საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება
საქმიანობის ანგარიში
საანგარიშო პერიოდი 2005-2006წწ
2005-06 წლები საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისთვის საკმაოდ დატვირთული და ნაყოფიერი გამოდგა.
ეროვნული საზოგადოების უმთავრესი მიღწევა ამ პერიოდისთვის გახლავთ ის, რომ გაუმჯობესდა ორგანიზაციის სამართლებრივი ბაზა, შემუშავდა შიდა დებულებები და პროცედურები ეროვნული საზოგადოების ხელმძღვანელობისა და მმართველობის პასუხისმგებლობების უკეთ განსაზღვრისა და მათი როლის გაძლიერების მიზნით, რაც მნიშვნელოვანია ხელმძღვანელი და მმართველი ორგანოების ეფექტური მუშაობისთვის.
ეროვნული საზოგადოება ცდილობს რაც შეიძლება მეტი წევრი და მოხალისე მოიზიდოს, განავითაროს თანამშრომლობა სხვა ქვეყნების ეროვნულ საზოგადოებებთან; მიმდინარეობს მოლაპარაკება ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რათა სახელმწიფო გახდეს თანამონაწილე წითელი ჯვრის მიერ განხორციელებული პროგრამების დაფინანსებაში.
იმისათვის, რომ ეროვნული საზოგადოება უკეთ ფუნქციონირებადი გახდეს და მიუახლოვდეს საერთაშორისო წითელი ჯვრის სტანდარტებს, აუცილებელია საქართველოს ახალგაზრდული წითელი ჯვრის განვითარება. ეს გაზრდის საზოგადოებაში მოხალისეთა რიცხვს, რაც საშუალებას მისცემს ორგანიზაციას უფრო ეფექტურად განახორციელოს თავისი საქმიანობა და უფრო მეტ გაჭირვებულ ადამიანს გაუწოდოს დახმარების ხელი.
2005-06 წლებში განხორციელდა და დღემდე მიმდინარეობს საერთაშორისო დონორების მიერ დაფინანსებული სხვადასხვა პროგრამები:
1. ორგანიზაციული განვითარების პროგრამა. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ფილიალების განვითარების პროგრამის ფარგლებში აგრძელებს ინსტიტუციონალური განვითარების პროცესს, რომელსაც საფუძვლად უდევს ეროვნული საზოგადოების გენერალური ასამბლეის მიერ დამტკიცებული დოკუმენტების, ორგანიზაციის მისიის, ხედვის და პრიორიტეტული მიმართულებების შესრულება (სექტემბერი, 2005 წ.).
ეროვნულმა საზოგადოებამ განავითარა სტრატეგიული დაგეგმვა გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმის შემუშავებით 2012 წლამდე, რომელიც ეროვნულ საზოგადოებას საშუალებას აძლევს თანმიმდევრული წესით განსაზღვროს სტრატეგიული ამოცანები მიღწეული შედეგებისა და გამოცდილების გათვალისწინებით. ეროვნული საზოგადოება სტრატეგიული გეგმის მიხედვით ყოველწლიურად შეიმუშავებს ერთწლიან სამოქმედო გეგმას და შესაბამის პროგრამებს მისი საქმიანობის ძირითად სფეროებში.
ეროვნული საზოგადოების საქმიანობაში ნათლად აირეკლა ორგანიზაციული განვითარების საკითხების გაუმჯობესება: ეროვნულმა საზოგადოებამ გააუმჯობესა იურიდიული ბაზა ორგანიზაციის წესდების გადახედვით, რათა უზრუნველყოფილ იქნას წესდების შესაბამისობა, როგორც ქვეყნის კანონმდებლობასთან, ისე საერთაშორისო ფედერაციის მოთხოვნების მინიმუმთან; შემუშავდა შიდა დებულებები, კერძოდ, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წესდებით გათვალისწინებული სამართლებრივი დოკუმენტები: ეროვნული საზოგადოების შიდა დებულება ადგილობრივი ორგანიზაციების შესახებ, გენერალური ასამბლეის მოწვევისა და მიმდინარეობის საპროცედურო წესები, ეროვნული საზოგადოების ყველა დონის არჩევნების, საფინანსო კომისიისა და სააპელაციო კომიტეტის საპროცედურო წესები, წითელი ჯვრის მოხალისეთა ქცევის კოდექსი და წითელი ჯვრის ემბლემის გამოყენების შიდა დებულება. სამართლებრივ დოკუმენტებზე მუშაობის პროცესში საერთაშორისო მოძრაობის პარტნიორები (საერთაშორისო ფედერაცია, წჯსკ) ეროვნულ საზოგადოებას აქტიურ კონსულტაციებს უწევდნენ.
გარკვეული მიღწევებია ფილიალების ქსელის აღდგენისა და ადგილობრივ საზოგადოებრივ თემებთან ურთიერთობის განვითარების თვალსაზრისით, რაც გამოიხატება მიზნობრივ ფილიალებში თემის თანამონაწილეობითი განვითარების პროექტების განხორციელებით; გაუმჯობესდა ფინანსების მართვა, ეროვნული საზოგადოების ცენტრალურ აპარატში საფინანსო სამსახურის ჩამოყალიბებით და საფინანსო პროცედურების შემუშავებით. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ანგარიშგებას, ფინანსების მართვის სისტემებისა და მექანიზმების შემუშავებას ადგილობრივ დონეზე. ფინანსების მართვის ახალი სისტემის შემუშავებით ფინანსების მართვა გახდა გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი ფართო საზოგადოებისათვის.
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა ეროვნული საზოგადოების ფინანსური საქმიანობის საგარეო აუდიტი. საგარეო აუდიტის მიზანი იყო დაედგინა 2005 წლის ფინანსურ ანგარიშებში ასახული აქტივების და პასივების, შემოსავლებისა და გასავლების წარმოების ნამდვილობა და სამართლიანობა ადგილობრივ კანონმდებლობასა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წესდების შესაბამისად.
