის საარჩევნო სხდომამდე არაუგვიანეს 10 დღისა.

11.5. გენერალური ასამბლეის დელეგატებს, შეუძლიათ საკუთარი კანდიდატურები წერილობითი განაცხადის სახით, წამოაყენონ გენერალური ასამბლეის პრეზიდიუმის, საფინანსო კომისიისა და სააპელაციო კომიტეტეტის წევრად ასარჩევად. განაცხადის შეტანა შესაძლებელია არჩევნების საორგანიზაციო კომიტეტში გენერალური ასამბლეის სხდომამდე და აგრეთვე გენერალური ასამბლეის სხდომის მიმდინარეობისას.


მუხლი 12. საარჩევნო სუბიექტთა რეგისტრაცია

12.1. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტობისა და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატებმა, თანახმად სწჯს-ის წესდების 27-ე მუხლისა, პირადი განცხადებით უნდა მიმართოს საზოგადოების ხელმძღვანელობას და გენერალური ასამბლეის სხდომამდე არაუგვიანეს 20 დღისა, არჩევნების საორგანიზაციო კომიტეტში უნდა გაიაროს რეგისტრაცია, რისთვისაც საჭიროა წარმოადგინოს:
ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
ბ) პირადი განცხადება (სახელის და გვარის, დაბადების თარიღის, პროფესიის, საქმიანობის და შესაბამისი გამოცდილების მითითებით;
გ) პროგრამის სახით (არა უმეტეს 5-6 ნაბეჭდი გვერდისა) მისი ხედვა ეროვნული წითელი ჯვრის საზოგადოების განვითარებისა და საქმიანობის პრიორიტეტების შესახებ.

12.2. არჩევნების საორგანიზაციო კომიტეტი გენერალური ასამბლეის სხდომამდე არა უგვიანეს 15 დღისა იხილავს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ საარჩევნო სუბიექტთა კანდიდატების მონაცემებს და ადგენს მათ შესაბამისობას სწჯს-ის წესდების 27-ე მუხლისა და ამ მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ მოთხოვნებთან და იღებს გადაწყვეტილებას მათი არჩევნებში დაშვების შესახებ.

12.3. არჩევნებში დაშვებული სწჯს-ის პრეზიდენტობისა და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატთა მონაცემები და მათ მიერ წარმოდგენილი საარჩევნო პროგრამა სამდივნოს მეშვეობით ეგზავნებათ გენერალური ასმბლეის დელეგატებს გენერალური ასამბლეის სხდომამდე არა უგვიანეს ორი კვირისა.

მუხლი 13. გენერალური ასამბლეის დელეგატთა არჩევის წესი და ქვოტები

13.1. ადგილობრივი ორგანიზაციების საერთო კრების მიერ არჩეული დელეგატების რაოდენობა განისაზღვრება გენერალური ასამბლეის პრეზიდიუმის მიერ დადგენილი ქვოტების მიხედვით.

13.2. დელეგატების რაოდენობა შეადგენს მინიმუმ 1 და მაქსიმუმ 8 დელეგატს. რათა უზრუნველყოფილი იქნეს ადგილობრივი ორგანიზაციების თანაბარი და სამართლიანი წარმომადგენლობა.

13.3. ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე ავტომატურად ითვლება გენერალური ასამბლეის დელეგატად დამოუკიდებლად წევრთა რაოდენობისა და იგი შედის 13.1 მუხლის შესაბამისად დადგენილ ქვოტაში.


თავი V
კენჭისყრა

მუხლი 14. საარჩევნო ბიულეტენი íდა საარჩევნო ყუთი

14.1. გენერალური ასამბლეის სხდომაზე და ასევე ადგილობრივი ორგანიზაციის კრებაზე არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა დასახელების შემდეგ გენერალური ასამბლეა და შესაბამისად საერთო კრება იღებს გადაწყვეტილებას დასახელებულ კანდიდატთა საარჩევნო ბიულეტენებში შეყვანის შესახებ, რის შემდეგაც აძლევს სათანადო განკარგულებას ხმის დამთვლელ კომისიას.

