:: ქართული ::


საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების
სააპელაციო კომიტეტის
საპროცედურო წესები

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1.1. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების სააპელაციო კომიტეტის (შემდგომში სააპელაციო კომიტეტი) საპროცედურო წესები ადგენს სწჯ საზოგადოების წევრობიდან გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისა და ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების პროცედურას.
1.2. საქართველოს წჯ საზოგადოების წესდების 12-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წევრობის შეწყვეტის საფუძველია ეროვნული საზოგადოებიდან გარიცხვა. ხოლო იმავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, წევრი შეიძლება გაირიცხოს საზოგადოებიდან, თუ ადგილი აქვს მის მიერ ეროვნული საზოგადოების წესდებისა და წჯ და წნ საერთაშორისო მოძრაობის ფუძემდებლური პრინციპების დარღვევას, ასევე ისეთ საქმიანობაში მონაწილეობას, რომელიც ლახავს ორგანიზაციის ავტორიტეტს. ასეთ საქმიანობად შეიძლება ჩაითვალოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, ან საჯაროდ, შეგნებულად ცრუ ინფორმაციის გავრცელება, რომელიც ზიანს აყენებს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისადმი ნდობას, ასევე მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა განზრახ მძიმე დანაშაულის ჩადენის გამო.
1.3. გადაწყვეტილებას ეროვნული საზოგადოების წევრობიდან გარიცხვის შესახებ იღებს სწჯს ადგილობრივი ორგანიზაციის საერთო კრება.
1.4. საზოგადოების წევრი არ შეიძლება გაირიცხოს საზოგადოების წევრობიდან თუ იმ ქმედების ჩადენის დღიდან, რომელიც შეიძლება გარიცხვის საფუძველი გახდეს, გასულია სამი წელი.
1.5. სააპელაციო კომიტეტის საქმიანობის ადგილია _ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ცენტრალური ოფისი.

მუხლი 2. სააპელაციო კომიტეტის შემადგენლობა

2.1. სააპელაციო კომიტეტი შედგება სამი წევრისაგან, რომლებსაც ირჩევს გენერალური ასამბლეა 2 წლის ვადით.
2.2. სააპელაციო კომიტეტის წევრები არ შეიძლება იყვნენ გენერალური ასამბლეის და ადგილობრივი ორგანიზაციის პრეზიდიუმის წევრები, თავმჯდომარეები და მდივნები, გენერალური ასამბლეის დელეგატები და საფინანსო კომისიის წევრები.
2.3. სააპელაციო კომიტეტის წევრად არჩევისას საჭიროა ასარჩევი პირის წინასწარი წერილობითი თანხმობა კანდიდატურის საარჩევნო ბიულეტენში შეტანამდე ან კანდიდატურის კენჭისყრაზე დაყენებამდე.
2.4. სააპელაციო კომიტეტის წევრად შეიძლება არჩეული იქნას მხოლოდ საზოგადოების ხელმომწერი წევრები.
2.5. სააპელაციო კომიტეტის თავმჯდომარეს და მდივანს თავისი შემადგენლობიდან ირჩევს სააპელაციო კომიტეტი არჩევიდან არა უგვიანეს ორი კვირისა. სააპელაციო კომიტეტის თავმჯდომარე, თავმჯდომარეობს კომიტეტის სხდომებს და ახორციელებს ამ წესებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
2.6. სააპელაციო კომიტეტში საჩივარი განიხილება კოლეგიალურად, მისი სხდომა უფლებამოსილია თუ მას ესწრება კომიტეტის ორი წევრი მაინც.
2.7. სააპელაციო კომიტეტი საჩივარს განიხილავს მიუკერძოებლად და ობიექტურად. სააპელაციო კომიტეტის სხდომა დახურულია, ხოლო საჩივრის განხილვასთან დაკავშირებული ინფორმაცია კონფიდენციალური, სააპელაციო კომიტეტის წევრები ვალდებული არიან დაიცვან კონფიდენციალობა.