ასევე, 2006 წელს, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით და მოთხოვნით (ამასთან დაკავშირებით ეროვნული საზოგადოების ხელმძღვანელობამ მოძრაობის პარტნიორებს თხოვნით მიმართა) ჩატარდა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების არსებული მდგომარეობის შეფასება, კერძოდ: ეროვნული საზოგადოების ორგანიზაციული შესაძლებლობების მიმოხილვა, სუსტი და ძლიერი მხარეების დადგენა და ეროვნული საზოგადოების სტრატეგიული გეგმის განხილვა; ინფორმაციაზე, რეკომენდაციებსა და ეროვნული საზოგადოების სტრატეგიულ გეგმაზე დაყრდნობით, მოძრაობის პარტნიორებთან ერთად საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისთვის მოკლე და საშუალოვადიანი მხარდაჭერის განსაზღვრა.
შეფასების მისიის მიზნები იყო:
- საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ეფექტურობის შეფასება (ფინანსური და ადამიანური რესურსები, ინფორმაციის გაცვლა, დაგეგმვა, მართვა და ეფექტურობა, ანგარიშების წარდგენა, მოხალისეობის მართვის სისტემები) ორგანიზაციის ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე;
- ორგანიზაციული სტრუქტურის შეფასება (საქმიანი ურთიერთობა ცენტრალურ ოფისსა და ფილიალებს შორის კომუნიკაციის და ინფორმაციის გაცვლის, დაგეგმვის განხორციელების, მართვის და ეფექტური მოქმედების, ფინანსური ურთიერთობების ფარგლებში);
- ეროვნული საზოგადოებისთვის მომუშავე ადამიანების (წევრები, თანამშრომლები და მოხალისეები) კომპეტენტურობის შეფასება ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე;
- ხელთარსებული რესურსების (ადგილობრივი რესურსების ბაზა, საერთაშორისო მხარდაჭერა) ადეკვატურობის დადგენა;
- ეროვნული საზოგადოების, როგორც ქვეყანაში ჰუმანიტარული მიზნებით მოქმედი პირის მიერ განხორციელებული პროგრამების ეფექტურობის შეფასება;
- დაინტერესებულ პირებთან, კერძოდ, საზოგადოებასთან, მოძრაობის პარტნიორებთან, მთავრობასთან და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობების ანალიზი.
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ ორგანიზაციული განვითარების მნიშვნელოვან ეტაპს მიაღწია გასული ორი წლის განმავლობაში. ეს პროგრესი აღსანიშნავია საფინანსო სისტემის განვითარების, წესდებისა და სტრატეგიული გეგმის სრულყოფის, კვალიფიციური კადრის დაქირავების, გაწევრიანების კონტროლისა და მართვა-მმართველობის ფუნქციების გამიჯვნის საკითხებში.
ქვემოჩამოთვლილ კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, შეფასების ჯგუფმა მოამზადა და ეროვნულ საზოგადოებას წარუდგინა მოკლე და გრძელვადიანი რეკომენდაციები. ეს რეკომენდაციები განხილულ იქნა ეროვნული საზოგადოების ხელმძღვანელობისა და მმართველობის მიერ და გათვალისწინებულ იქნა ორგანიზაციის სტრატეგიულ გეგმაში, ასევე საერთაშორისო ფედერაციის “ეფილის” პროგრამებში.
ეროვნულმა საზოგადოებამ შეიმუშავა ფილიალების განვითარების სტრატეგიული გეგმა. ამ გეგმის მიხედვით, უნდა შეიქმნას სამოდელო ფილიალი, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ფილიალის ეფექტურად ფუნქციონირების პარამეტრებს:
კომპეტენცია -- მოტივირებული და კვალიფიციური ადამიანური რესურსების არსებობა;
შესაბამისი პროგრამები – ადგილობრივი ფილიალის საქმიანობის შესაბამისობა ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებთან;
ეფექტური ორგანიზაციული სტრუქტურა – სტრუქტურა-საქმიანობის შესაბამისობა;
ადექვატური რესურსები -- საჭირო რესურსების (ადამიანური, მატერიალური და ფინანსური) არსებობა;
მუშაობის ეფექტურობა -- ეფექტური მართვის და მმართველობის პროცედურებისა და მექანიზმების არსებობა.
ერთიანი და კარგად-ფუნქციონირებადი ეროვნული საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში მიღწეული წარმატებების მიუხედავად, მაინც რჩება გარკვეული პრობლემები, რომლებზეც საჭიროა შემდგომი მუშაობა და მათი გადაწყვეტა.
დიდი ყურადღება ეთმობა მოხალისეების, მათ შორის ახალგაზრდების მოზიდვას და მათ ჩართვას წითელი ჯვრის საქმიანობაში, აგრეთვე ორგანიზაციის ხელმძღვანელობისა და მმართველობის საკითხებში, შემუშავდა მოხალისეობის და ახალგაზრდული წითელი ჯვრის განვითარების პოლიტიკა და სტრატეგიები. ყოველივე ეს ხელს უწყობს ორგანიზაციის იმიჯის ამაღლებას და საქმიანი ურთიერთობების განვითარებას, როგორც წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის პარტნიორ ორგანიზაციებთან, ისე ქვეყანაში მოქმედ სხვა სამთავრობო/არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
2. თემის თანამონაწილეობითი განვითარების პროგრამა (თთგ). თემის თანამონაწილეობითი განვითარების პროგრამა (თთგ), რომელიც ხორციელდება საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მიერ და წჯ/წნ საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის მხარდაჭერით, დაიწყო 2004 წლის 1 მაისიდან და გრძელდება დღემდე.
თთგ პროგრამა მიზნად ისახავს საზოგადოებისა და თემის უშუალო მონაწილებით განხორციელდეს ისეთი სახის მინი პროექტები, რომლებიც უშუალოდ დაკავშირებული იქნება თემის საჭიროებებთან და მის განხორციელებაში უშუალოდ ჩართული იქნება თემი.