14.2. საარჩევნო ბიულეტენების დამზადებას და მასში არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა მონაცემების შეტანას უზრუნველყოფს ხმის დამთვლელი კომისია უშუალოდ ხმის მიცემის პროცედურის დაწყების წინ.

14.3. საარჩევნო ბიულეტენში მონაცემები შეტანილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე.

14.4. ბიულეტენებში ასარჩევ კანდიდატთა რიგითობა განისაზღვრება მათი წარდგენისა და/ან დასახელების რიგითობის შესაბამისად.

14.5. სწჯს-ის ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნებისათვის უნდა დამზადდეს სამი სხვადასხვა სახის საარჩევნო ბიულეტენი, რომლებშიც შეტანილი უნდა იქნეს ადგილობრივი ორგანიზაციის საერთო კრების პრეზიდიუმის წევრად, ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარედ და გენერალური ასამბლეის დელეგატად დასახელებული კანდიდატთა სახელი და გვარი მათი დასახელების რიგითობის მიხედვით.

14.6. სწჯს-ის გენერალური ასამბლეის სხდომისათვის უნდა დამზადდეს ხუთი სხვადასხვა სახის საარჩევნო ბიულეტენი, რომლებშიც შეტანილი უნდა იქნეს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტად, ვიცე-პრეზიდენტებად, გენერალური ასამბლეის პრეზიდიუმის, საფინანსო კომისიისა და სააპელაციო კომიტეტის წევრებად დასახელებულ კანდიდატთა სახელი და გვარი მათი დასახელების ან წარდგენის რიგითობის მიხედვით.

14.7. საარჩევნო ბიულეტენები მზადდება გენერალური ასამბლეის დელეგატების რაოდენობისა და ადგილობრივი ორგანიზაციის კრებაზე გამოცხადებულ და დადგენილი წესით რეგისტრირებულ წევრების რაოდენობის გათვალისწინებით.

14.8. არჩევნებისათვის საარჩევნო ყუთებით უზრუნველყოფას ახორციელებს არჩევნების საორგანიზაციო კომიტეტი.

14.9. ხმის მიცემის პროცესის დაწყებამდე ხმის დამთვლელი კომისიის წევრებმა უნდა შეამოწმონ საარჩევნო ყუთის მთლიანობა და დალუქონ იგი.

14.10. საარჩევნო ბიულეტენი ჩაითვლება ბათილად იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია იმის დადგენა ვის მისცა ამომრჩეველმა ხმა, აგრეთვე დარღვეულია ბიულეტენის მთლიანობა.

მუხლი 15. რეგისტრაციისა და ხმის მიცემის წესები

15.1. ხმის მიცემის პროცესის ჩატარებას, ხმის დათვლას და Aარჩევნების შედეგების შეჯამებას უზრუნველყოფს ხმის დამთვლელი კომისია, რომელიც აირჩევა ადგილობრივი ორგანიზაციის/გენერალური ასამბლეის მიერ ხმის მიცემის დაწყებამდე.

15.2. ხმის დამთვლელი კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება 3-5 წევრის რაოდენობით; კომისიის წევრთა რაოდენობის განსაზღვრა, წევრთა პერსონალური დასახელება და არჩევა ხდება ღია კენჭისყრით;

15.3. არჩევის შემდეგ, ხმის დამთვლელი კომისიის წევრები ატარებენ სხდომას, სადაც ირჩევენ კომისიის თავმჯდომარეს და მდივანს;