მუხლი 3. საჩივრის წარდგენა, მოსმენა და გადაწყვეტილება

3.1. სწჯს წევრობიდან გარიცხულ პირს უფლება აქვს გაასაჩივროს ადგილობრივი ორგანიზაციის საერთო კრების გადაწყვეტილება მისი საზოგადოების წევრობიდან გარიცხვის შესახებ სააპელაციო კომიტეტში.
3.2. ადგილობრივი ორგანიზაციის საერთო კრების გადაწყვეტილება წერილობითი ფორმით საზოგადოების წევრობიდან გარიცხვის შესახებ უნდა ჩაბარდეს გარიცხულ წევრს, რომელიც ადასტურებს მის ჩაბარებას სათანადო ხელმოწერით.
3.3. ადგილობრივი ორგანიზაციის საერთო კრების გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია 14 კალენდარული დღის ვადაში მისი გარიცხული წევრისათვის ჩაბარების დღიდან.
3.4. საჩივარი შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით და შეიცავდეს მითითებას გასაჩივრების მოტივებზე. საჩივრის ავტორს შეუძლია საჩივარს თან დაურთოს შესაბამისი მტკიცებულებები.
3.5. სააპელაციო კომიტეტში შესული საჩივარი ადგილობრივი ორგანიზაციის საერთო კრების გადაწყვეტილებაზე უნდა აღირიცხოს შესაბამის სარეგისტრაციო ჟურნალში და მიეთითოს შემომტანის გვარი სახელი, შემოსვლის თარიღი, გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღების თარიღი და ორგანო, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება და საჩივრის მოკლე არსი.
3.6. შემოსული საჩივარი სააპელაციო კომიტეტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით გადეცემა კომიტეტის ერთ-ერთ წევრს საკითხის შესწავლისა და შესაბამისი დასკვნის მომზადებისათვის.
3.7. სააპელაციო კომიტეტის წევრმა ახსნა-განმარტება უნდა ჩამოართვას საჩივრის ავტორს. მასვე უფლება აქვს საჩივრის შესწავლის მიზნით გამოითხოვოს შესაბამისი მტკიცებულებები ადგილობრივი ორგანიზაციიდან და ასევე სხვა ორგანიზაციებიდან.
3.8. სააპელაციო კომიტეტის სხდომაზე, მისი საკითხის განხილვისას, დასწრების უფლება აქვს საჩივრის შემტანს. რომელიც ინფორმირებული უნდა იყოს სხდომის თაობაზე გონივრულ ვადაში, მაგრამ სხდომის დღემდე არა უგვიანეს სამი დღისა, მას ასევე უფლება აქვს წარუდგინოს სააპელაციო კომიტეტს თავისი მოსაზრებები და სათანადო მტკიცებულებები მისი ბრალეულობის საწინააღმდეგოდ.
3.9. თუ სააპელაციო კომიტეტი საკითხის შესწავლის შემდეგ მიიჩნევს, რომ ადგილი არ ჰქონია საზოგადოებიდან გარიცხული წევრის მიერ ეროვნული საზოგადოების წესდებისა და წჯ და წნ საერთაშორისო მოძრაობის ფუძემდებლური პრინციპების დარღვევას, ასევე ამ წესების 1.2. მუხლით გათვალისწინებულ ისეთ საქმიანობაში მონაწილეობას, რომელიც ლახავს ორგანიზაციის ავტორიტეტს და რასაც შეეძლო გამოეწვია საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წევრობიდან მისი გარიცხვა, მიიღებს სარეკომენდაციო დასკვნას ადგილობრივი ორგანიზაციის საერთო კრების გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ.
3.10. დასკვნა უნდა მომზადდეს და შესაბამის რეკომენდაციასთან ერთად გადაეცეს გენერალური ასამბლეის პრეზიდიუმს განსახილველად არა უგვიანეს ერთი თვისა საჩივრის შეტანის დღიდან.
3.11. სააპელაციო კომიტეტი გადაწყვეტილებას იღებს სათათბირო ოთახში, ხმათა უმრავლესობით.
3.12. სააპელაციო კომიტეტის სხდომის შესახებ უნდა შედგეს ოქმი, რომელსაც ხელს აწერს კომიტეტის თავმჯდომარე და მდივანი.