2005 წელს თთგ პროგრამის განხორციელება დაიწყო სამ სარეზერვო ფილიალში: ახალციხეში, თელავში და ხელვაჩაურში. თთგ პროგრამის ფარგლებში მოხდა მათ მიერ თემის შერჩევა (თემი შეიძლება შერჩეულ იქნეს ტერიტორიული ან სხვა რაიმე საერთო დამახასიათებელი ნიშნით) და საჭიროებების გამოკვლევა. საზოგადოების მოხალისეების მიერ ჩატარებული სწრაფი თანამონაწილეობითი შეფასების შედეგად, აღნიშნული ფილიალებიდან (ახალციხე, ხელვაჩაური, თელავი) წარმოდგენილი კვლევის შედეგებზე დაყრდნობით შემუშავებულ იქნა მინი პროექტები: ახალციხეში (იურიდიულ-საგანმანათლებლო ცენტრი), ხელვაჩაურში (ახალგაზრდების დასასვენებელ-საგანმანათლებლო ცენტრი) და თელავში (ახალგაზრდების სოციალური კლუბი).
აღნიშნული პროექტებიდან 2005 წლისათვის მთლიანად განხორციელებული იქნა მხოლოდ თელავის, კერძოდ, ვარდისუბნის თემის მინი პროექტი (ახალგაზრდების სოციალური კლუბი), ხოლო ახალციხესა და ხელვაჩაურში მინი პროექტები დაფინანსდა და განხორციელდა 2006 წლისათვის. ამავე წელს თთგ პროგრამის განხორციელება დამატებით დაიწყო რუსთავში, სენაკსა და გორში.
სენაკში პრობლემათა განხილვისას თთგ პროგრამის ფარგლებში ჩატარებული გამოკითხვების შედეგად ყველაზე პრიორიტეტულ პრობლემას წარმოადგენდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაცია.
სენაკის ქალაქის მუნიციპალიტეტთან სამუშაო შეხვედრების შედეგად მნიშვნელოვნად გამოიკვეთა მათი უდიდესი სურვილი, განხორციელებულიყო სოციალური პროექტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. ადგილობრივმა ხელისუფლებამ გამოთქვა მზადყოფნა თანამონაწილე გახდეს აღნიშნული პროექტის განხორციელებაში. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მინი-პროექტის ტექნიკური დეტალების შეთანხმება ყველა თანამონაწილეობაში მყოფ ორგანიზაციებთან. უახლოეს მომავალში დაგეგმილია სენაკის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის პრეზენტაცია.
რაც შეეხება რუსთავს, თთგ პროგრამის ფარგლებში ჩატარებული გარკვეული სამუშაოების შედეგად, ჯერ კიდევ 2007 წლის ივნისში მოხდა რუსთავის ინვალიდ ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრის გახსნა, სადაც პროექტის პარტნიორებს ნორვეგიის წითელ ჯვართან და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან ერთად წარმოადგენენ რუსთავის მერია და საკრებულო, “ელიზაბეტ გასტის” ფონდი, არასამთავრობო ორგანიზაცია “ინვალიდი ბავშვი და ოჯახი”. პროექტი საკმაოდ წარმატებულია, ეს არის რეაბილიტაციის ცენტრი, სადაც ინვალიდი ბავშვი მთელი დღის განმავლობაში არის დატვირთული სარეაბილიტაციო კურსების გავლით, ხოლო საზოგადოებაში სრული ინტეგრაციის მიზნით, მათთან ერთად მუშაობს ფსიქოლოგი, თერაპევტი და სოციალური მუშაკი. რუსთავის მერიის მიერ დაფინანსდა პროგრამის ბენეფიციართა კვება მთელი დღის განმავლობაში, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია ამ პროექტის წარმატებისა და ინვალიდ ბავშვთა კეთილდღეობისათვის.
გორში მიმდინარე თთგ პროექტი ამ ეტაპზე განხორციელების სტადიაშია და მიმდინარეობს შეხვედრები ადგილობრივ ხელისუფლებასთან, დაინტერესებულ სხვადასხვა ორგანიზაციებთან და პირებთან. ასევე, ყველა დაინტერესებულ მხარესთან ერთად განიხილება სწრაფი თანამონაწილეობითი შეფასების შედეგები და პრობლემების გადაჭრის გზების მოძიება.
თთგ პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სახის მინი-პროექტების განხორციელება თითქმის ყველა იმ ფილიალში, სადაც მოხდება წითელი ჯვრის ადგილობრივი ორგანიზაციის დარეგისტრირება.
3. მარტოხელა მოხუცთა სოციალური დახმარება თბილისში (მმსდ). 2006 წლის 18 იანვრიდან საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება აგრძელებს მუნიციპალურ პროექტს “მარტოხელა მოხუცთა სოციალური დახმარება თბილისში”. პროგრამა ფოკუსირებულია თბილისში მცხოვრებ 1500 უკიდურესად გაჭირვებულ მარტოხელა პენსიონერზე. ეს არის ჰუმანიტარული დახმარების საცდელი პროექტი თანამონაწილეობითი მიდგომის თვალსაზრისით.
პროექტის ამოცანაა 1500 მარტოხელა მოხუცი პენსიონერის ცხოვრების პირობების გაუმჯობესება ბინაზე მოვლის, ძირითადი საკვები და არასაკვები პროდუქტების მიწოდების, სოციალური მხარდაჭერისა და დაცვის უზრუნველყოფის მეშვეობით. აღნიშნული ამოცანის განხორციელებისათვის საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ შექმნა მოხალისეების ქსელი, რომლებიც ბინაზე მომსახურებას უწევენ 1500 უმწეო და სახლს მიჯაჭვულ მარტოხელა მოხუცს.
