:: English ::


2004-2005 წლის ანგარიში

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება უკვე მრავალი წელია საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებს გაჭირვებაში მყოფი ჩვენი მოქალაქეების დასახმარებლად.
`დავეხმაროთ გაჭირვებულ ადამიანებს საგანგებო სიტუაციებისა და სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში ჰუმანურობის ძალის მობილიზებით, და ამგვარად, მივმართოთ როგორც მატერიალური, ისე ადამიანური რესურსები პიროვნების სიცოცხლის და ღირსების დასაცავად" _ ეს ის ძირითადი მესიჯია, რომლითაც საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების თითოეული წევრი ხელმძღვანელობს თავისი საქმიანობის პროცესში.
მიუხედავად მრავალი დაბრკოლებისა, დონორების დაბალი აქტივობისა, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ცდილობს საზოგადოების დახმარების მაქსიმალურად გამჭირვალე და ეფექტური სისტემები შექმნას, მაქსიმალურად აამაღლოს ნდობა, როგორც ჩვენს საზოგადოებაში, ისე საერთაშორისო დონორების და წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის მოძრაობის თვალში. სწჯს მიზანია ჩამოყალიბდეს მაღალი კლასის ორგანიზაციად, რაც ცალსახად გაზრდის საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე თანამშრომლობებს, გაზრდის დაგეგმილი პროგრამების მასშტაბებს და, შესაბამისად, გაჭირვებაში მყოფ ჩვენს მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება სწჯს-ისაგან უფრო სრულყოფილი დახმარება მიიღოს.
მიუხედავად უამრავი სირთულისა, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისათვის 2004 წელი საკმაოდ ნაყოფიერი და წარმატებული იყო.
2004 წელს სწჯს-ს აქცენტი შემოსავლების მოსაზიდი მექანიზმების და სახსრების მოძრაობის არხების ჩამოყალიბებასა და სრულყოფაზე იყო ორიენტირებული, რასაც, ვფიქრობთ, წარმატებით გავართვით თავი და შედეგიც უახლოეს მომავალში გახდება თვალსაჩინო. 2005 წელი უკვე აღინიშნა დონორების გააქტიურებით, პროგრამების მასშტაბების გაზრდით და საზოგადოების ახალი წესდების მიღებით გენერალურ ასამბლეაზე.
სწჯს-ის მიერ 2004-2005 წელს განხორციელდა სახელმწიფო და საერთაშორისო დონორების მიერ დაფინასებული შემდეგი პროგრამები:

1. თემის თანამონაწილეობითი განვითარების (თთგ) პროგრამა
საქართველოს წითელი ჯვარი, როგორც საზოგადოებრივი ორგანიზაცია, უფრო ახლოს უნდა იდგეს იმ ადამიანებთან, ვის დახმარებასაც ცდილობს და ხელი შეუწყოს თემის თვითგანვითარების პროცესს. ამ მიმართულებით საზოგადოებამ დასახა სერიოზული პრიორიტეტი და 2004 წლის ივლისში დაიწყო თთგ პროგრამის განხორციელება წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის მხარდაჭერით ორ ადგილობრივ ფილიალში: გარდაბანი (ქვემო ქართლი) და ყვარელი (კახეთი) და 2005 წელს განავრცო განხორციელების არეალი სამ დამატებით ფილიალში: ხელვაჩაური, თელავი და ახალციხე.
ფილიალები შერჩეულ იქნა საერთაშორისო ფედერაციის მიერ, ეროვნულ საზოგადოებასთან ერთად, 2003 წელს ჩატარებული შეფასების შედეგად.
პროექტის განხორციელების პირველი ეტაპის დასრულების შედეგად შეიქმნა ორი ცენტრი გარდაბნისა და ყვარელის რაიონის მოსახლეობისათვის. გარადაბნის რაიონში `სოციალური ცენტრი", რომელიც განთავსდა ადგილობრივი ხელისუფლების მიერ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გამოყოფილ და გარემონტებულ ფართში, ხოლო საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ, საერთაშორისო ფედერაციასთან ერთად, მოახდინა სამედიცინო დაწესებულებებისათვის ექოსკოპიის, არტერიული სისხლის წნევის მზომი, სისხლში შაქრის შემცველობის მზომი და კარდიოგრაფიის აპარატების შეძენა.
ადგილობრივი ხელისუფლებისა და რაიონული საავადმყოფოს ძალისხმევით, ყვარელის რაიონში გამოიყო ფართი "სამედიცინო-დიაგნოსტიკური" მომსახურების ცენტრისათვის. საქართველოში შვეიცარიის განვითარებისა და ურთიერთანამშრომლობის სააგენტომ შეძლო მისი გარემონტება სამედიცინო დაწესებულებებისადმი წაყენებული სტანდარტების შესაბამისად, ხოლო ეროვნული საზოგადოების მიერ მოხდა ენდოკრინული დაავადებებისა და შინაგანი ორგანოების კვლევისათვის სამედიცინო აპარატურის შეძენა აღნიშნული ცენტრისათვის, რომელიც უფასოდ ემსახურება ყვარელის რაიონის მოსახლეობის დაუცველ ფენებს(კატეგორიები შერჩეულ იქნა ყვარელის რაიონის ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად).