15.4. ამომრჩეველი წევრების რეგისტრაციის და ფარული კენჭისყრის წესით ხმის მიცემის პროცედურა ტარდება შემდეგი წესისა და თანმიმდევრობის დაცვით:
ა) ხმის მიცემის პროცედურის დაწყებამდე ამომრჩეველი წევრი რეგისტრაციას გადის სარეგისტრაციო მაგიდასთან და იღებს საარჩევნო ბიულეტენებს. ამომრჩეველი წევრის რეგისტრაციას ახორციელებს ხმის დამთვლელი კომისიის ერთ-ერთი წევრი.
ბ) ამომრჩეველი წევრი რეგისტრაციისათვის ხმის დამთვლელი კომისის წევრს წარუდგენს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წევრის მოწმობას და მოქალაქის პირადობის მოწმობას (ან საქართველოს მოქალაქის პასპორტს), /სხვა ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის შესაბამის მოწმობას და ამომრჩეველთა სიაში მოწმობის (ან პასპორტის) ნომრის შეტანის შემდეგ ხელის მოწერით ადასტურებს რეგისტრაციის გავლას და საარჩევნო ბიულეტენების მიღებას. ბიულეტენების გაცემისას ხმის დამთვლელი კომისიის წევრი ხელს აწერს თითოეული ბიულეტენის უკანა გვერდზე;
გ) მიღებული ბიულეტენები ამომრჩეველს მიაქვს განცალკავებით მდგარ მაგიდასთან, სადაც მათ ხელმოწერით დაამოწმებს ხმის დამთვლელი კომისიის სხვა წევრი;
დ) ბიულეტენების დამოწმების შემდეგ ამომრჩეველი შედის ფარული კენჭისყრის ოთახში ან კენჭისყრისათვის მოწყობილ კაბინაში და ავსებს საარჩევნო ბიულეტენებს. თითოეული ამომრჩეველი ხმას აძლევს პირადად.
ე) შევსილ ბიულეტენებს ამომრჩეველი წევრი აგდებს საარჩევნო ყუთში, რომელიც უნდა იდგეს განცალკავებით თვალსაჩინო ადგილას.
ვ) საარჩევნო ყუთთან ერთდროულად ერთზე მეტი ამომრჩევლის მისვლა არ შეიძლება;
ზ) საარჩევნო ყუთთან მუდმივად უნდა იდგეს ხმის დამთვლელი კომისიის წევრი.
თ) კენჭისყრის დასრულების შემდეგ უნდა დააილუქოს საარჩევნო ყუთში ბიულეტენის ჩასაგდები ჭრილი;
ი) დაუშვებელია შენობაში შეიარაღებულ პირთა შესვლა;

მუხლი 16. კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამება

16.1. არჩევნებში გამარჯვებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც მიიღო კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა /ან დელეგატთა ნახევარზე მეტი ხმა.

16.2. თუ ერთ არჩევით თანამდებობაზე, არჩევნებში მონაწილეობდა ორი კანდიდატი და მათგან ვერც ერთმა ვერ მიიღო კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა/დელეგატთა ხმების ნახევარზე მეტი, ტარდება არჩევნების მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობს უფრო მეტი ხმების მქონე კანდიდატი, რომელიც გამარჯვებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ მეორე ტურში მიიღებს არჩევნებში მონაწილე პირთა 1/3 ხმას.

16.3. თუ ერთ არჩევით თანამდებობაზე, არჩევნებში მონაწილეობდა ორ კანდიდატზე მეტი და მათგან ვერც ერთმა ვერ მიიღო ხმათა საჭირო რაოდენობა, ტარდება არჩევნების მეორე ტური საუკეთესო შედეგის მქონე ორ კანდიდატს შორის. მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს. ხოლოMმეორე ტურში კანდიდატების მიერ ხმათა თანაბარი რაოდენობის მიღების შემთხვევაში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც პირველ ტურში ხმათა მეტი რაოდენობა მიიღო.

16.4. თუ მომდევნო ტურში გასულმა კანდიდატმა მოხსნა არჩევნებში თავისი კანდიდატურა გამარჯვებულად ჩაითვლება მეორე კანდიდატი.