დახმარების მიმღებთ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება სთავაზობს პროდუქტებისა და საგნების ჩამონათვალს და მარტოხელა პენსიონერს მოხალისეების მეშვეობით ეხმარება საზოგადოებაში ინტეგრირების თვალსაზრისითაც. სწჯ საზოგადოების მოხალისეთა ქსელი აქტიურად მუშაობს, რათა ხანდაზმულებმა იზოლირებულად და მიტოვებულად არ იგრძნონ თავი.
თბილისის ხუთი სოციალური ცენტრის (ვაკე-საბურთალოს, მთაწმინდა-კრწანისის, გლდანი-ნაძალადევის, დიდუბე-ჩუღურეთისა და ისანი-სამგორის სოციალური ცენტრები) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მოხუცთა მონაწილეობამ მათი უკეთ გაცნობის და პრობლემების გათავისების საშუალება მოგვცა.
წითელი ჯვრის მოხალისეების მიერ მარტოხელა მოხუცთა ბინაზე მომსახურება საშუალებას იძლევა რომ მოხუცები და ახალგაზრდები იყვნენ ერთად, ახალგაზრდა თაობამ ისწავლოს უფროსი თაობის მიმართ უკეთესი მოპყრობა და პატივისცემა, ეს კი საშუალებას აძლევს მოხუცს ფეხი აუწყოს ქვეყანაში განხორციელებულ მკვეთრ რეფორმებს და ნაკლებად მტკივნეული გახდეს მათი ადაპტაცია ახალ გარემოში. მოხუცებს სულ მცირედი ყურადღებაც უხარიათ, ამის ნათელი მაგალითებია:
- მათ მიერ შექმნილი სხვადასხვა ნაკეთობების გამოფენა წითელი ჯვრის მიერ;
- მოხუცების მიერ დაწერილი ლექსების წაკითხვა ფართო აუდიტორიისათვის;
- ლექცია-სემინარის ორგანიზება ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ჯანსაღი საკვების მოხმარების წესებზე მათი აქტიური მონაწილეობით;
- მონაწილეობა ფრინველის გრიპის თემაზე წითელი ჯვრის მიერ მოწყობილ სემინარებში;
- 8 მარტისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მათთვის მცირედი საჩუქრების გაკეთება და ბავშვთა თავშესაფრის მონახულება,
- სპექტაკლების დადგმა მათივე მონაწილეობით;
- ინვალიდ ბავშვებთან ერთად სიმღერების მომზადება და საქველმოქმედო კონცერტის მოწყობა;
- უფასო სამედიცინო კვლევის ჩატარება რევმატიული წარმოშობის დაავადებებზე და მედიკამენტების დარიგება;
ყველაფერი ეს მნიშვნელოვნად საინტერესოს ხდის მარტოხელა მოხუცთა ცხოვრებას, ხდება ინტერესის გაჩენა ახლის მიმართ, რაც ხელს უწყობს საზოგადოებაში მათ ინტეგრაციას.
აღნიშნული პროგრამა გრძელდება დღესაც, მაგრამ პროგრამის წარმატებით განვითარებისათვის ბენეფიციართა ინტერესების გათვალისწინებით, მიმდინარეობს პროგრამის ახლებური მიდგომის განვითარება, რაც გულისხმობს სოციალური კლუბების მოწყობას მოხუცებისათვის, რათა მათთვის უფრო საინტერესო გახდეს ცხოვრება, აქტიურად ჩაებან კლუბების ყოვედღიურ საქმიანობაში და გადაწყვეტილებების მიღებაში; ასევე მოხუცებისთვის საინტერესო იქნება მათი უფლებების ადვოკატირება, მათი ინფორმირება სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ სუბსიდიებზე და სოციალურ პაკეტებზე, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებაა ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებს შორის.
წითელი ჯვრისა და თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების ერთობლივი მუშაობა ნაყოფიერს გახდის ბენეფიციართა სოციალური პირობების გაუმჯობესებას, რასაც ითვალისწინებს წითელი ჯვრის მოკლევადიანი სტრატეგია.
4. ჯანდაცვის პროგრამა. ქვეყანაში მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიზნით, საქართველოს წითელი ჯვარი ახორციელებს სხვადასხვა პროექტებს.
აივ/შიდსის პრევენცია და სტიგმასთან ბრძოლა. პროექტი ხორციელდება 2005 წლიდან. აივ/შიდსთან ბრძოლა ეროვნული საზოგადოების გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილია. პროექტის მიზანია, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მოხალისეებისათვის, სოციალური მუშაკებისთვის და თანამშრომლებისთვის ტრენინგების/სწავლების ჩატარება შიდსთან დაკავშირებულ საკითხებზე ისე, რომ შემდგომში მათ დამოუკიდებლად შეძლონ საზოგადოებისათვის სწორი და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება, ასევე საინფორმაციო მასალების გამოცემა აივ/შიდსის პრევენციასა და სტიგმასთან დაკავშირებულ თემაზე. პროგრამის მხარდამჭერია წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაცია.
აივ/შიდსის გავრცელების შესამცირებლად, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ცდილობს აღმოფხვრას ამის გამომწვევი ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი – საზოგადოების გაუთვითცნობიერებლობა. ამისათვის ეროვნულ საზოგადოებაში ჩამოყალიბდა აივ/შიდსის საკითხებში კარგად გაწრთვნილი თანამშრომელთა და მოხალისეთა გუნდი, რომელიც მოსახლეობაში სისტემატურად ავრცელებს ცოდნას და აწვდის მათ ინფორმაციას აივ/შიდსის შესახებ, მის პროფილაქტიკაზე, გადაცემის გზებზე და ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე.
ფოკუსირება ხდება ახლგაზრდებზე როგორც საზოგადოების შიგნით, ასევე გარეთ. 2006 წლის ბოლოსათვის ასეთი ახალგაზრდების რაოდენობამ 3000 მიაღწია. დამატებით სწავლება გაიარა წითელი ჯვრის 65-მა მოხალისემ და 10 სოციალურმა მუშაკმა. პარალელურად ხდებოდა ცოდნის გავრცელება სქესობრივი გზით გადამდებ ძირითად დაავადებებზე.
