რეზისტენტული ტუბერკულოზის კონტროლის პროექტი
2008 წლის თებერვლიდან სწჯს-მ წჯ/წნ საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო “რეზისტენტული ტუბერკულოზის კონტროლის” პროექტის განხორციელება. სწჯს-ის პროექტი წარმოადგენს ეროვნული ტუბერკულოზის კონტროლის პროგრამის ნაწილს. სწჯს მოქმედებს შემდეგი სამი მიმართულებით ტუბერკულოზთან და მათ შორის რეზისტენტული გზით გადამდებ ტუბერკულოზთან ბრძოლის საკითხში:
- რეზისტენტული გზით გადამდები ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის მენეჯმენტში მონაწილეობა,
- ტუბერკულოზის შესახებ საზოგადოების ცოდნის ამაღლება და
- ტუბერკულოზთან დაკავშირებული სტიგმისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრა.
სწჯს მხარს უჭერს რეზისტენტული ტუბერკულოზის კონტროლის ეროვნული პროგრამის განხორციელებას და უზრუნველყოფს ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების პროგრამაში ჩართვას, რომლებსაც უშუალო კონტაქტი აქვთ ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებთან და დახმარებას უწევენ მათ, როგორც სტაციონარში ყოფნის დროს, ისე მკურნალობის შემდგომ ეტაპზე.
აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს რეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებულ ადამიანთა ჯანმრთელობისა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, საზოგადოების უკეთესად ინფორმირებას ტუბერკულოზის შესახებ და დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანების მიმართ.
რეზისტენტული ტუბერკულოზის კონტროლის ეროვნული პროგრამის ფარგლებში სწჯს-ის “რეზისტენტული ტუბერკულოზის კონტროლის” პროექტის გუნდმა (ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკები და დარწმუნების სამსახურის კონსულტანტი) მოახდინა დემოგრაფიული მონაცემებისა და ტუბერკულოზით დაავადებულ ადამიანთა სოციალური სტატუსის შეფასება. შესწავლილ იქნა დაავადებულთა პრობლემები, მათი ფსიქოლოგიური სტატუსი და ტუბერკულოზის შესახებ მათი ცოდნის ხარისხი. განსაზღვრულ იქნა მათთან მუშაობის შემდეგი ეტაპები.
საზოგადოებაში ტუბერკულოზის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მიზნით სწჯს ახორციელებს ტრენერთა ტრენინგს ხუთ სამიზნე რეგიონში: აჭარა, სამეგრელო, იმერეთი, გურია და ქვემო ქართლი (ქვეყნის სტატისტიკის შესაბამისად სწორედ ეს რეგიონებია მაღალი რისკის ქვეშ). სწჯს-ის მოხალისეები ატარებენ მცირე მასშტაბის სემინარებს თემის ლიდერებისათვის. თემის ლიდერები ავრცელებენ ცოდნას თემის სხვა წევრებს შორის. საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში 125 მოხალისეს უტარდება ტრენინგები რეზისტენტული ტუბერკულოზის თემაზე. 2008 წლის თებერვლიდან სხვადასხვა ტრენინგები და სემინარები ჩაუტარდა საზოგადოების 3083 წევრს სხვადასხვა სამიზნე რეგიონში.
ტუბერკულოზის მაღალი რისკის რეგიონებში სტიგმა ასოცირდება ტუბერკულოზთან. სტიგმისა და დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად სწჯს პირველ რიგში ახორციელებს შემეცნებით და საინფორმაციო სახის ღონისძიებებს ტუბერკულოზის დროული დიაგნოსტიკის, მისი გადადების გზებისა და მკურნალობის შესახებ. სწჯს მოსახლეობაში ავრცელებს საინფორმაციო ბუკლეტებს, ლიფლეტებს და პლაკატებს, რომლებიც მოწოდებულია რეზისტენტული ტუნბერკულოზის კონტროლის ეროვნულ პროგრამის მიერ. 2008 წლის 18-24 მარტს სწჯს ტუბერკულოზის კონტროლის ეროვნული პროგრამის ფარგლებში აქტიურად იყო ჩართული ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კვირეულში, რომლის განმავლობაშიც ჩატარდა არაერთი სემინარი თუ აქცია.
24 მარტს ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღის აღსანიშნავად სწჯს-ამ ჩაატარა აქციები მთელი თბილისის მასშტაბით, რომლისთვისაც მობილიზებული იყვნენ სწჯს-ის მოხალისეები. Mმოხალისეებმა თბილისის მასშტაბით ერთდროულად მეტროპოლიტენის ყველა სადგურთან და ასევე სხვა ხალხმრავალ ადგილებში და საქართველოს ექვს რეგიონში დაიწყეს საგანმანათლებლო მასალების გავრცელება ტუბერკულოზთან დაკავშირებით. ზემოაღნიშნული აქციები დასრულდა კონცერტით, რომელიც გაიმართა მეტროსადგურ “თავისუფლების” მოსაცდელ დარბაზში სწჯს-ის მიერ. კონცერტში მონაწილეობას იღებდა ქ. თბილისის უსინათლო ბავშვთა სკოლის ანსამბლი.
2008 წლის 24 მარტს აბასთუმანში გაიხსნა სამკურნალო განყოფილება რეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტებისათვის. განყოფილების გახსნის ცერემონიას დაესწრო საქართველოს პირველი ლედი ქალბატონი სანდრა ელისაბედ რულოვსი, ჯანდაცვის, შრომისა და სოციალურ საკითხების მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი, სწჯს-ის წარმომადგენლები, ტუბერკულოზის კონტროლის ეროვნული პროგრამის თანამშრომლები და სხვა მოწვეული სტუმრები. საქართველოს პირველმა ლედიმ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისათვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მისთვის სასიხარულო ამბავია სწჯს-ის ტუბერკულოზის პროგრამით დაინტერესება. პირველმა ლედიმ გამოთქვა მზადყოფნა შეხვდეს სწჯს-ის წარმომადგენლებს და ჩაერთოს მათ მუშაობაში გარკვეული მიმართულებებისა და რჩევების მიცემის მიზნით, რათა წითელი ჯვრის ორგანიზაციამ განაგრძოს ეფექტური ფუნქციონირება და ასევე მაღალი პროფესიონალიზმით განახორციელოს საქმიანობები. ზემოაღნიშნული მიზნისათვის ქ-ნ სანდრა გამოიყენებს პირველი ლედის სტატუსს, წითელი ჯვრის მოძრაობაში მუშაობის გამოცდილებას და როგორც სამედიცინო უნივერსიტეტის საექთნო ფაკულტეტის სტუდენტი უკვე შეძენილ ცოდნას.”
|