2. მარტოხელა მოხუცებულთა სოციალური დახმარება ქ. ქუთაისში (მმსდქ)
პროგრამამ განხორციელება დაიწყო 2004 წლის 1 ნოემბრიდან დიდი ბრიტანეთის წითელი ჯვრის საზოგადოებასთან გაფორმებული გრანტის ხელშეკრულების ფარგლებში. პროგრამის ძირითადი მიზანია მარტოხელა მოხუცებულთა სოციალური დახმარების კომპლექსური ღონისძიებების ეფექტური წარმართვა.
2004 წელს პროგრამა მიზნად ისახავდა მოსამზადებელ საორგანიზაციო საქმიანობას, კერძოდ:

  •  შერჩეულ იქნა ორი ობიექტი ავტოქარხნისა და უქიმერიონის მუნიციპალური დაყოფის ტერიტორიაზე, გაფორმდა ხელშეკრულება პარტნიორ ორგანიზაციებთან, დაკომპლექტდა პროგრამის პერსონალი.
  •  მარტოხელა მოხუცებულთა სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლის მიზნით, მონახულებულ და აღრიცხულ იქნა 122 მარტოხელა, მათ შორის 17 არამობილური და 14 ნაკლებად მობილური.

3. საქართველოს წითელი ჯვრის სოციალური დახმარება თბილისში მცხოვრები მარტოხელა დაუცველი პენსიონერებისათვის.
2005 წელს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ დაიწყო მუნიციპალური პროექტის განხორციელება თბილისში მცხოვრები მარტოხელა პენსიონერების დახმარების მიზნით.
პროგრამა ფოკუსირებულია თბილისში მცხოვრებ 1500 უკიდურესად გაჭირვებულ მარტოხელა პენსიონერებზე.. ეს არის საცდელი პროექტი თანამომაწილეობითი ჰუმანიტარული დახმარების მიდგომის თვალსაზრისით.
პროექტის ამოცანაა 1500 მარტოხელა მოხუცი პენსიონერის ცხოვრების პირობების გაუმჯობესება ბინაზე მოვლის, ძირითადი საკვები და არსაკვები პროდუქტების მიწოდების, სოციალური მხარდაჭერისა და დაცვის უზრუნველყოფის საშუალებით.
აღნიშნული ამოცანის განხორციელებისათვის საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ შექმნა მოხალისეების ქსელი, რომელიც ბინაზე მომსახურებას უწევს 1500 უმწეო და სახლს მიჯაჭვულ მარტოხელა მოხუცს.
პროექტის ფარგლებში, დახმარების მიმღებს სთავაზობდნენ პროდუქტებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების ჩამონათვალს. პენსიონერებს შესაძლებლობა ეძლევათ საჭიროების მიხედვით გააკეთონ არჩევანი ამა თუ იმ დახმარებაზე. სწჯს, გარდა მატერიალური დახმარებისა, შეეცადა მარტოხელა პენსიონერებს საზოგადოებაში ინტეგრაციის თვალსაზრისითც დახმარებოდა. ხშირად ხანდაზმულები იზოლირებულად და მიტოვებულად გრძნობენ თავს. სწჯ საზოგადოების მოხალისეთა ქსელი აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებითაც.

4. სტიქიით დაზარალებულთა დახმარების პროგრამა
2005 საქართველოს მოსახლეობისათვის განსაკუთრებულად მძიმე გამოდგა კლიმატური პირობების თვალსაზრისით. მომხდარმა წყალდიდობებმა ქვეყანას უდიდესი მატერიალური ზიანი მიაყენა.
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას, 2005 წლის აპრილში ჩვენს ქვეყანაში მომხდარი წყალდიდობით დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად, ირანისა და თურქეთის წითელი ნახევრმთვარის საზოგადოებებმა დახმარების ხელი გამოუწოდეს. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ შეძლო ქვეყნის თითქმის მთელი ტერიტორია მოეცვა და მეზობელი ქვეყნებისაგან მიღებული ჰუმანიტარული დახმარება სტიქიით დაზარალებული ოჯახებისათვის გაენაწილებინა (იხ. დანართი ცხრილი # 1).
წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის მხარდაჭერით სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები დაურიგდათ სვანეთში 800 და ონში 950 დაზარალებულ ოჯახს. ასევე ახმეტასა და ხულოში გავრცელდა სასწავლო მასალები კატასტროფების დროს ჰიგიენის დაცვის საკითხებზე. ამავე პროგრამის ფარგლებში მოხდა წყლის მომარაგების სისტემის რეაბილიტაცია ონში.
ბრიტანულ ორგანიზაცია OXFAM-თან ერთად ხულოს რაიონში რეაბილიტაცია ჩაუტარდა სასმელი წყლისა და კანალიზაციის სისტემებს. ჩატარდა სემინარები და გავრცელდა ბუკლეტები კატასტროფების დროს ჰიგიენის დაცვის საკითხებზე.
გარდა სტიქიით დაზარალებული ოჯახებისა, სწჯს-ს ჰუმანიტარული დახმარება მიიღეს:
ქ.რუსთავში მცხოვრაბმა მრავალშვილიანმა ოჯახებმა და პირველი ჯგუფის უსინათლო პენსიონერებმა, სულ 400 ოჯახი, და ბორჯომისა და ახმეტის რაიონში იძულებით გადაადგილებულმა და უკან დაბრუნებულმა, ასევე სოციალურად დაუცველმა ოჯახებმა, სულ 956 ოჯახი.