უკეთესი შედეგების მისაღწევად საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება მჭიდროდ თანამშრომლობს აივ/შიდსის სფეროში მომუშავე როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც ჩართულნი არიან შიდსის წინააღმდეგ ბრძოლაში. მათ შორის არიან: ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი, “თანადგომა”, “ჰერა XXI” და სხვ.
ასოციაცია “ჰერა XXI” - თან ერთად თბილისში კინოთეატრ “ამირანში” მოეწყო კინოჩვენება შიდსის ისტორიის შესახებ ფილმით “და ორკესტრი უკრავდა”, რომელსაც დაახლოებით 110 მაყურებელი ესწრებოდა. ხოლო ახალციხეში და ქუთაისში “ჰერა XXI”-ის მიერ მოწყობილ ღონისძიებებზე წითელი ჯვრის ადგილობრივი ფილიალებიდან 50-ზე მეტი მოხალისე დაესწრო (ქუთაისში – ფილმის დემონსტრაცია, ახალციხეში – თეატრალიზებული წარმოდგენა). სპეციალურად მომზადდა და ფილმის მაყურებელთა შორის დარიგდა ლიფლეტები (120 ცალი) შიდსის შესახებ, მოცემული იყო საქართველოში შიდსის ოფიციალური სტატისტიკა, შიდსის გავრცელების გზები, განსაზღვრული იყო მაღალი რისკის ჯგუფები.
2005 წელს წყალდიდობასთან დაკავშირებული პროექტის ფარგლებში გამოცემულ ბუკლეტში შევიდა თავი აივ/შიდსის შესახებ.
2005 წლიდან საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება გახდა ევროპის და ცენტრალური აზიის წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების შიდსის და ტუბერკულოზის გავრცელების წინააღმდეგ გაერთიანების (EღNA) წევრი.
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს შიდსის რეგიონალურ კონფერენციაში, რომელიც ჩატარდა 2006 წლის 15-17 მაისს, ანკარაში (თურქეთი).
2006 წლის 9-13 ივლისს მონაწილეობა მივიღეთ ანკარაში (თურქეთი) ჩატარებულ წჯ/წნ საზოგადოებების რეგიონალურ შეხვედრაში, რომელიც ეძღვნებოდა ანტი-სტიგმას, საინფორმაციო და ჯანდაცვის საკითხებს. წარმოვადგინეთ 3 პრეზენტაცია: “სტიგმა და დისკრიმინაცია საქართველოში”, “აივ/შიდსის პრევენციის პროგრამა” და “ეროვნულ საზოგადოებაში მიმდინარე სოციალური პროგრამები”.
2006 წლის ივლისში დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტთან არსებული ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობისა და განვითარების სამეცნიერო ლაბორატორიასთან ერთად მონაწილეობა მივიღეთ მცირე სამეცნიერო პროექტის მომზადებაში სტიგმის შესწავლის მიზნით. მომზადდა სპეციალური კითხვარი მოზარდებისათვის. ეს კითხვარი გავავრცელეთ ახალგაზრდებს შორის საზაფხულო ახალგაზრდული ბანაკ “პატრიოტში”. წითელი ჯვრის საზოგადოების მონაცემთა ბაზაში შევიტანეთ 100 შევსებული კითხვარი.
გვჯერა, რომ აივ/შიდსის შესახებ ცოდნის გაღრმავება და ინფორმაციის გავრცელება შეამცირებს ჩაგვრას და დისკრიმინაციას, რომელიც თან ახლავს ამ დაავადებას.
2006 წლის დეკემბრიდან საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ დაიწყო ანტი-სტიგმა კამპანია. ეროვნულმა საზოგადოებამ თურქეთის ნახევარმთვარის ფინანსური მხარდაჭერით დაბეჭდა პოსტერები და წიგნის სანიშნეები, რომლებიც გავრცელდა მოსახლეობაში (როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში) გადაეცა სახელმწიფო, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს. ასევე, ეს მასალები გადაეცა თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახელობის და ტექნიკური უნივერსიტეტების სტუდენტურ კავშირებს ფაკულტეტებზე გასავრცელებლად. პარალელურად აქციების დროს უნივერსიტეტების მიმდებარე ტერიტორიაზე სწჯს მოხალისეები ავრცელებდნენ პოსტერებს სტუდენტებსა და გამვლელებს შორის.
პროგრამა “აივ/შიდსის პრევენცია და სტიგმასთან ბრძოლა” ამჟამადაც გრძელდება ეროვნულ საზოგადოებაში.
წყალდიდობით დაზარალებულ რაიონებში მოსახლეობაში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ცოდნის გავრცელება. პროგრამა განხორციელდა 2005 წლის ნოემბერ-დეკემბერში და ძირითად ამოცანას წარმოადგენდა სხვადასხვა სამედიცინო საკითხების შესახებ ცოდნის გავრცელება წყალდიდობით დაზარალებულ მოსახლეობას შორის მესტიაში, ხულოში, ახმეტაში და ონში, ანუ იმ მოსახლეობაში, რომელიც იმყოფება კატასტროფით გამოწვეული რისკ-ფაქტორების გავლენის ქვეშ.
პროგრამის ფარგლებში გამოიცა 3 ბუკლეტი (ტირაჟი: 2540-3000): 1. “ჰიგიენის საფუძვლები, სასმელი წყლით და საკვებით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკა, დიარეა”; 2. “მწვავე რესპირატორული ინფექციები, სქესობრივი გზებით გადამდები დაავადებები, ვირუსული ჰეპატიტები”; 3. “საგანგებო მდგომარეობები და პირველი დახმარება”.
