:: English ::


სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხო ადგილობრივი თემების
განვითარების რეგიონული პროგრამა


სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხო ადგილობრივი თემების განვითარების რეგიონული პროგრამა არის ევრო კომისიის, დანიის წითელი ჯვრისა და ისლანდიის წითელი ჯვრის საზოგადოებების მიერ თანადაფინანსებული პროგრამა წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციასთან კონსორციუმში.

ეს არის თემზე დაფუძნებული კატასტროფების რისკის შემცირების პროგრამა, რომელიც მოიცავს სამხრეთ კავკასიის ორ ქვეყანას, საქართველოსა და სომხეთს. შესაბამისად პროგრამას ახორციელებენ საქართველოსა და სომხეთის წითელი ჯვრის საზოგადოებები.

პროგრამის მოქმედების ვადაა 15 თვე, 2010 წლის 15 აპრილიდან 2011 წლის 15 ივლისამდე.  

საქართველოში ჩასატარებელი საქმიანობების არეალი არის რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის რეგიონი, კონკრეტულად ამბროლაური, ონი, ცაგერი და ლენტეხი, რომლებიც წარმოადგენენ მთიან რაიონებს და სხვადასხვა ბუნებრივი კატასტროფებისადმი არიან მიდრეკილნი. უმეტესწილად მიწისძვრა, წყალდიდობა და მეწყრული პროცესები.

პროგრამის ფარგლებში შემუშავდა კატასტროფების რისკის შემცირების საგანმანათლებლო და საინფორმაციო მასალები. საქართველოს წითელი ჯვრის ფილიალების ფართო ქსელისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების მეშვეობით ინფორმაცია გაზიარდა ადგილობრივ მოსახლეობასთან, რომლის მიზანია თემის წევრებისათვის კატასტროფების ნეგატიური ეფექტის მინიმალიზება და მათი ცოდნის გაღრმავება, რათა მათ იცოდნენ  რა გააკეთონ კატასტროფის დროს.

პროგრამის ფარგლებში ონში, ამბროლაურსა და ცაგერში უკვე განხორციელდა კატასტროფებისათვის მზადყოფნისა და რეაგირების მოხალისეთა 20 კაციანი ჯგუფების მობილიზება (სულ 60). მათ ჩაუტარდათ როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ტრენინგები კატასტროფების რისკის შემცირებაში, ფსიქო-სოციალურ დახმარებაში, პირველ დახმარებაში, სამაშველო და სახანძრო საქმიანობებში.  ისინი აგრეთვე აღიჭურვენ პერსონალური დამცავი საშუალებებითაც. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ შეეძლებათ კატასტროფებზე პირველადი რეაგირების მოხდენა, სანამ შემდგომი დახმარება არ გაეწევა არეალს.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ მათ, თემის წევრებთან ერთად, ადგილობრივ ხელისუფლებასთან და სამაშველო გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობით, მოამზადეს თემის საგანგებო სიტუაციათა გეგმა, რათა ხალხს მიაწოდონ ინფორმაცია, როგორ გახადონ თავიანთი სახლები უფრო უსაფრთხო და რაოდენ მნიშვნელოვანი იქნება ოჯახის წევრებისათვის კარგად მომზადებული საგანგებო სიტუაციათა საოჯახო გეგმა კატასტროფის დროს.

მასწავლებლები მოწვეულნი იყვნენ კატასტროფათა რისკის შემცირების ტრენინგებზე დასასწრებად. მათ, თავის მხრივ, მოიწვიეს მოსწავლეები სკოლის შემდგომ საქმიანობებში მონაწილეობის მისაღებად, სადაც მათ ისწავლეს, თუ რა უნდა გააკეთონ სახლსა თუ სკოლაში მეტი უსაფრთხოებისათვის. სკოლის მოსწავლეები ოჯახთან და მეზობლებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს საგანგებო სიტუაციების საოჯახო გეგმის შემუშავება-წარდგენაში.

პროგრამის ფარგლებში ჩატარებულ იქნა სამუშაო შეხვედრები რეგიონულ და ეროვნულ დონეზე, რომელთა მიზანი იყო საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების კატასტროფების მართვის დეპარტამენტის საქმიანობების გაცნობა და გამოცდილების გაზიარება ონის, ამბროლაურისა და ცაგერის მოხალისეებთან და ადგილობრივი და ეროვნული ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

განხორციელდა მოწყვლადობისა და შესაძლებლობების შეფასება, კითხვარების მეშვეობით გამოიკითხა მოსახლეობა, მოხდა მეორადი ინფორმაციის მოძიება, ხიფათების, რისკებისა და შესაძლებლობების რუკაზე დატანა და, აქედან გამომდინარე, მთავარი პრიორიტეტები გამოიკვეთა, თუ რა რისკები, ხიფათები და შესაძლებლობებია რეგიონში, და რა უნდა მოვიმოქმეოთ კატასტროფების რისკის შესამცირებლად. აქედან გამომდინარე გადაწყდა განხორციელებულიყო მცირე პროექტები, რაც მეწყერსაშიშ ზონებში კაკლის ხეების განაშენიანებას ითვალისწინებდა მეწყრული პროცესების შესამცირებლად.
    
ზემოთ აღნიშნული მცირე პროექტების ფარგლებში ონის, ამბროლაურისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში წითელი ჯვრის თანამშრომლებისა და მოხალისების, ადგილობრივი ხელისუფლების, სამაშველო და სახანძრო სამსახურებისა და ადგილობრივი მოსახლეობის მიერ  დარგულ იქნა 3.100 კაკლის ხე, რაც მეწყრული პროცესების შემცირების გარდა, ამ უკანასკნელთათვის დამატებით შემოსავლის წყაროდ შეიძლება იქცეს.  
 

ყველა ქმედება კოორდინირებულია სხვა სააგენტოებთან და სამინისტროებთან, რომლებიც ჩართულნი არიან კატასტროფების რისკის შემცირების საქმიანობებში ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე, რათა მოხდეს გამოცდილების, მასალებისა და ხელსაწყოების გაზიარება სამხრეთ კავკასიაში ბუნებრივ კატასტროფებზე უკეთესი რეაგირებისა და მზადყოფნისათვის.