დანართი ცხრილი #1
რაიონი ოჯახების რაოდენობა დახმარება

  1.  ქვემო ქართლი 111 ოჯახი საყოფაცხოვრებო,სასურსათო
  2. ლენტეხის რაიონი 89 ოჯახი სასურსათო
  3. მესტიის რაიონი 832 ოჯახი სასურსათო
  4. შიდა ქართლი 105 ოჯახი საყოფაცხოვრებო,სასურსათო
  5. დუშეთის რაიონი 135 ოჯახი საყოფაცხოვრებო,სასურსათო
  6. ფასანაურის საკრებულო 61 ოჯახი საყოფაცხოვრებო,სასურსათო
  7. ახმეტის რაიონი 450 ოჯახი საყოფაცხოვრებო,სასურსათო
  8. იმერეთის რეგიონი 22 ოჯახი საყოფაცხოვრებო,სასურსათო
  9. გურჯაანის რაიონი 30 ოჯახი საყოფაცხოვრებო,სასურსათო
  10. ტყიბული რაიონი 140 ოჯახი საყოფაცხოვრებო
  11. ხობის რაიონი 82 ოჯახი საყოფაცხოვრებო,სასურსათო
  12. ოზურგთის რაიონი 58 ოჯახი საყოფაცხოვრებო,სასურსათო
  13. ჩოხატაურის რაიონი 36 ოჯახი საყოფაცხოვრებო,სასურსათო
  14. ლენტეხის რაიონი 167 ოჯახი სასურსათო
  15. წალკის რაიონი 60 ოჯახი საყოფაცხოვრებო,სასურსათო
  16. წყალტუბოს რაიონი 50 ოჯახი სასურსათო
  17. დმანისის რაიონი 30 ოჯახი სასურსათო
  18. შუახევის რაიონი 240 ოჯახი სასურსათო
  19. ხულოს რაიონი 387 ოჯახი სასურსათო
  20. ხელვაჩაურის რაიონი 190 ოჯახი სასურსათო
  21. ქედის რაიონი 210 ოჯახი სასურსათო
  22. ქობულეთის რაიონი 69 ოჯახი სასურსათო
  23. აჭარის ა/რ 104 ოჯახი სასურსათო


5. ას წელს მიღწეულ მოქალაქეთა სამედიცინო-სოციალური პატრონაჟის პროგრამა.
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას და საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, პირველ ეტაპზე განხორციელდა ას წელს მიღწეულ მოქალაქეთა სამედიცინო-სოციალური პატრონაჟის კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურება 600 ბენეფიციარის მიმართ. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლებმა დაადგინეს 827 მოხუცებულის სია, რომელთაგან ცოცხალია და ასი წლის, ან მეტი ასაკისაა 557 პიროვნება. 50 ხანდაზმულს კი გაეწია უფასო სამედიცინო დახმარება შ.პ.ს. `სამკურნალო კომბინატში".

6. ორგანიზაციული განვითარების პროგრამა
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ ორგანიზაციული განვითარების პროგრამის ფარგლებში განაახლა მუშაობა ეროვნული საზოგადოების წესდებაზე, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის მინიმალურ საწესდებო მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის და ეროვნული საზოგადოების იურიდიული ბაზის გაძლიერების მიზნით.
2004 წელს მიღებულ იქნა ორწლიანი სტრატეგია 2004-2005 წლებისათვის, რაც რა თქმა უნდა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების სტრატეგიულ დაგეგმვაზე მომუშავე ჯგუფმა დაიწყო ოთხწლიანი სტრატეგიული გეგმის (2006-2009წწ.) პროექტის შემუშავება, რაც საშუალებას აძლევს ეროვნულ საზოგადოებას განსაზღვროს თავისი სტრატეგიული მიზნები და ამოცანები თანმიმდევრული წესით.

7. ცოდნის გავრცელების პროგრამა.
საქრთველოს წითელი ჯვრის საზოგადოება, ცოდნის გავრცელების პროგრამის ფარგლებში, რომელიც წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით მიმდინარეობს, საზოგადოებაში ავრცელებს ცოდნას წითელი ჯვრის შესახებ და, ამავე დროს, ხელს უწყობს მეგობრობის,ურთიერთპატივისცემის, ურთიერთდახმარების და ტოლერანტობის გაძლიერებას.