ჩატარდა სამი სემინარი-ტრენინგი. წითელი ჯვრის 20 მოხალისე (თითო რაიონიდან) მომზადდა ტრენერად ჰიგიენის (ჰიგიენა უბედურების ზონაში, წყალდიდობა) და სხვადასხვა სამედიცინო საკითხების (დიარეა, დიზინტერია, მუცლის ტიფი, ქოლერა, ვირუსული ჰეპატიტები, მწვავე რესპირატორული დაავადებები, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, შიდსი, ცხოვრების ჯანსაღი წესი, პირველი დახმარება) შესახებ მოსახლეობაში ცოდნის გასავრცელებლად. მათ დაურიგდათ სამახსოვროები, რომლებიც შეიცავდა მუშაობის შესასრულებლად საჭირო კონკრეტულ ინსტრუქციებს, სწავლების მეთოდოლოგიას, სემინარის ყველა თემაზე მომზადებული პრეზენტაციების ასლებს. თითოეულმა მოხალისემ (ტრენერმა) ჩაუტარა სემინარი 25 მოხალისეს და გადასცა სამახსოვროები. შემდეგ ამ მოხალისეებმა ჩაატარეს გასვლითი სემინარები მოსახლეობის შორის და გადასცეს მათ ბუკლეტები.
ჰიგიენის, დიარეასა და აივ/შიდსის საკითხებზე მომზადდა კითხვარი ე.წ. KAP გამოკითხვისათვის, რომელთა ანალიზი იძლევა საშუალებას შეფასდეს ტრენინგის მონაწილეთა ცოდნა, დამოკიდებულება და პრაქტიკული ქცევა. ეს კითხვარი დარიგდა სემინარის მონაწილეთა შორის და შეივსო როგორც ცოდნის გავრცელებამდე, ასევე სემინარების შემდეგ. კითხვარი შეავსო სემინარების მონაწილე ყველა მოხალისემ და ასევე სემინარებზე დამსწრე მოსახლეობამ. კითხვარები განმეორებით შეივსო სემინარების შემდეგ ერთ თვეში და სტატისტიკურად დადასტურდა ის დადებითი ცვლილება მოსახლეობის ცოდნასა, მიმართებაში და პრაქტიკულ ჩვევებში, რომელიც გამოიკვეთა სამედიცინო ინფორმაციის და ბუკლეტების გავრცელების შემდეგ.
პროგრამის ფარგლებში მომზადდა 20 ტრენერი, 100 მოხალისე, შეივსო 400 კითხვარი.
მოსახლეობის სამედიცინო-პროფილაქტიკური განათლების მიზნით, ოქსფამის (OXFAM) ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა 2 ბუკლეტი: “კატასტროფები და საგანგებო მდგომარეობები” და “ჯანსაღი ცხოვრების წესი და სხვა სამედიცინო საკითხები”. წყალდიდობით დაზარალებული რაიონების მოხალისეებისათვის ჩატარდა თემატური ტრენინგები. 2006 წლის ივნისში ჩაუტარდათ სემინარი “ცხოვრების ჯანსაღი წესი მოხუცებისათვის” ქუთაისის სოციალური პროგრამის დაახლოებით 100 ბენეფიციარს.
ფრინველის გრიპი. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ თავისი წვლილი შეიტანა ფრინველის გრიპის წინააღმდეგ ბრძოლაში. 2006 წლის სექტემბრიდან სწჯს-ში დაიწყო ფრინველის გრიპთან დაკავშირებული პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა თანამშრომლებს, მოხალისეებსა და მოსახლეობას შორის ამ დაავადებაზე ცოდნის გავრცელებას, ჰიგიენური ღონისძიებების პროპაგანდას.
ფრინველის გრიპის შესახებ მომზადდა და დაიბეჭდა ქართულ და საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ენებზე 73 000 საინფორმაციო ლიფლეტი: ქართული – 22,000, რუსული – 15,000, სომხური – 15,000, აზერბაიჯანული – 15,000, ოსური – 5,000 და აფხაზური – 1,000. მათი გავრცელება მოხდა სამიზნე რეგიონებში საქართველოს წითელი ჯვრის მოხალისეების ფართო ქსელის მეშვეობით. გამოიცა ფრინველის გრიპის თემატიკით 150 მაგიდის კალენდარი, 250 ჯიბის კალენდარი, 250 პოსტერი, დამზადდა 500 მაისური და შეძენილი იქნა 1000 წყვილი რეზინის ხელთათმანი. ჩატარდა თემატური სემინარები.
თბილისის და რუსთავის მსხვილ ავტოსამრეცხაოებზე ჩატარდა საინფორმაციო ბრიფინგები, თანამშრომლებს გადაეცათ დამცავი ხელთათმანები და საინფორმაციო ლიფლეტები. მანქანის მფლობელებს და მგზავრებსაც დაურიგდათ საინფორმაციო მასალა.
ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების ფაკულტეტებზე გასავრცელებლად სტუდენტურ საბჭოებს გადაეცათ პოსტერები. ამ სასწავლებლების მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო აქციები, რომლებზეც წითელი ჯვრის მოხალისეების მიერ სტუდენტებს და გამვლელებს დაურიგდათ ფრინველის გრიპის თემატიკით დაბეჭდილი მასალები.
პროგრამა განხორციელდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრთან, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასა (ჭHO) და სხვა მონაწილე მხარეებთან მჭიდრო თანამშრომლობით.
პირველადი დახმარება. 2005 წლის აგვისტოდან საერთაშორისო ფედერაციის მხარდაჭერით და ეროვნული საზოგადოების ძალისხმევით კვლავ აღდგა პირველი დახმარების პროგრამის ფუნქციონირება საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებაში. პრაქტიკულად თავიდან დაიწყო სტრუქტურის აღდგენა. შემუშავდა ეროვნული საზოგადოების პირველი დახმარების სტრატეგია და რამოდენიმე სხვადასხვა პროექტი.