16.5. ასარჩევ კანდიდატს ყოველი კენჭისყრის წინ შეუძლია მოხსნას თავისი კანდიდატურა.

16.6. კენჭისყრისა და არჩევნების შედეგები აისახება ხმის დამთვლელი კომისიის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებში;

16.7. შემაჯამებელი ოქმი არის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების დამადასტურებელი სამართლებრივი აქტი, რომელიც უნდა შედგეს 2 ეგზემპლარად. ოქმის ყველა ეგზემპლარს იურიდიული ძალა აქვს.

16.8. შემაჯამებელ ოქმში უნდა აისახოს კენჭისყრაში მონაწილე თითოეული კანდიდატის ვინაობა, მის მიერ მიღებულ ხმათა რაოდენობა, დამზადებული ბიულეტენების რაოდენობა, ბათილი, გამოუყენებელი ბიულეტენების რაოდენობა და ასევე იმ ბიულეტენების ოდენობა, რომელშიც გადახაზულია არჩევნებში მონაწილე ყველა კანდიდატი.

16.9. აკრძალულია შემაჯამებელ ოქმში შეტანილი მონაცემების გადასწორება. თუ შემაჯამებელი ოქმის შევსებისას დაშვებულ იქნა შეცდომა, მის გასწვრივ, მაშინვე კეთდება წარწერა `შესწორებულია~, რასაც შესაბამისი ხელმოწერით ადასტურებს ხმის დამთვლელი კომისიის წევრები.

16.10. ხმის დამთვლელი კომისია კანდიდატთა მიერ მიღებული ხმების დათვლის შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას არჩევნებში გამარჯვებულ პირთა შესახებ, რაც შესაბამისად აისახება შემაჯამებელ ოქმში.

16.11. კენჭისყრის შედეგების შეჯამებისა და ოქმის შედგენის შემდეგ, ხმის დამთვლელი კომისია შესაბამისად გენერალური ასამბლეის სხდომასა და ადგილობრივი ორგანიზაციის საერთო კრებას წარუდგენს და გააცნობს არჩევნების შედეგებს.

16.12. ადგილობრივი ორგანიზაციების არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის ერთი ეგზემპლარი წარდგენილი უნდა იქნეს არჩევნების საორგანიზაციო კომიტეტში შესაბამისი ადგილობრივი ორგანიზაციის არჩევნების შედეგების შეჯამებიდან არაუგვიანეს 5 დღისა.

16.13. ადგილობრივი ორგანიზაციის არჩევნების დამთავრების შემდეგ, საარჩევნო დოკუმენტაცია (საარჩევნო ბიულეტენები და ამომრჩეველთა სიები) უნდა დაილუქოს შესაბამისი ხმის დამთვლელი კომისიის მიერ და შესანახად გადაეცეს ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარეს.


მუხლი 17. გასაჩივრების პროცედურები

17.1 ადგილობრივი ორგანიზაციის საერთო კრების არჩევნების შედეგები შეიძლება გასაჩივრდეს გენერალური ასამბლეის პრეზიდიუმში, არჩევნების გამოცხადებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში

17.2 გენერალური ასამბლეის სხდომის არჩევნების შედეგები შეძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

მუხლი 18. საარჩევნო პროცესის დამკვირებლები

18.1. ეროვნული საზოგადოების პრეზიდენტი, გენერალური ასამბლეის პრეზიდიუმთან შეთანხმებით, არჩევნებში დამკვირებლის სტატუსით იწვევს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ეროვნულ საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლებს და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს მათი წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე.

18.2. იმ პირებმა რომლებიც გამოთქვამენ სურვილს საარჩევნო პროცესში დამკვირვებელის სტატუსით მონაწილეობაზე წერილობით უნდა აცნობონ ამის თაობაზე სწჯს-ის არჩევნების საორგანიზაციო კომიტეტს.

18.3. არჩევნების მასალები ხელმისაწვდომია დამკვირებელთათვის;