2005 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარდა ტრეინინგი პირველი დახმარების ბაზისურ ნაწილში გაეროს 63 თანამშრომლისათვის, წყალდიდობით დაზარალებული რეგიონების მოხალისეთათვის, ასევე, მმსდ პროგრამის სოციალური მუშაკებისა და მოხალისეებისათვის.
საქართველოს წითელი ჯვრის და “ისრაელის მაგენ დავიდის” საზოგადოებებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში 2006 წლის დეკემბერში ისრაელის დავითის წითელი ვარსკვლავის საზოგადოების კოორდინატორმა დავიდ აბადიმ სწჯს თანამშრომელთა და მოხალისეებისათვის ჩატარდა სემინარი თემაზე “მზადყოფნა გადაუდებელი მომსახურების გასაწევად”.
2006 წლის იანვრიდან წითელი წჯ/წნ საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაციამ პრიორიტეტად აღარ მიიჩნია პირველი დახმარების პროგრამა და შესაბამისად შეწყდა დაფინანსება. თუმცა სწჯს-ის ხელმძღვანელობის ძალისხმევითა და თანადგომით, პირველი დახმარების სტრუქტურა შენარჩუნებული იქნა ეროვნულ საზოგადოებაში.
ვთანამშრომლობთ წითელი წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაციასთან და კომიტეტთან, აგრეთვე სხვა ქვეყნების ეროვნულ საზოგადოებებთან. ახლო მომავალში აქტიურ მუშაობას დავიწყებთ პირველი დახმარების ცოდნის გავრცელების საქმეში.
5. საქართველოს წითელი ჯვრის ქუთაისის ადგილობრივი ორგანიზაცია ახორციელებს პროგრამას “მარტოხელა მოხუცებულთა სოციალური დახმარება”- ქუთაისში. საქართველოს წითელი ჯვრის ქუთაისის ადგილობრივმა ორგანიზაციამ 2005 წლის მაისიდან ბრიტანეთის წითელი ჯვრის საზოგადოების დაფინანსებით დაიწყო ხანდაზმულ მარტოხელა მოხუცებულთა იზოლაციიდან გამოყვანისა და მათი გაძლიერების პროგრამა. პროგრამის ფარგლებში ქუთაისში გაიხსნა 2 სოციალური ცენტრი ავტოქარხნისა და უქიმერიონის ტერიტორიაზე, რომელიც ემსახურება 500 მარტოხელა ხანდაზმულს მათ შორის, 140 დავდომილ მარტოხელა მოხუცს. პროგრამის ბენეფიციარები ცენტრში ეცნობიან პრესას და უყურებენ ტელევიზორს, რაც ეხმარებათ მათ ინფორმაციული ვაკუუმიდან გამოსვლაში; ერთობიან სხვადასხვა გასართობი თუ ინტელექტუალური თამაშებით, აღნიშნავენ სხვადასხვა ღირშესანიშნავ თარიღებს, აწყობენ შემოქმედებით საღამოებს და ექსკურსიებს; ბენეფიციარები ასევე ეცნობიან ხანდაზმულთა უფლებებს და მათთვის გათვალისწინებულ შეღავათებს, რომლის დაცვაშიც ეხმარებათ პროექტის უფლებათა დაცვის ოფიცერი; ჯანდაცვის მრჩეველი აძლევს მათ კონსულტაციებს და რჩევებს სამედიცინო სფეროში არსებული შეღავათების შესახებ, ეხმარება ხანდაზმულებს ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაში.
საქმიანობების ჯგუფები აერთიანებს სხვადასხვა შესაძლებლობების მქონე ადამიანებს რომლებიც ქმნიან პროდუქციას და ახალგაზრდების დახმარებით აწყობენ გამოფენა-გაყიდვებს; შექმნილია მოხალისეთა ჯგუფები, რომელშიც გაერთიანებული არიან როგორც ახალგაზრდები, ასევე ხანდაზმულები. ისინი თვის მხრივ ზრუნავენ მოძრაობაშეზღუდულ მარტოხელა მოხუცებულებზე.
2007 წლის ივნისიდან პროექტი გადავიდა ახალ ფაზაში, რომელიც გულისხმობს:
- სამოქალაქო საზოგადოებების მხრიდან აქტიური მხარდაჭერის მოპოვებას ხანდაზმულთა ეკონომიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და მათი ღირსებისა და უფლებების დაცვას;
- ცენტრებში მრჩეველთა კომიტეტების არჩევას, რათა დამოუკიდებლად მართონ ცენტრებში მიმდინარე საქმიანობები;
- ხელისუფლების ყურადღების მიქცევას და ცენტრის შემდგომი ფუნქციონირებაზე ხელისუფლების მხრიდან პასუხისმგებლობის გაზრდას;
პროგრამის წარმატებზე მეტყველებს შემდეგი ფაქტები:
- სოციალური ცენტრების ხანდაზმულები აქტიურად არიან ჩართული მათ მართვაში და ორგანიზებას უკეთებენ ცენტრზე დაფუძნებულ პროგრამებს;
- ხანდაზმულთა დიდმა ნაწილმა გაიუმჯობესა თვითრწმენა და საკუთარ შესაძლებლობებში თავდაჯერებულობა;
- ხანდაზმულები უზრუნველყოფილი არიან უახლესი ინფორმაციებით ქვეყანაში მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, ჯანდაცვისა და პირადი უფლებების შესახებ;
- ხანდაზმულები იცნობენ თავიანთი დავდომილი თანატოლების მძიმე სოციალურ და საყოფაცხოვრებო მდგომარეობას და იწყებენ მათ მხარდასაჭერი ღონისძიებების გატარებას;
- თაობათა შორის ინტეგრაციამ ხელი შეუწყო ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას ხანდაზმულებში;
- საქველმოქმედო აქციებით სოციალურ ცენტრებს გაუჩნდათ ფინანსური შემოსავალის ერთ-ერთი წყარო; ისინი ყიდიან ცენტრში დაფუძნებული საქმიანობების ჯგუფების მიერ შექმნილ პროდუქციას;
- ხანდაზმულთა ღირსების დასაცავად Uუფლებების შესახებ მომუშავე არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციები ცენტრებში აგზავნიან უახლეს და საჭირო ინფორმაციებს;
- მცირე ბიზნესმენები დაინტერესდნენ ხანდაზმულთა საქმიანობების ჯგუფების განვითარებით და მზად არიან მხარდაჭერა აღმოუჩინონ მათ;
- საერთაშორისო ორგანიზაციები დარწმუნდნენ ხანდაზმულთა შესაძლებლობაში და მხარს უჭერენ პროექტს ცენტრებში სხვადასხვა სახის მცირე პროექტების დანერგვასა და განვითარებას;
- არასამთავრობო სექტორი მხარს უჭერს ადვოკატირების საკითხის განვითარებას და მონაწილეობას განვითარების პროცესში;
- ხელისუფლება რწმუნდება ხანდაზმულთა შესაძლებლობაში, ისმენს, იზიარებს და იღებს მათ შეთავაზებებსა და მიწვევებს;
- ადგილობრივი ხელისუფლება 2007 წლისათვის სოციალური პაკეტის შექმნისას ითვალისწინებს და მიყვება მრგვალ მაგიდაზე ერთობლივად მომზადებულ გეგმას მარტოხელა ხანდაზმულთა დასახმარებლად;
- პარლამენტარი დეპუტატები ყურადღებას აქცევენ უფასო ტრანსპორტირების საკითხის განვითარებას;
- საკრებულოს თავმჯდომარე, ქალაქის მერი და სოციალური სამსახურის ხელმძღვანელები ეწვივნენ ცენტრებს და დახმარება აღუთქვეს ხანდაზმულებს მათ მიერ დასმულ პრობლემებზე;
- ქალაქის სხვა უბნების მარტოხელები ქალაქის ხელისუფლებისაგან ითხოვენ დამატებითი ცენტრების შექმნას მათ ტერიტორიაზე;
- დავდომილ ხანდაზმულებში აღარ არის მარტოობის შიში და მიიჩნევენ, რომ მათი ცხოვრება გაუმჯობესდა.
დღეისათვის პროგრამის ფარგლებში ფუნქციონირებს 2 სოციალური ცენტრი, პროგრამას ჰყავს 47 აქტიური მოხალისე, რომლებიც ემსახურებიან 500 ხანდაზმულ მარტოხელა მოხუცებულს. 2007 წლის 1 ივნისიდან შეწყდა ბინაზე ტკბილეულობის მიტანა და ცენტრებში კვება Dდა ბენეფიციარებს ცენტრებში მხოლოდ ჩაით და ყავით უმასპინძლდებიან. ქუთაისის წითელი ჯვრის ადგილობრივი ორგანიზაცია მჭიდროდ თანამშრომლობს ადგილობრივ ხელისუფლებასთან, რის შედეგადაც 2007 წლისათვის პროექტის ადვოკატირების ჯგუფის დახმარებით ქუთაისში მცხოვრებმა 700 მარტოხელა ხანდაზმულმა ადგილობრივი საკრებულოსა და ქალაქის სოციალური სამსახურის მხარდაჭერით მიიღო უფასო მგზავრობის აბონემენტი. გრძელდება მუშაობა, რათა 2008 წლისათვის ქუთაისში მცხოვრები ყველა 65 წელს გადაცილებული 1360 მარტოხელა მოხუცებული გათავისუფლდეს მგზავრობის გადასახადისაგან.
6. ცოდნის გავრცელების პროგრამა. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან 2005წ 1 აპრილს დადებული ხელშეკრულების შესაბამისად განახლდა. პროგრამის მიზანი იყო წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის მოძრაობის შესახებ ცოდნის გავრცელება ეროვნული საზოგადოების თანამშრომლებში, მოხალისეებსა და სამთავრობო წრეებში.
ცოდნის გავრცელების პროგრამით გათვალისწინებული სემინარების წარმართვისათვის გამოიცა სახელმძღვანელო “რატომ? საიდან? რისთვის”, ასევე დაიბეჭდა კალენდარი, რომელსაც საინფორმაციო-საგანმანათლებლო დანიშნულება ჰქონდა. 2005-06წწ წელს თბილისსა და საქართველოს 12 რეგიონში 14 რეგიონული ოფიცრის მიერ ჩატარდა შიდა და გარე დისემინაციის სემინარები.
აღსანიშნავია, რომ ამ პროგრამის განხორციელების შედეგად ჩამოყალიბდა ცოდნის გავრცელების სტრუქტურა, დაინტერესდა ადგილობრივი ხელისუფლება, ინფორმირებულია საზოგადოების დიდი ნაწილი, გაიზარდა სწჯს-ს რეალურ წევრთა და მოხალისეთა რაოდენობა.
2006წ ოქტომბერში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა შეწყვიტა ცოდნის გავრცელების პროგრამის დაფინანსება. მიუხედავად ამისა, სწჯს-ს ცენტრალური ოფისი შესაძლებლობის ფარგლებში მოხალისეობის პრინციპით აგრძელებდა საქმიანობას პროექტების შესაბამისად.
ამრიგად, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება კვლავ აგრძელებს მუშაობას იმისათვის, რომ უფრო ეფექტური გახდეს და რაც შეიძლება მეტ გაჭირვებაში მყოფ ადამიანს დაეხმაროს. ამის მისაღწევად საზოგადოებას ნათლად ჩამოყალიბებული მიზანი გააჩნია და კარგად აქვს გათვითცნობიერებული, თუ კიდევ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას. უფრო კონკრეტულად, ყველაფერი ეს მკაფიოდ არის წარმოდგენილი საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მიერ შემუშავებულ “2007-2011 წლების სტრატეგიულ გეგმაში” და “სწჯს 2008 წლის სამუშაო გეგმაში”.
|
|
 |